Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩატაევი თავისუფალია, გამოძიება გრძელდება


ახმედ ჩატაევი გირაოს სანაცვლოდ სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს.
ახმედ ჩატაევი გირაოს სანაცვლოდ სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს.
გულშემატკივრების მოლოდინი გამართლდა: 32 წლის ბრალდებული ახმედ ჩატაევი 6 დეკემბერს, 5-ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ, პირდაპირ სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს. თუკი მანამდე ბრალდების მხარე უარს ამბობდა ლოპოტის ხეობის სპეცოპერაციის დროს დაკავებული ჩეჩენის გათავისუფლებაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს (ხუთშაბათს) გამართულ სხდომაზე ბრალდებულის გირაოთი გათავისუფლების ინიციატივა თავად პროკურორისგან მოდიოდა. რატომ შეიცვალა ბრალდების მხარის პოზიცია ასე რადიკალურად და რას ამბობს თავად ახმედ ჩატაევი?

“ახლა მე ძალიან კარგად ვგრძნობ თავს”, - უთხრა სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლებულმა ახმედ ჩატაევმა ჟურნალისტებს და იქვე საგანგებო მადლობაც გადაიხადა მასთან დაკავშირებული საქმის სამართლიანად გაშუქებისთვის. ჩატაევს, რომლის დაკავების ცნობაც 8 სექტემბერს გავრცელდა, მალევე პროკურატურამ ასაფეთქებელი მოწყობილობის შეძენა-შენახვა-ტარებისთვის წაუყენა ბრალი. სისხლის სამართლის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით განსაზღვრული დანაშაული თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ითვალისწინებს, თუმცა ექსპერტიზა არ ჩატარებულა და, შესაბამისად, არ არსებობს დასკვნა, რომელიც დაადასტურებდა, რომ ამოღებული საბრძოლო მოწყობილობა სწორედ ლოპოტის ხეობის სპეცოპერაციის დროს დაკავებულ ახმედ ჩატაევს ეკუთვნოდა.
ჩეჩნებს დაველაპარაკე და როცა ინფორმაცია ქართულ მხარეს გადავეცი და პასუხს ველოდებოდი, მათგან პასუხი სროლის სახით მივიღე ...
ახმედ ჩატაევი

გირაოს წესით გათავისუფლება, ცხადია, სულაც არ ნიშნავს გათავისუფლებულის საბოლოო გამართლებას, მაგრამ ახმედ ჩატაევს თავი დამნაშავედ გამოძიების არც ერთ ეტაპზე არ უცვნია. ამბობს, რომ თბილისში იმყოფებოდა, როცა მას დასახმარებლად ქართველმა სამხედროებმა უხმეს, ისიც დათანხმდა, მაგრამ მერე მას უღალატეს. აქვე ვთქვათ, რომ, ჩატაევის ინფორმაციით, ჩეჩნეთის მეორე ომის შემდეგ, ეს იყო მისთვის ცნობილი პირველი შემთხვევა, როდესაც ჩეჩნების ჯგუფს საქართველოდან ჩეჩნეთში სურდა გადასვლა. ჩატაევი ჯერჯერობით არ გამოთქვამს საჯარო ვარაუდებს იმის შესახებ, თუ ვის და რატომ შეიძლებოდა დასჭირვებოდა მისი მოკვლა, მაგრამ მისთვის ცხადია, რომ ვიღაცას ეს უნდოდა:

”დამირეკეს ჩემი მეგობრის საშუალებით, რომ აღმოჩენილი იყო შეიარაღებული ჯგუფი და მე მოლაპარაკებები უნდა გამემართა, რათა ყველაფერი ბრძოლის გარეშე დასრულებულიყო. ჩეჩნებს დაველაპარაკე და როცა ინფორმაცია ქართულ მხარეს გადავეცი და პასუხს ველოდებოდი, მათგან პასუხი სროლის სახით მივიღე”.

მიუხედავად იმისა, რომ ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს მიღებული ჭრილობის გამო ქვედა კიდურის ამპუტირება დასჭირდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამადაც საკმაოდ მძიმეა, ჩატაევი გაბრაზებული არ არის საქართველოსა და ქართველ ხალხზე. ის ამბობს, რომ საჭიროა დაფიქრება და ბევრ რამეში მასაც ახლა, გათავისუფლების შემდეგ, მოუწევს გარკვევა. იმისათვის, რომ კვლავ არ დააკავონ, გამოძიების დასრულებამდე ახმედ ჩატაევს ეკრძალება მოწმეებზე ზემოქმედება, მტკიცებულებების განადგურება და საქართველოს დატოვება. აქვე ვთქვათ, რომ რუსეთის ფედერაციაში დაბადებულს, ავსტრიამ ლტოლვილის სტატუსი მიანიჭა და, როგორც თავად ამბობს, ვენაში მას საკუთარი ბიზნესი აქვს პატარა მაღაზიის სახით. საქართველოში დარჩენა მას შეუძლია პანკისის ხეობის სოფელ დუისში, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობს.

რატომ გაათავისუფლეს ახმედ ჩატაევი?
ეს ინფორმაცია ცნობილი იყო პროკურატურისთვის, თუმცა რატომღაც თავს იკავებდა, აჭიანურებდა საქმეს ...
ნინო ანდრიაშვილი

პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობას, პროკურორ ელიზბარ გოზალიშვილის განმარტებით, ახალი გარემოებების აღმოჩენა უდევს საფუძვლად. საუბარია პროკურატურაში მიმდინარე კიდევ ერთ საგამოძიებო პროცესზე, რომლის შედეგებმაც შესაძლოა ეჭვქვეშ დააყენოს მტკიცებულებათა მოპოვების კანონიერება. გამოძიება პროკურატურამ დაცვის მხარის მიერ 25 ოქტომბერს შეტანილი განცხადების საფუძველზე დაიწყო. დაცვის მხარემ ყურადსაღებად მიიჩნია ის ფაქტი, რომ მედიის წარმომადგენლებთან პირად საუბრებში მთავარმა მოწმეებმა - მესაზღვრეებმა - უარყვეს თავდაპირველად მიცემული ჩვენებები, თითქოს ჩატაევი დაკავებისას შეიარაღებული იყო. წინასწარი ინფორმაციით, მესაზღვრეებმა იგივე უთხრეს პროკურატურასაც. ჩატაევის ადვოკატის, ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლის ნინო ანდრიაშვილის ინფორმაციით, პროკურატურა ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ საქმეში ახალი გარემოებები ახლახან აღმოაჩინა:

”თვითონ ახმედ ჩატაევი და ის მესაზღვრეები უკვე კარგა ხანია დაკითხულები არიან და ბოლო ორი სასამართლო სხდომის განმავლობაში ეს ინფორმაცია ცნობილი იყო პროკურატურისთვის, თუმცა რატომღაც თავს იკავებდა, აჭიანურებდა საქმეს.”

რეალური იმედი იმისა, რომ ახმედ ჩატაევს 6 დეკემბრის სხდომაზე გაათავისუფლებდნენ, 4 დეკემბერს გაჩნდა, სწორედ იმ დღეს, როდესაც პანკისის ხეობაში მცხოვრებმა ჩეჩნებმა აქცია გამართეს იუსტიციის სამინისტროს შენობის წინ. შემდეგ მათ მინისტრი თეა წულუკიანი შეხვდა და საქმის ობიექტურად გამოძიების პირობა მისცა. პარალელურად, იმ დღეს კომენტარი გააკეთა მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა და აღნიშნა, რომ პროკურატურის პოზიცია, ”რაც დაფიქსირდება სასამართლო პროცესზე”, შეკითხვებს არავის დაუტოვებს. ახმედ ჩატაევის დაცვის მხარე და მისი გულშემატკივრები დარწმუნებული არიან, რომ პროცესის სამართლიანად წარმართვაში განსაკუთრებული როლი საზოგადოების აქტიურობამ შეასრულა.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG