Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამოქალაქო მონიტორები კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის ხარვეზებზე საუბრობენ


მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია
მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია
არასამთავრობო სექტორი შეფასებას აძლევს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობას. მონიტორინგის შედეგად, რომელიც ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ დაფინანსებით ჩაატარა, არაერთი დარღვევა იქნა აღმოჩენილი. მათ შორის არის მაუწყებლობის ლიცენზიების გაცემის უკანონოდ შეზღუდვა, კომისიის თავმჯდომარის ინტერესთა კონფლიქტი და სხვა. როგორ რეაგირებს შენიშვნებზე კომუნიკაციების ეროვნული კომისია?

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მონიტორინგის ფარგლებში, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა სატელევიზიო მაუწყებლობისა და მაუწყებლობის ტრანზიტის განმახორციელებელი პირების შესახებ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეისწავლეს. მონიტორინგის შედეგად ანგარიშის ავტორებმა დაადგინეს, რომ საქართველოს კანონმდებლობა შეიცავს კომისიის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მექანიზმებს, რაც სატელევიზიო მედიის ბაზრის მიუკერძოებელი რეგულირების შესაძლებლობას იძლევა, თუმცა ასევე გამოვლინდა მთელი რიგი საკითხები, რომლებიც, ანგარიშის ავტორთა განმარტებით, აუცილებლად საჭიროებს რეაგირებას. მათ შორის პირველია მედიაპლურალიზმთან დაკავშირებული პრობლემები.

კომისიის საქმიანობის ანალიზით დადგინდა, რომ კომისიის ქმედებების შედეგად 2008 წლის მაისიდან საქართველოში 3 წელზე მეტი ვადით შეჩერდა მაუწყებლობის ლიცენზიების გაცემა, რითაც ხელი შეეშალა ქვეყანაში ახალი სამაუწყებლო კომპანიების შექმნასა და განვითარებას. კომისიის განმარტების თანახმად, ამის მიზეზი მაუწყებლობის პრიორიტეტთა მოქმედების ვადის გასვლაა. ეს არგუმენტი მიუღებელია ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის დირექტორის ლევან დოლიძისთვის.
ლევან დოლიძე
ლევან დოლიძე
”საქართევლოს კანონმდებლობის თანახმად, მაუწყებლობის პრიორიტეტების დადგენა ორ წელიწადში ერთხელ თავად კომისიის ვალდებულებაა და, როგორც თავად კომისიის გადაწყვეტილებები ადასტურებს, 2004 წლიდან 2011 წლის აპრილამდე კომისიას ეს ვალდებულება არ შეუსრულებია, რაც ნიშნავს იმას, რომ კომისიამ მაუწყებლობის ლიცენზირება შეწყვიტა თავის მიერვე შეუსრულებელი ვალდებულებების გამო. მაუწყებლობის პრიორიტეტები გამოიყენება მხოლოდ სიხშირული სპექტრით მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემისას და მას არანაირი კავშირი არ აქვს საკაბელო ქსლით ან თანამგზავრის მეშვეობით მაუწყებლობასთან. თუმცა კომისიამ თანაბრად გაავრცელა ეს მოთხოვნა ყველაზე და მაუწყებლობის ლიცენზიების გაცემა საერთოდ შეწყვიტა ქვეყანაში”, - ამბობს ლევან დოლიძე.

სატელევიზიო ბაზარზე არსებული მდგომარეობა არ იძლევა თანაბარი კონკურენციის საშუალებას, მიაჩნია ნათია კუპრაშვილს, რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს. სწორედ არათანაბარი კონკურენტული გარემოა ის მეორე საკითხი, რაზეც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მონიტორინგის ავტორები მიუთითებენ:
რეგიონალურ ტელეკომპანიებს ეშლებათ ხელი ადგილობრივ ბაზარზე მუშაობაში, რადგან მათი დიდი ნაწილი არ არის ჩართული კაბელური ოპერატორების მიერ...
ნათია კუპრაშვილი

”ვგულისხმობ იმას, რომ ხშირ შემთხვევაში სიხშირულ მაუწყებლებს კაბელური ოპერატორების მხრიდან ექმნებათ ჩართვის პრობლემა. რეგიონალურ ტელეკომპანიებს ეშლებათ ხელი ადგილობრივ ბაზარზე მუშაობაში, რადგან მათი დიდი ნაწილი არ არის ჩართული კაბელური ოპერატორების მიერ. ეს ძირითადად განპირობებულია ხშირ შემთხვევაში სწორედ კომერციული მოსაზრებებიდან გამომდინარე, რადგან კაბელური ოპერატორები თვითონ ფლობენ სამაუწყებლო ლიცენზიებს და ყიდიან რეკლამას. მათ არ აქვთ სურვილი, რომ ჩართონ სიხშირული მაუწყებლები თავიანთ საკაბელო ქსელში, არადა, მოსახლეობის 50 პროცენტს დიდ ქალაქებში ძირითადად კაბელური ოპერატორები ფარავენ”, - ამბობს ნათია კუპრაშვილი.

სატელევიზიო სივრცეში კონკურენტული გარემოს შექმნის კიდევ ერთი მთავარი საშუალება სარეკლამო კომპანიების საქმიანობის რეგულირებაა. უნდა აღინიშნოს, რომ კომისიას არ გააჩნია აღნიშნული საქმიანობის რეგულირების უფლებამოსილება, თუმცა აკისრია ვალდებულება აკონტროლოს ტელეკომპანიების მიერ რეკლამების განთავსების კანონმდებლობით დადგენილი სარეკლამო დროის ლიმიტები. სწორედ აქ იკვეთება კიდევ ერთი პრობლემა, რის შესახებაც მონიტორინგის ავტორები მიუთითებენ - ეს გახლავთ ინტერესთა კონფლიქტი. როგორც ლევან დოლიძე ამბობს, კომისიის თავმჯდომარის, ირაკლი ჩიქოვანის მფლობელობაშია შპს ”მაგი სტილი მედია”, კომპანია, რომელიც ამზადებს და სატელევიზიო მაუწყებლების ეთერში - ძირითადად ტელეკომპანიებში „რუსთავი 2“-სა და ”იმედში” - განათავსებს რეკლამებს:

”ეს, ბუნებრივია, განაპირობებს მის ეკონომიკურ ინტერესებს კონკრეტული ტელეკომპანიების მიმართ, რაც, ასევე მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, კომისიის თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხს წარმოადგენს, რადგან ეს ითვლება ინტერესთა კონფლიქტად.”

სხვათა შორის, აქვე უნდა აღინიშნოს გასულ წელს ჩატარებული კიდევ ერთი გამოკვლევის შედეგი. როგორც მაშინ ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მედიამკვლევარები მიუთითებდნენ, საქართველოს სარეკლამო ბაზარი მონოპოლიზებულია და არგუმენტად ისინიც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის მფლობელობაში არსებულ კომპანიას ასახელებდნენ. არასამთავრობო სექტორისა და მედიამკვლევარების წარმომადგენლების ბრალდებას ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებით 24 თებერვალს კახი ყურაშვილმა, კომისიის იურიდიული სამსახურის უფროსმა, უპასუხა:
კახი ყურაშვილი
კახი ყურაშვილი

”ბუნებრივია, ჩვენ არ ვიზიარებთ ამ პოზიციას, რადგან სარეკლამო კომპანიების საქმიანობა არ შედის კომისიის რეგულირების სფეროში და, აქედან გამომდინარე, ეს ვერც ინტერესთა კონფლიქტი იქნება.”

კახი ყურაშვილი ასევე ეხმაურება მედიამკვლევართა მიერ წამოჭრილ საკითხს ტელერადიოსამაუწყებლო პრიორიტეტების დადგენის პროცესების გაჭიანურების გამო და აცხადებს, რომ კომისიას არ შეუჩერებია ლიცენზიების მაძიებელთა განცხადებების მიღება და ყველა ამ განცხადებაზე პრიორიტეტების დადგენისთანავე, ანუ 2011 წლის აპრილიდან, განახლდა შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოებები. მისი მტკიცებით, დღეის მონაცემებით, უკვე გაცემულია მაუწყებლობის 12 ლიცენზია.

ერთ-ერთი პირველი რეკომენდაცია, რომლითაც მონიტორინგის ავტორები საქართველოს პარლამენტს მიმართავენ, კომისიის თავმჯდომარის ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული არგუმენტების განხილვაა. რაც შეეხება ეროვნულ კომისიას, უმთავრეს რეკომენდაციად მას ერგო კომისიის რეგულირებაში მოქცეული სუბიექტების მიმართ გადაწყვეტილების მიღებისას ერთგვაროვანი და არადისკრიმინაციული მიდგომით მოქმედება და, ამასთანავე, სატელევიზიო მაუწყებლების მიერ სარეკლამო დროის ლიმიტების დაცვის ეფექტიანი ზედამხედველობის უზრუნველყოფა.
XS
SM
MD
LG