Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაზა ბურჭულაძის “გასაბერი ანგელოზი”


ზაზა ბურჭულაძის ბოლო რომანი, “გასაბერი ანგელოზი”, ჯერ კიდევ აპრილის თვეში გამოჩნდა წიგნის მაღაზიებში და, იმ დროიდან მოყოლებული, რამდენიმე თვის მანძილზე ვერაფრით დავაყენე საშველი მის წაკითხვას. ჩემს გარშემო ლამის ყველა ამ რომანს კითხულობდა და, ალბათ, ამიტომაც. როგორც შემდეგ გაირკვა, არა მხოლოდ კითხულობდნენ, არამედ წერდნენ კიდეც “გასაბერი ანგელოზის” შესახებ და ახლა, როდესაც “გუგლში” სათაურს აკრეფთ, აღმოაჩენთ, რომ 10-მდე (შესაძლოა, 10-ზე მეტიც) რეცენზიაა ამ რომანზე დაწერილი და, კიდევ, ზაზა ბურჭულაძის ამ რომანს ილიას უნივერსიტეტის პრემიაც მიუღია დეკემბრის ბოლოს. ბარაქიანი მოსავალია!
გასაბერი ანგელოზი" აგრძელებს კარნავალური რომანის ტრადიციას, რაც, ვთქვათ, იყო “ვირის სახარებაში” და შემდეგ ზაზას სხვა რომანებშიც...

წელიწადში 5 ასეთი რომანი, თავისი გამოხმაურებებით, ყურადღებიანი მკითხველით, მოწონებით თუ დაწუნებით უკვე სერიოზული დარტყმა იქნებოდა ისტერიული საინფორმაციო გამოშვებებისთვის. 5 ასეთი რომანი, რეალური გამონაგონი გამოგონილი რეალობის წინააღმდეგ, იმ რეალობის წინააღმდეგ, რომელსაც ყოველდღე ხლართავენ ეკრანებიდან.

ეს რომანი, შესაძლოა, ბევრ თქვენგანს წაკითხული აქვს, ამიტომ მოკრძალებით ვიტყვი, რომ მთავარი გმირები, ცოლ-ქმარი ნინო და ნიკო გოროზიები, გურჯიევის სულს იძახებენ. იძახებენ და ისიც მოდის, ოღონდ გურჯიევი, სულზე უფრო მეტად, რაღაც თამაშის შთაბეჭდილებას ტოვებს, ლიტერატურული თამაშისას - კინემატოგრაფიული ელემენტებით და რელიგიური ქვეტექსტებით.
მე მგონი, ხვდებით, რომ მისტიკურ ან გოთურ რომანთან არა გვაქვს საქმე, არამედ თანამედროვე ტექსტთან, სადაც ავტორი განუწყვეტლივ შეგვახსენებს იმას, რომ მხოლოდ ტექსტუალური სამყარო უნდა ვიგულისხმოთ. ამის შესახებ ქვემოთაც ვიტყვი, ახლა კი კრიტიკოს გაგა ლომიძეს მოვუსმინოთ, რომელმაც კარნავალური რომანი უწოდა “გასაბერ ანგელოზს”:

”გასაბერი ანგელოზი" აგრძელებს კარნავალური რომანის ტრადიციას, რაც, ვთქვათ, იყო “ვირის სახარებაში” და შემდეგ ზაზას სხვა რომანებშიც. უბრალოდ, აქ უფრო შემოდის სიუჟეტი, სიუჟეტური ხაზი უფრო მეტად არის განვითარებული. არის დეტექტივის ელემენტები, რაც სასპენსს აძლიერებს. ამავე დროს, თუკი რაიმე ალუზიაზე შეიძლება ლაპარაკი, აქ არის, ერთი მხრივ, პირდაპირი ალუზია ბულგაკოვის “ოსტატ და მარგარიტაზე”, იმდენად, რამდენადაც, აქაც, “გასაბერ ანგელოზშიც”, მიღმური სამყაროდან გამოიხმობენ გურჯიევის სულს. მეორე ნაწარმოებად შეიძლება დავასახელოთ ილია ჭავჭავაძის “კაცია-ადამიანი?!”, სხეულის პოეტიკასთან დაკავშირებით.”
აქ აბსოლუტურად ამოტრიალებულია საპირისპირო ცნებები. ბოროტსა და კეთილს აქ ადგილები აქვთ შეცვლილი. ანუ “რუსთაველის ბოროტსა სძლია კეთილმან”-ს ნაცვლად პირიქითა გვაქვს – “კეთილსა სძლია ბოროტმან”...

დავუბრუნდეთ ტექსტუალობას. საიდან ვიგებთ, რომ გურჯიევი თამაშია და არა გულუბრყვილო მკითხველის შესაბმელი იაფფასიანი ხრიკი, მისტიკითა და ბუნდოვანებით შეკმაზული? ჯერ ერთი, მის გამოჩენას რაღაც ბავშვური მოვლენები ახლავს თან, 80-იანი წლების კინოფანტასტიკიდან რომ ვიცნობთ, ისეთი. კიდევ, გურჯიევს ჭიპიდან წვრილი ფერადი კაბელები აქვს გამოჩრილი, რომელსაც ხანდახან საიზოლაციო ლენტს ახვევს და ისევ ჭიპში იტენის. გურჯიევი ისტორიულ ფრაზას ეუბნება მის ძალებში დაეჭვებულ გოგონას: “დამგუგლე და ნახავ, რა შემიძლია და რა არა”. გურჯიევი თუ მისი მასპინძლები (ზუსტად არ მახსოვს) "იუთუბზე" უყურებენ დოკუმენტურ ფილმს გურჯიევისვე შესახებ. 76-ე გვერდზე გურჯიევს საკუთარ თავზეც კი შეეცვლება წარმოდგენა, იმდენ ინტერნეტსტატიას წაიკითხავს გურჯიევის შესახებ, 192-ე გვერდზე კი, რომანის ბოლოსკენ, გურჯიევი საკუთარ პროფილსაც კი ქმნის ფეისბუკზე, “გუგლიდან” ამოკრეფილი თავისივე ფოტოებითურთ.

მოკლედ, ასეთი თამაშის მოყვარულები არ მოიწყენენ. ამას დაამატეთ გურჯიევის უცნაურობები. მაგალითად, როდესაც იგი ვინმეს გვარს გაიგებს, ყოველთვის ამ გვარის ყველაზე გამოჩენილი წარმომადგენლის შესახებ ეკითხება მოგვარეს. პატრულ ცინცაძეს ეკითხება, კალისტრატე ცინცაძე ვინ არის შენიო, გამომძიებელ ოკუჯავას, ბულატ ოკუჯავა რამედ ხომ არ გერგებაო, ნუგზარ ჩიქობავას არნოლდ ჩიქობავაზე ჩაეკითხება, მაგრამ, როგორც წესი, არც ერთი აზრზე არაა თავისი გვარის სახელოვან წარმომადგენელზე. არაფერი სმენიათ.
ასევე აღსანიშნავია გურჯიევის ჭკუისკოლოფა ხუმრობები, რომელიც არავის ესმის, ამას დაუმატეთ მთხრობელის დეტალური აღწერები და შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქმე გვაქვს კარგ გასართობ რომანთან. დეტალებით კი მართლა დახუნძლულია ცალკე გურჯიევი და ცალკე თავად რომანი. ადრე ზაზა ბურჭულაძე არ იყო ხოლმე ასეთი ფართო პლანების მოყვარული, მას უფრო ჩამოთვლა იზიდავდა და არა თვალიერება. ადრე დეტალებს ზაზა უფრო გროტესკული ან პროვოკაციული მიზნებისთვის იყენებდა და ხშირად ჰაერში რჩებოდა გამოკიდებული, უპატრონოდ, უპასუხისმგებლოდ. ახლა კი იგი ორგანულად ჩაჯდა ტექსტის ქსოვილში და სასაცილო რეალობის ეფექტის შექმნა დაიწყო ფანტასტიკურ რომანში. მე მგონი, ასე უფრო საინტერესოა.

გაგა ლომიძე ჩემთან საუბარში ეთიკურ მხარესაც შეეხო. თუმცა ეთიკურს, მხოლოდ ერთი შეხედვით:

“აქ აბსოლუტურად ამოტრიალებულია საპირისპირო ცნებები. ბოროტსა და კეთილს აქ ადგილები აქვთ შეცვლილი. ანუ “რუსთაველის ბოროტსა სძლია კეთილმან”-ს ნაცვლად პირიქითა გვაქვს – “კეთილსა სძლია ბოროტმან”. და ამ სარკეში ასახულ სიმრუდეს ხაზს უსვამს ერთი თავიც, რომელსაც ასეც ჰქვია, “მრუდე სარკეების სამეფო”, რომელიც ასევე ალუზიაა რუსი რეჟისორ-მეზღაპრის ალექსანდრ როუს ფილმზე, რომელიც თავის დროზე საკმაოდ ოპოზიციური იქნებოდა, ალბათ. აქ მისი პერსონაჟების სახელებიც და სხვა დასახელებებიც უკუღმა იკითხება.”
ზაზა ბურჭულაძე
ზაზა ბურჭულაძე

რომანის შუაწელში, როდესაც თხრობა ცოტათი მოსაწყენიც გახდა, ზაზამ საინტერესო დრამატურგიულ ხერხს მიმართა და წითელთავიანი შხამიანი სოკო შემოიყვანა ამბავში, რომელიც - არც მეტი, არც ნაკლები - ახალგაზრდა გრიბოედოვი აღმოჩნდება. გრიბოედოვის სული თურმე მთაწმინდის ტყეებში დახეტიალობს და სოკოებში სახლდება. ეს მითი თუ დრამატურგიული სვლა, სამწუხაროდ, აქვე წყდება. სამაგიეროდ, თხრობა დიდი ხნით უკან იწევს და გადადის გურჯიევის ბავშვობისდროინდელ ტფილისში.
აქ, რა თქმა უნდა, ზაზა ბურჭულაძის თბილისის თემაც უნდა ვახსენოთ ორი სიტყვით. აქ ორივეა, თანამედროვეც და ძველი თბილისიც, ოღონდ ეგ არის, XIX საუკუნის ტფილისი კლიშეებით გადატვირთული გამოუვიდა ზაზას. შესაძლოა, ასეც იყო საჭირო. არ ვიცი. ერთი კი ცხადია, ამ სცენებს მარილი აკლია, როგორც გურჯიევის გველნაკბენი მამისთვის მოხარშულ ხორციან წვნიანს. სამაგიეროდ, მშვენიერი გამოვიდა 1953 წლის თბილისური მითი, სტალინის სიკვდილის დღეს რომ თბილისის ქვეშ ამოუცნობმა მფრინავმა ობიექტმა გაიარა. ეს ეპიზოდი ერთ-ერთი ყველაზე მახვილგონივრულია რომანში.

რომანში ბევრ სხვა რამესაც გადაეყრება მკითხველი – გლამური, რელიგია, გასტრონომია, თანამედროვე მოვლენები. თხრობა მაშინ იწყება, როდესაც გორში სტალინის ძეგლს იღებენ, ისლანდიაში კი ვულკანი ამოიფრქვევა. სწორედ ამ დროს გამოიძახებს ახალგაზრდა ცოლ-ქმარი გიორგი გურჯიევს, რომელიც მთელი რომანის განმავლობაში ფეხს არ იცვლის. ეგ კი არა, შთაბეჭდილება რჩება, რომ გურჯიევმა თანამედროვე ქართულ ლიტერატურაშიც მყარად დაიმკვიდრა ადგილი: აკა მორჩილაძე, ზურაბ ქარუმიძე, ზაზა ბურჭულაძე... სხვების გახსენებაც შეიძლება, ვისი ნაწერებიდანაც ფეხს არ იცვლის გურჯიევი. ნეტავ, რას გადაეკიდნენ ამ კაცს? ან იქნებ გურჯიევი გადაეკიდა მათ?
XS
SM
MD
LG