Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში სამი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა


ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში პრეზიდენტთან შეხვედრის დროს
ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში პრეზიდენტთან შეხვედრის დროს
კიდევ სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულებისას.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, კაპრალები ვალიკო ბერაია, რუსლან მელაძე და პაატა კაჭარავა, რომლებიც საბრძოლო ამოცანას ასრულებდნენ, თალიბებთან შეტაკებისას საბრძოლო მანქანის აფეთქების შედეგად დაიღუპნენ.

მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ჯარისკაცები ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდნენ. მათი დაღუპვის გამო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს.

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ღრმა მწუხარება გამოთქვა ავღანეთში ქართველი სამხედროების დაღუპვის გამო.

„ავღანეთიდან ძალიან სამწუხარო ინფორმაცია მოვიდა ჩვენი ბიჭების დაღუპვის შესახებ. ეს ჩემთვის უმძიმესი დარტყმაა იმის გათვალისწინებითაც, რომ სულ ორი დღის წინათ ვიყავი მათთან ერთად. საკუთარი თვალით ვნახე როგორი შემართებით, სულისკვეთებითა და თავგანწირვით ასრულებდნენ ისინი მეტად სარისკო დავალებებს... კიდევ ერთხელ ვიხრი ქედს ჩვენი დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნის წინაშე, ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს და ვამაყობ, რომ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ერს ასეთი თავდადებული ბიჭები ჰყავდა, დღესაც ჰყავს და ყოველთვის ეყოლება“, - ნათქვამია პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

2009 წლიდან, ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში საქართველოს ჩართვის შემდეგ, შეიარაღებული ძალების 15 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
XS
SM
MD
LG