Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოქალაქეებს სურთ, რომ ალტერნატიული არხები არჩევნების შემდეგაც დარჩეს


2012 წლის საპარლამენტო არჩევნების თარიღის გამოცხადებიდან მეოთხე დღეს ზუგდიდში მოქმედმა ერთადერთმა საკაბელო ოპერატორმაკომპანიამ თავის 300–მდე აბონენტს დამატებით ის ქართული არხები შესთავაზა, რომლებიც ადრე მათთვის მიუწვდომელი იყო.

ოპერატორი კომპანიის მიერ განხორციელებული ცვლილება “მასტ ქერის” პრინციპს უკავშირდება, რომელიც, „საარჩევნო კოდექსში“ შესული ცვლილებების თანახმად, საკაბელო კომპანიებს არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების დღემდე სამაუწყებლო ბადეში ყველა ტელეარხის ჩართვას ავალდებულებს.
ტელე–რადიო კომპანია „ოდიშის“ მფლობელობაში არსებული ზუგდიდის ერთადერთი საკაბელო მაუწყებელი 2004 წლიდან ფუნქციონირებს და მისი მომსახურება თვეში 12 ლარს შეადგენს. „ოდიშის“ გენერალური დირექტორის დავით გრიგოლიას განცხადებით, 4 აგვისტოს ჩართული ხუთი ახალი ქართული არხი ხელმისაწვდომია მხოლოდ ქალაქში მცხოვრები აბონენტებისთვის:

„ჩაირთო ხუთი არხი: „TV-9“, „მაესტრო“, „რეალ ტვ“, ბათუმის „25–არხი“ და „რუსთავი 2“–ის დანამატი. თუკი ვინმე მოგვმართავს კიდევ სურვილით, მზად ვართ, რომ ჩავრთოთ. აბონენტი ბევრი გვყავს, მაგრამ ჩართული აქვს 300-მდე აბონენტს. ჩვენ ვფარავთ მარტო ქალაქს", - განაცხადა დავით გრიგოლიამ.
რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებიც „მრავალარხიანი ტელეკომპანიის“ აბონენტები არ არიან, შესაძლებლობა აქვთ ზემოხსენებული არხები სატელიტური თეფშების საშუალებით ნახონ.

თბილისში რომ ჩავდიოდი, სულ ამ არხებს ვუყურებდი, სიმართლეს ამ არხებიდან თუ გაიგებ ...

ხელოსანი ალიკო გულავა, რომელიც სატელიტურ თეფშებს რამდენიმე წელია ამონტაჟებს, რადიო თავისუფლებას უყვება, რომ მოქალაქეს ერთი სატელიტური თეფშის მონტაჟი საშუალოდ 100 ლარი დაუჯდება. მისივე განმარტებით, ამ თანხაში შედის თეფშის, მონტაჟისა და სხვა ტექნიკურად საჭირო აპარატურის ღირებულება. ალიკო გულავას თქმით, მასთან ახლა მომხმარებლები თეფშების დამონტაჟების თხოვნით იშვიათად მიდიან:

„უამინდობის გამო იწვება ძალიან ბევრი აპარატი და ძირითადად ამაზე ვმუშაობ, სატელიტური თეფშების მონტაჟი ახლა ყველამ ისწავლა, ბავშვებიც კი ამონტაჟებენ. ეს შეკეთება ვერ ისწავლეს. ამას მე ვაკეთებ", - ამბობს ალიკო გულავა.

რადიო თავისუფლების მიერ ზუგდიდის ქუჩებში გამოკითხულ მოქალაქეებს სურვილი აქვთ ახალი ქართული არხები არჩევნების შემდეგაც ხელმისაწვდომი იყოს, რადგან, მათი თქმით, ტელე-არხები სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების საკუთრებაა. შესაბამისად, რესპონდენტებს მიაჩნიათ, რომ ახალი არხების ჩართვის შემდეგ ისინი მეტად ინფორმირებულები იქნებიან:
"იყოს, ძალიან კარგი არხებია. მე სულ ამ არხებს - „მაესტროს“ და „მე–9 არხს“ -ვუყურებ.“

აუცილებელია ეს არხები დარჩეს. მარტო ერთი პარტიის აზრი კი არ უნდა იყოს გასაგები, სხვა პარტიების აზრიც იყოს და მერე ჩვენ ავირჩევთ, რომელია მისაღები და რომელი არა ...

„თბილისში რომ ჩავდიოდი, სულ ამ არხებს ვუყურებდი, სიმართლეს ამ არხებიდან თუ გაიგებ. აბა, „რუსთავი 2“– დან სიმართლეს ამოჭრიან და გაუშვებენ რაღაცას.“

„სურვილი მაქვს, რომ მქონდეს და ვუყურო ამ არხებს, ბევრი ინფორმაცია მოდის. მაინტერესებს, რა ხდება. ყველანაირი ცხოვრება მაინტერესებს.“
„’მე–9 არხი’ და „მაესტრო“ დაემატა. არის კიდევ სხვა არხიც, მაგრამ კარგად არ უჩვენებს. ყველა არხს ვუყურებ. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან - ზოგს ერთი პოზიცია უჭირავს, ზოგს მეორე. ვის რა პოზიცია უჭირავს, იმის მიხედვით უყურებენ არხებს. დარჩებოდეს, უკეთესია, უფრო ბევრს გავიგებ.“
„ოპოზიციური არხები, რაც სურთ, იმას აჩვენებენ. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომელია ოპოზიციური პარტიები....“

„აუცილებელია ეს არხები დარჩეს. მარტო ერთი პარტიის აზრი კი არ უნდა იყოს გასაგები, სხვა პარტიების აზრიც იყოს და მერე ჩვენ ავირჩევთ, რომელია მისაღები და რომელი არა“, – ამბობენ მოქალაქეები.

რადიო თავისუფლების კითხვაზე, მოქალაქეთა სურვილის შემთხვევაში დატოვებს თუ არა დამატებულ ხუთ ქართულ არხს ზუგდიდში მოქმედი საკაბელო ოპერატორი, დავით გრიგოლიამ განაცხადა, რომ ქსელში ჩართვის მსურველებს მათთვის ჯერ არ მიუმართავთ, რაც, მისი ვარაუდით, იმის ნიშანია, რომ მოქალაქეებს დამატებით არხების ჩართვის სურვილი არ აქვთ.
ცნობისთვის: 4 აგვისტომდე სამეგრელოში მცხოვრებთა დიდი ნაწილისთვის ქართული არხებიდან მხოლოდ "იმედი", რუსთავი 2", "საზოგადოებრივი მაუწყებელი", "მე-2 არხი", "აჭარის ტელევიზია" და ადგილობრივი ტელეარხი "ოდიში" იყო ხელმისაწვდომი.
XS
SM
MD
LG