Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი წელი თბილისში


31 დეკემბრის შუაღამე ტრადიციულად ძველის გაცილებასა და სიახლის მოლოდინს, განახლებას უკავშირდება. საახალწლოდ შეძლებისდაგვარად ყველა ოჯახში ირთვება ნაძვის ხე და იშლება სადღესასწაულო სუფრა. ბოლო დროს დამკვიდრდა ახალი წლის გარეთ შეხვედრის ტრადიციაც.

ტრადიციის მიმდევარი თბილისელები ღამის 12 საათს საკუთარ ჭერქვეშ, ოჯახის წევრებთან ხვდებიან. დიასახლისი შლის მრავალფეროვან სუფრას, ოჯახის უფროსი კი ღვინთ სავსე თასით ილოცება. ასეთი ვითარებაა თბილისელი პენსიონერების - სერგო და ეთერ გურგენიძეების ოჯახშიც.

„აუცილებელია გოზინაყი! ასევე გვაქვს ტკბილეული, ხილი, ქათამი, საცივი... და რასაც ჩვენი ჯიბე გასწვდება“, ამბობს ქალბატონი ეთერი, ბატონი სერგო კი საქართველოს მშვიდობას და აყვავებას უსურვებს: „გამთლიანდეს საქართველო, ხალხი ფეხზე დადგეს და ნაკლები გაჭირვება იყოს!“

გურგენიძეების ოჯახს მოგვიანებით უერთდება საახალწლო ტრადიციის ცენტრალური ფიგურა - მეკვლე, რომელიც საგანგებოდ ჰყავთ შერჩეული. ამ როლს უკანასკნელი წლებიის განმავლობაში მეზობლად მცხოვრები პატარა მათე ითავსებს:

„განვლილო წელო, მშვიდობით,
გიფენთ ვარდებს და გვირილებს,
შენ წამოწყებულ კარგ საქმეს
ჩვენ ყველა დავაგვირგვინებთ!“

ითვლება, რომ მეკვლეობა სტუმარმასპინძლობის ტრადიციიდან იღებს სათავეს. პირველი მეკვლის როლში, როგორც ეთნოლოგი გიორგი გოცირიძე ამბობს, ყოველთვის ოჯახის უფროსი გვევლინება, თუმცა არანაკლები მნიშვნელობა აქვს ეგრეთ წოდებულ გარე მეკვლესაც:

„ნათესავი, მეზობელი ან რომელიმე სხვა ახლობელი, ვისაც კარგი ფეხი აქვს დაცდილი და ეს იციან, მას შეუსახელებენ და ეტყვიან, რომ ის უნდა მოვიდეს ოჯახში. ახალმა ფეხმა ახალი სიცოცხლე, ბედნიერება და ჯანმრთელობა უნდა შემოიტანოს. ხშირ შემთხვევაში არჩევენ ახალგაზრდა ბიჭს, რომელიც ითვლება, რომ არის სრულიად სუფთა და ანგელოზთან გაიგივებული, რომელსაც შეუძლია სიკეთე, სიხარული და სისუფთავე შემოიტანოს.“

როგორიც უნდა იყოს გასული წელი, პირველი იანვრის დადგომას თბილისელები სიხარულითა და მომავლის იმედით ხვდებიან. სხვანაირად არც შეიძლება: ახალ წელს ხომ ყველაფერი სუფთა ფურცლით, ახლიდან იწყება. მაინც რას მოელიან თბილისელები ახალი, 2012 წლისგან?

მანანა, 58 წლის: „ვისურვებდი ქვეყნის წინსვლას, აღმავლობასა და ცხოვრების გაუმჯობესებას.“

იოსები, 43 წლის: „კარგი იქნება, თუ გონიერება წინ წავა, ზნეობა აღმატებული გახდება და არ ვიქნებით რობოტებივით.“

ხატია, 39 წლის: „საქართველოს უსაფრთხოება და ხალხის კეთილდღეობა უმთავრესია.“

ქეთი, 45 წლის: „დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ხვავი, ბარაქა, ჯანმრთელობა არ მოაკლდება ყველა ოჯახს.“

საახალწლოდ თბილისელთა ამგვარ იმედიან განწყობას ლოგიკურ ახსნას უძებნის სოციოლოგი ემზარ ჯგერენაია:

„ახალ წელს, რასაკვირველია, ადამიანები პოზიტიურ ცვლილებებს უკავშირებენ და ფიქრობენ, რომ რაღაც შეიცვლება სასიკეთოდ. თანამედროვე ადამიანი ძირითადად ფიქრობს ეკონომიკურ წარმატებაზე, ფულსა და კარიერაზე. მთავარი მოლოდინი უკავშირდება წინსვლას!“

თუმცა საკითხავია, რა საფუძველი აქვს ამგვარ მოლოდინს და რამ შეიძლება შეასხას ხორცი საახალწლო სურვილებსა თუ ოცნებებს? ემზარ ჯგერენაიას თქმით, ოცნების ახდენის მექანიზმს დიდწილად კულტურა განაპირობებს.

„თუ ჩვენ ვსაუბრობთ პროტესტანტულ კულტურაზე, ადამიანები, ცხადია, მათი მონაწილეობის გარეშე სიკეთეებს არ ელიან. მათ აქვთ რაციონალური მოლოდინი. ისინი გეგმავენ, თუ რა უნდა გააკეთონ მომავალ წელს. რაც შეეხება ჩვენი კულტურის ადამიანს, მანც ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ ბევრია სასწაულის მოლოდინი. ბევრი ფიქრობს, რომ წარმატება ან რამის მიღწევა ცხოვრებაში მათი დიდი აქტივობის გარეშე მოხდება. ბევრი ჩვენი მოქალაქე, ფაქტობრივად, ზღაპრის პერსონაჟივით ფიქრობს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, თუ ადამიანი პოზიტიურად არის განწყობილი მომავლის მიმართ, ეს აუცილებლად დაეხმარება მას წარმატების მიღწევაში“, უთხრა ემზარ ჯგერენაიამ რადიო თავისუფლებას.

ცხადია, პოზიტიური განწყობის შექმნაში მნიშვნელოვანი როლი აქვს საახალწლო მორთულობებს. ზოგიერთ ოჯახში ჩიჩილაკს დგამენ, ზოგიერთში კი - ნაძვის ხეს. ნაძვი სიცოცხლის, მარადიულობის სიმბოლოა, ჩიჩილაკს კი მზის ფორმა აქვს და თავისი შინაარსით ისიც სიცოცხლეს განასახიერებს, თუმცა, როგორც ეთნოლგი გიორგი გოცირიძე ამბობს, ახალი წლის ღამე წარმოუდგენელია სიმღერისა და მეკვლის გარეშე.

„საახალწლო ნადიმზე ასრულებენ მხოლოდ იმ სიმღერებს, რომლებსაც შინაარსობრივად აქვთ სიხარულის განცდის, ბედნიერების მოტანისა და მრავალჟამიერების, მრავალხმოვანების დატვირთვა“, ამბობს ეთნოლოგი გიორგი გოცირიძე, გურგენიძეების პატარა მეკვლე კი ყველას ულოცავს ახალ წელს:

„ღმერთმა ჯანმრთელობა და სიხარული არ მოგაკლოთ! გაიხარეთ მრავალჟამიერ!!!“
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG