Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბავშვებისთვის შესრულებული და ბავშვების მიერ აღქმული კლასიკური მუსიკა


ამ კვირაში საქართველოში პირველი ფრანგული კვირეული გაიხსნა. კვირეული სამი ძირითადი მიმართულებისგან შედგება - ბიზნესი, კულტურა და კულინარია. ფრანგული მუსიკის დღეს ფრანგულ-ქართული სკოლა უკვე მეოთხედ აღნიშნავს. სანტ ეგზიუპერის სახელობის სკოლის მოსწავლეები წელსაც გამოეხმაურნენ ფრანგული მუსიკის დღეს. მუსიკას მიეძღვნა მათი ნახატებიც. ხელოვნების ცენტრ ”მუზაში” სხვადასხვა სივრცეში ხელოვნების სხვადასხვა სფერო იყო წარმოდგენილი. სკოლის მოსწავლეებისთვის არიები სხვადასვა კლასიკური ოპერებიდან სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტებმა, გულიკო კარიაულის კლასის შეგირდებმა შეასრულეს.

პუჩინის ”ტოსკადან” კავარადოსის არია, კონცერტმაისტერ ხათუნა ლოლოძის აკომპანემენტით, კონსერვატორიის მაგისტრატურის სტუდენტმა, ტენორმა ოთარ ჯორჯიკიამ შეასრულა. მათი აუდიტორია რობერტ შუმანის სახელობის ევროპული სასწავლებლის მოსწავლეები და მოწვეული სტუმრები არიან. ასე დაიწყო ფრანგული მუსიკის დღის აღნიშვნა ცენტრ ”მუზის” საკონცერტო დარბაზში. ოთარი ამბობს, რომ ბავშვებისთვის შესრულებული საოპერო ნაწარმოები სულ სხვა დატვირთვისაა:

” როცა ცოცხლად უყურებ და შენ თვითონ ხარ ჩართული ამ სიტუაციაში, სულ სხვა არის. როცა ტელევიზორში უყურებ, შეგიძლია ტელევიზორი გადართო და აქ როცა ზიხარ, ძალაუნებურა უნდა მოისმინო და შეიძლება მოგეწონოს კიდეც და, ამ მხრივ, მართლაც, საინტერესოა ბავშვებისთვის.”

გამოსახეს სწორედ ის ბგერები, ის ემოცია, რაც შეექმნათ მუსიკის მოსმენის დროს, როგორ ფერს ხედავენ ამ დროს ...
ია კოჩინაშვილი

სცენაზე კონსერვატორიის სტუდენტებს პატარა ბალერინები ცვლიან, დაფარფატებენ სცენაზე, ცდილობენ უშეცდომოდ, სხეულის მთელი პლასტიკური შესაძლებლობები გამოიყენონ ბალეტ ”ანიუტადან” ვალსის შესრულებისას. ზედმეტი მონდომებისა და დაძაბულობის გამო, ზოგი ხანდახან ბორძიკობს კიდეც, მაგრამ მაინც მსუბუქად აგრძელებს ცეკვას. კულისებში გამოქცეულები კი, რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ მხოლოდ ბალერინები კი არა, მხატვრებიც არიან:

” მე დავხატე ბალეტის მოცეკვავე გოგო და ბიჭი და კაფე.”

”მე კლოუნები, მაიმუნი და ფიგურები დავხატე.”

ამ პატარა ბალერინა-მხატვრების გარდა, საგამოფენო სივრცეში მუსიკასთან დაკავშირებული ექსპოზიციაც გამოიფინა. ია კოჩინაშვილი, სანტ ეგზიუპერის სახელობის სკოლის ხატვის მასწავლებელი, ნახატების შინაარსზე გვესაუბრება - ამბობს, იმისათვის, რომ პატარა მხატვრებს თავისებურად აღქმული მუსიკა გუაშისა და აკვარელის გამოყენებით ტილოზე გადმოეტანათ, წინასწარ მელოდიებს ვასმენინებდითო. ასე შეიქმნა კუბისტური ნამუშევრები, ათასგვარ ფერში გაბნეული ნოტებით.

” გამოსახეს სწორედ ის ბგერები, ის ემოცია, რაც შეექმნათ მუსიკის მოსმენის დროს, როგორ ფერს ხედავენ ამ დროს”,- ამბობს ხატვის მასწავლებელი ია კოჩინაშვილი.

საგამოფენო დარბაზის სიახლოვეს ქართული ხალხური მუსიკის ხმა ისმის. მრავალჟამიერს მღერიან. 21 ივნისს მუსიკა იყო გამოხატვის ობიექტიც და საშუალებაც. საქართველოში საფრანგეთის ელჩის მრჩეველი თანამშრომლობისა და კულტურულ ღონისძიებათა საკითხებში ჟილ კარასო აკორდეონზე შესრულებულ ფრანგულ ჰანგებს უსმენს, რომელსაც ღია ცის ქვეშ გაშლილ სუფრებს შორის მოსიარულე მუსიკოსი უკრავს. ჟილ კარასო რადიო თავისუფლებას ეუბნება:

”მინდა ფრანგი ფილოსოფოსის, ვლადიმერ იანკელევიჩის სიტყვები მოვიყვანო. მან თქვა: ჩვენ, რა თქმა უნდა, შეგვეძლო გვეცხოვრა ფილოსოფიისა და მუსიკის გარეშე, მაგრამ ეს ნაკლებად კარგი ცხოვრება იქნებოდაო.”

სხვადასხვა ჟანრის, უმთავრესად კი, კლასიკური მუსიკა იმ დღეს ხელოვნების ცენტრ ”მუზაში” გვიანობამდე ისმოდა.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG