Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ქართული ოცნების” კიდევ ერთი განცხადება შეიარაღებულ ფორმირებებზე


მაია ფანჯიკიძე
მაია ფანჯიკიძე
დასავლეთ საქართველოში შეიარაღებული ფორმირებების შექმნის საკითხზე კოალიცია ”ქართული ოცნება” 26 მარტს მორიგ განცხადებას აქვეყნებს. განცხადებაში ჩამოთვლილია ფაქტები, რომლებიც, ”ქართული ოცნების” მტკიცებით, იმაზე მიუთითებს, რომ ხელისუფლება ნამდვილად გეგმავს ზუგდიდში შეიარაღებული ფორმირებების ჩამოყალიბებას.

ერთ-ერთი ძირითადი არგუმენტი, რომელზეც განცხადებაშია საუბარი, რეზერვის შესახებ კანონში ცვლილებების საკითხს შეეხება.

”ალასანიას პირველივე განცხადებისთანავე, რომელიც მან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან გააკეთა და ამით საქმის კურსში ჩააყენა საერთაშორისო საზოგადოება, ხელისუფლებამ დაიწყო რეზერვისტების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება. კერძოდ, მუშავდება ნებაყოფლობითი რეზერვის კონცეფცია, რითიც ხელისუფლება ცდილობს დააკანონოს რეალობა, დააკანონოს უკანონობა და კანონიერი საფუძველი შეიქმნას ალასანიას მიერ განცხადებული ფაქტების საპასუხოდ”, - აღნიშნავს ”ქართული ოცნების” პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე.
უნდა გადაამოწმო ის, რაც ჭკუასთან ახლოს არის და მასში რაღაც ლოგიკა დევს. რა უნდა გადავამოწმოთ? სამწუხაროდ, ეგეთი პასუხი უნდა გაგცეთ: თვითონ ის დოკუმენტია სისულელე...
ბათუ ქუთელია

განცხადებაში კი, რომელიც სწორედ მან გააცნო მედიასაშუალებებს, განმარტებულია, რომ, ”რეზერვის შესახებ” საქართველოს მოქმედი კანონით, სარეზერვო სამსახურში არ მიიღებიან მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი პირები. ასეთი პირები კი აღმოჩნდნენ იმ სიაში, რომელიც, შეიარაღებული ფორმირებების დისლოკაციის სავარაუდო ადგილების მითითებით, ”თავისუფალ დემოკრატთა” ლიდერმა უშიშროების საბჭოს 20 მარტს გადასცა. საბჭომ დოკუმენტი, ისე რომ არც კი გადაუმოწმებია, 23 მარტს სრული სახით საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა, ამ დოკუმენტის თანდართულ განცხადებაში კი აღნიშნა, რომ მოწოდებული მასალა არ შეიცავს ღირებულ ინფორმაციას. ჩვენთან საუბარში იგივე დაადასტურა საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ:

”გვარები და სახელებია და ეგეთი გვარი და სახელი ბევრია. ზოგიერთი გვარი და სახელი არის მოქმედი სამხედრო პოლიციელის. მეტი იქ არაფერი გადასამოწმებელიც არ არის. უნდა გადაამოწმო ის, რაც ჭკუასთან ახლოს არის და მასში რაღაც ლოგიკა დევს. რა უნდა გადავამოწმოთ? სამწუხაროდ, ეგეთი პასუხი უნდა გაგცეთ: თვითონ ის დოკუმენტია სისულელე.”

”ქართული ოცნება” კი ვარაუდობს, რომ, სახელმწიფოს მხრიდან შეიარაღებული ფორმირებების შექმნის უარყოფის მიუხედავად, ხელისუფლება ცდილობს სამეგრელოში არსებულ უკანონო სამხედრო ჯგუფებს რეზერვისტების სახელი მიანიჭოს.
ჩვენ ვცდილობთ ადგილებზე, რეგიონებში, ხალხს ავუხსნათ და ვასწავლოთ ის ელემენტარული, რაც საჭირო იქნება მტრის აგრესიის შემთხვევაში, რათა კოორდინირებულად დაეხმარონ შეიარაღებულ ძალებს...
ნოდარ ხარშილაძე

სამხედრო რეზერვის კონცეფციის თანახმად, რომელიც დასრულებულ სახეს დაახლოებით ერთ თვეში მიიღებს, იქმნება აქტიური - ანუ საარმიო და რეზერვის მხარდამჭერი - კომპონენტები. აქტიური რეზერვი ყოფილი სამხედრო მოსამსახურეებისგან დაკომპლექტდება, ხოლო ნებაყოფლობითი რეზერვი - სამხედრო გამოცდილების არმქონე მოქალაქეებისგან. ნებაყოფლობითი სამხედრო რეზერვის საფარქვეშ უკანონო ფორმირებების შექმნას უარყოფს რეზერვის კონცეფციის ერთ-ერთი ავტორი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნოდარ ხარშილაძე:

”ნებაყოფლობითი ტერიტორიული რეზერვის ფუნქცია არ არის სამხედრო ფუნქცია. ეს არის მხარდაჭერის ფუნქცია. ჩვენ ვცდილობთ ადგილებზე, რეგიონებში, ხალხს ავუხსნათ და ვასწავლოთ ის ელემენტარული, რაც საჭირო იქნება მტრის აგრესიის შემთხვევაში, რათა კოორდინირებულად დაეხმარონ შეიარაღებულ ძალებს და მის აქტიურ კომპონენტს ქვეყნის თავდაცვაში.”

კიდევ ერთი ბრალდება კი, რომელიც 26 მარტს ”ქართული ოცნების” მხრიდან ხელისუფლების მისამართით გაისმა, ზუგდიდში პარტია ”თავისუფალი დემოკრატების” წევრის, სერგო ჩაჩიბაიას დაკავებას შეეხება.

”ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი ვიფიქროთ, რომ ეს დაკავებაც კავშირშია ალასანიას განცხადებასთან, რადგანაც, სავარაუდოდ, ხელისუფლება ფიქრობს, რომ ალასანიას მიერ მოპოვებული ინფორმაციის წყარო არის სწორედ სერგო ჩაჩიბაია”, - განმარტავს კვლავ მაია ფანჯიკიძე. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი კი ბრალდების პასუხად ამბობს:

”ინფორმაცია სერიოზული არ არის. ეს არის ყურით მოთრეული ფაქტები, რომელთაც არ შეიძლება სერიოზული წყარო ჰყავდეს და, მით უმეტეს, ამის გამო ადამიანის დაჭერა სრულიად წარმოუდგენელი ამბავია.”

შოთა უტიაშვილის ინფორმაციით, სერგო ჩაჩიბაია ჩხუბის გამო დააკავეს.
”თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი კი, ირაკლი ჩიქოვანი, ამტკიცებს, რომ იგი პროვოკაციის მსხვერპლი გახდა:
ირაკლი ჩიქოვანი
ირაკლი ჩიქოვანი

”სავსებით ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო ვითარებაში, საკუთარი მანქანა ჰყავდა მიყვანილი შესაკეთებლად და მასთან მივიდა უცნობი ახალგაზრდა, გამოელაპარაკა და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შეაგინა. სერგო მიხვდა, რომ ეს იყო პროვოკაცია, ხმაც კი არ გაუცია მისთვის საპასუხოდ და იქ სხვა ადამიანებმა გაარიდეს ეს კაცი. ”შემთხვევით” იქ აღმოჩნდა პოლიცია, ორი ეკიპაჟი. ერთმა ის ადამიანი წაიყვანა, მეორემ კი სერგო.”

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, სერგო ჩაჩიბაიას ბრალს პოლიციის თანამშრომლებისათვის წინააღმდეგობის გაწევის გამო წაუყენებენ.
XS
SM
MD
LG