Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიელი საქსოფონისტი და ქართული ორკესტრი


ფედერიკო მონდელჩი
ფედერიკო მონდელჩი
29 თებერვალს თბილისში, რუსთაველის თეატრში, იტალიელი საქსოფონისტისა და კომპოზიტორის, ფედერიკო მონდელჩის კონცერტი გაიმართება. თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საქსოფონისტი იტალიურ კინომუსიკასა და არგენტინულ ტანგოს საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად შეასრულებს.

ახლახან ძმები ტავიანების ფილმის - ”კეისარი უნდა მოკვდეს” - გამარჯვებამ ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე კინოს მოყვარულებს ტავიანების ძველი ფილმების ხელახლა ნახვის სურვილი გაუჩინა. ბერლინის ფესტივალზე ისიც ითქვა, ტავიანების კინო ძველებურად შთამბეჭდავი აღარაა მას შემდეგ, რაც რეჟისორებთან შემოქმედებითი თანამშრომლობა გაწყვიტა თანამედროვეობის უდიდესმა კინოკომპოზიტორმა ნიკოლა პიოვანიმო. აღმოჩნდა, რომ სწორედ პიოვანი იყო ტავიანების საუკეთესო ფილმების ნამდვილი თანაავტორი. ნიკოლა პიოვანის კი, თავის მხრივ, თავისი რჩეული მუსიკოსები ჰყავს - ერთ-ერთია საქსოფონისტი ფედერიკო მონდელჩი, რომლისთვისაც, როგორც ამბობენ, სპეციალურად დაიწერა მელოდია, შესული რობერტო ბენინის ფილმში ”ცხოვრება მშვენიერია”. მონდელჩი, საერთოდ, ძალიან უყვართ იტალიური კინოს სამყაროში და არაერთი ფილმისთვის იწერენ მას. თუმცა კონცერტებზე, რომლებსაც მუსიკოსი სისტემატურად მართავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მონდელჩი უფრო იტალიურ კინოკლასიკას ანიჭებს უპირატესობას - უკრავს ნინო როტას, ენიო მორიკონეს, იმავე პიოვანის მელოდიებს, უკრავს სრულიად განსხვავებულად - დარბაზის, პუბლიკის, კონკრეტული განწყობილების მიხედვით.

გასტროლების დროს მუსიკოსი ყოველთვის ირჩევს ადგილობრივ ორკესტრებს, ადგილობრივ დირიჟორებს (მიუხედავად იმისა, რომ თავად დიდი ხანია დგას სადირიჟორო პულტთან) და ცდილობს თავად მოერგოს ეროვნული ორკესტრების სტილს. ასე მოხდება თბილისშიც - იტალიელი საქსოფონისტი საქართველოს სიმფონიურ ორკესტრთან ერთად დაუკრავს. საქსოფონი და სიმფონიური ორკესტრი ერთად! დამეთანხმებით, ასეთი კომბინაცია მართლაც რომ იშვიათია ჩვენი დედაქალაქის მუსიკალურ ცხოვრებაში.

ფედერიკო მონდელჩიმ დაამთავრა პეზაროს როსინის სახელობის კონსერვატორია, მერე კი ნიცასა და ბორდოში გაიარა სტაჟირება. იგი 4 საერთაშორისო და 2 ეროვნული პრემიის ლაურეატია. ახლა პეზაროს კონსერვატორიაში ასწავლის და ლა სკალას სიმფონიურ ორკესტრთან ერთად იწერს ხოლმე დისკებს. თანამედროვე მუსიკის ცნობილი პროპაგანდისტია და ითვლება ნოვატორად ინსტრუმენტული ტექნიკის სფეროში, მიუხედავად იმისა, რომ სახელი მან არა ახალი მუსიკით, არამედ ძალზე ტრადიციული არგენტინული ტანგოს შესრულებით მოიპოვა... მუსიკის კრიტიკოსები წერენ, რომ ტანგო, მონდელჩის შესრულებით, არა იმდენად საცეკვაო, რამდენადაც სწორედ მოსასმენი მელოდიაა, აგებული ბგერის ნიუანსების ცვლასა და ძალიან ძლიერ ტექნიკაზე.

1982 წელს მონდელჩიმ დააარსა იტალიელ საქსოფონისტთა კვარტეტი, რომელმაც 250 კონცერტი გამართა მსოფლიოში. ერთ-ერთ კონცერტს ერქვა ”ფრაკებსა და ჯინსებში”. ეს სახელი ზუსტად ახასიათებს მონდელჩის კონცერტების აუდიტორიას: დარბაზი მის კონცერტებზე, როგორც წესი, ძალიან ჭრელია - მას შეუძლია ყველა გემოვნებისა და ასაკის მსმენელს ასიამოვნოს. სხვათა შორის, როგორც ამბობენ, იგი შეკვეთებსაც იღებს დარბაზიდან. ასე რომ, 29 თებერვალს მუსიკის მოყვარულებს ძალიან ცოცხალი საღამო ელით რუსთაველის თეატრში.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG