Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ჯანდაცვის მუნიციპალური პროგრამების თანხები გაიზარდა


ქუთაისი
ქუთაისი
ჯანდაცვის მუნიციპალური პროგრამები ქუთაისის ბიუჯეტიდან მიმდინარე წელს 662 ათასი ლარით ფინანსდება. როგორც მერიაში განმარტავენ, ერთჯერადი სამედიცინო დახმარების ლიმიტი, გასულ წელთან შედარებით, 700 ლარიდან 1000 ლარამდე გაიზარდა და მედიკამენტების შესაძენად 100 ლარიანი დახმარება გაორმაგდა სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის. ქუთაისის საკრებულოს წევრის, საქართველოს ექიმთა ასოციაციის ქუთაისისა და იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილის დავით გოგისვანიძის თქმით, გასულ წლებთან შედარებით, მაინცდამაინც საგრძნობლად არ გაზრდილა იმ მოქალაქეთა რიცხვი, ვინც მათგან სამედიცინო მომსახურების მიღებასა და მედიკამენტების შეძენაში დახმარებას ითხოვს. მისივე განმარტებით, მსურველს შეუძლია განცხადებით მიმართოს მერიის შესაბამის სამსახურს და, სამედიცინო მომსახურების ხარჯთაღრიცხვის წარდგენის შემთხვევაში, სამედიცინო დაწესებულებას თანხა ჩაერიცხება. ბენეფიციარს ასევე საშუალება აქვს თავად აირჩიოს სასურველი აფთიაქი წამლების შესაძენად.

სოციალურად დუცველი მოსახლეობის ნაწილი მერიის მიერ მედიკამენტების შესაძენად გამოყოფილ ერთჯერად დახმარებას არასაკმარისად მიიჩნევს. რადიო თავისუფლების რესპონდენტმა იანა ტურაბელიძემ გასულ თვეში მედიკამენტოზური პროგრამის 200 ლარიანი დახმარება მიიღო და, როგორც თავად ამბობს, ის და მისი ოჯახის წევრები შეძენილი წამლებით მხოლოდ ერთ თვეს იმკურნალებენ.

იანა ტურაბელიძე ფიქრობს, რომ აუცილებელია სამედიცინო მომსახურება ხელმისაწვდომი გახდეს პენსიონერებისა და სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის, მთავრობის ინიციატივით მიმდინარე წლის სექტემბრიდან პენსიონერთა დაზღვევა კი, მისი აზრით, საუკეთესო გამოსავალი არაა.
თავის მხრივ, ადგილობრივ ხელისუფლებაში მიაჩნიათ, რომ ქუთაისში ორი რაფერალური სამედიცინო კლინიკის მშენებლობა სამედიცინო მომსახურების ხარისხს გააუმჯობესებს და, ამასთანავე, ყველა ასაკის პაციენტისთვის ხელმისაწვდომს გახდის.
XS
SM
MD
LG