Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” დაფუძნებულია


21 აპრილს ოფიციალურად დაფუძნდა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პარტია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო”. ახალ პარტიას პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილების დამტკიცებამდე, რომელიც ივანიშვილს პოლიტიკური აქტივობის უფლებას მისცემს, ყრილობის 1109 დელეგატის გადაწყვეტილებით, ადვოკატი მანანა კობახიძე უხელმძღვანელებს. ექსპო-ჯორჯიას მე-11 პავილიონში გამართულ ყრილობაზე, რომელიც ორ საათს გაგრძელდა, დაამტკიცეს ახალი პარტიის წესდება, აირჩიეს პოლიტიკური საბჭო, ხოლო ”ქართული ოცნების” დეკლარაცია ყრილობის ბოლოს თავად ბიძინა ივანიშვილმა წაიკითხა.

ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელ ყრილობაზე წარდგა როგორც კოალიცია ”ქართული ოცნების“ ლიდერი. იმის გამო, რომ ის ჯერჯერობით არ არის საქართველოს მოქალაქე, კანონმდებლობით პარტიის თავმჯდომარეობის უფლება არ ჰქონდა. როგორც ყრილობაზე აღინიშნა, სწორედ ამ მიზეზით, პარტია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის პოსტს ადვოკატი მანანა კობახიძე დაიკავებს და ის გაუძღვება პარტიის საქმიანობას მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება.

დავაზღვევთ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და ყველას ექნება საბაზისო დასაზღვევი პაკეტი და ის იქნება უფრო ფართო, ვიდრე ხელისუფლება სთავაზობს დღეს ყოველ მეორეს ...
ბიძინა ივანიშვილი

„ქართული ოცნების“ წესდების, პოლიტიკური საბჭოს დამტკიცების და სხვა პროცედურული საკითხების შემდეგ, რაც დაახლოებით საათ-ნახევარს გაგრძელდა, ყრილობის 1109 მონაწილეს თავად ბიძინა ივანიშვილმაც მიმართა. მან თავისი გამოსვლა დაიწყო სიტყვებით, რომ „ქართული ოცნება“ აუცილებლად მოიგებს საპარლამენტო არჩევნებს შემოდგომაზე, შემდეგ კი ”ქართული ოცნების” დეკლარაცია წაიკითხა, რომელშიც არა მხოლოდ საქართველოში შექმნილ ვითარებაზეა საუბარი, არამედ პარტიის მიზნებსა და კონკრეტულ ინიციატივებზე. უახლოესი პერიოდის ამოცანად ივანიშვილი ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ასახელებს. უფრო ზოგად მიზნებს შორისაა ქვეყანაში ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების მექანიზმის ამოქმედება, ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროცესებში საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა, ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, ურთიერთობის ნორმალიზება რუსეთთან და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.

ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჯანდაცვისა და სოციალურ, ასევე სოფლის მეურნეობის სფეროებში გასატარებელ ღონისძიებებზეც ილაპარაკა:

”დავაზღვევთ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და ყველას ექნება საბაზისო დასაზღვევი პაკეტი და ის იქნება უფრო ფართო, ვიდრე ხელისუფლება სთავაზობს დღეს ყოველ მეორეს. აუცილებელია შემწეობის მიმღები ყველა კატეგორიის მოქალაქისათვის გამოყოფილი საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარებისა და სახელმწიფო რესურსების მართვის კოორდინაცია. ასევე დღესვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაწესდება დაუბეგრავი მინიმუმი, რომელიც საარსებო მინიმუმს გაუტოლდება, რაც ნიშნავს, რომ ადამიანები, რომლების შემოსავალიც საარსებო მინიმუმის ტოლია, საერთოდ არ დაიბეგრებიან საშემოსავლო გადასახადით, ხოლო ყველა დანარჩენს დასაბეგრი თანხა შეუმცირდება. სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარება ინვესტიციების მოზიდვითაა შესაძლებელი, მათ შორის - მნიშვნელოვანი მოცულობის საბიუჯეტო რესურსების გამოყენებით. მხარი უნდა დავუჭიროთ საქართველოს პატრიარქის წინადადებას მოტივირებული და ორგანიზებული მეურნეობებისათვის საეკლესიო მიწების გადაცემის შესახებ.”

ყრილობაზე ოფიციალურად დამტკიცდა პარტიის სიმბოლიკა: ლურჯი დროშა; პარტიის ლოგო: ოქროსფერი მზე - შუაში შვიდქიმიანი ვარსკვლავითა და წარწერით ”ქართული ოცნება”; აირჩა 11 ადამიანისგან შემდგარი პოლიტიკური საბჭო, რომელშიც შევიდნენ: ავდალიანი, ზურაბ აზმაიფარაშვილი, ივანე კიღურაძე, გუგული მაღრაძე, ირაკლი სესიაშვილი, გურამ ოდიშარია, სოზარ სუბარი, ელისო ჩაფიძე, ნოდარ ხადური, გელა ხვედელიძე და თედო ჯაფარიძე. ”ქართული ოცნების” დაფუძნება კოალიციის ერთ-ერთი წევრი პარტიის - ”თავისუფალი დემოკრატების” - ლიდერმა ირაკლი ალასანიამ შეაფასა როგორც ძლიერი პოლიტიკური მოთამაშის შემოსვლა ქართულ პოლიტიკაში და ძლიერი პარტნიორისა -კოალიციაში.

საქართველოს მიეცა შესაძლებლობა, რადიკალურად შეიცვალოს აქ პოლიტიკური ვითარება. გაიშლება, ალბათ, ძალიან ფართო ბრძოლა ...
შესამჩნევად საზეიმო იყო ყრილობის დელეგატების განწყობა. დარბაზის ერთ მხარეს ისხდნენ დელეგატები თბილისიდან, მეორე მხარეს კი - რეგიონებიდან ჩამოსული აქტივისტები. რადიო თავისუფლების კითხვაზე, თუ რას ელიან ამ პოლიტიკური ძალისგან, ისინი აცხადებდნენ, რომ ეს პოლიტიკური ძალა ქვეყანაში სამართლიანობას აღადგენს. ასე ფიქრობენ, მაგალითად, „ქართული ოცნების“ ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელი კოტე შარაშენიძე და ბათუმის საინიციატივო ჯგუფის წევრი მედეა ვასაძე:

”სრულიად განსხვავებული ხედვის და ღირებულებების, საქართველოს მომავლისათვის აუცილებელი პარტია იქმნება.”

”საქართველოს მიეცა შესაძლებლობა, რადიკალურად შეიცვალოს აქ პოლიტიკური ვითარება. გაიშლება, ალბათ, ძალიან ფართო ბრძოლა, რადგან მე მაინც მგონია, რომ ეს ბრძოლაა თავისუფლებისთვის, ღირსებისთვის, სამართლიანობისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის..."
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG