Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რა დროს ბინის ყიდვაა“? - როგორ შეცვალა უძრავი ქონების ბაზარი პოლიტიკურმა კრიზისმა


უძრავი ქონების ბაზარი პოლიტიკური კრიზისის დროს
უძრავი ქონების ბაზარი პოლიტიკური კრიზისის დროს

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების შემდეგ, დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან გაწევრების მოლაპარაკებების გახსნა, - რის შემდეგაც თითქმის სამი კვირაა, საპროტესტო აქციები იმართება, - უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვები მნიშვნელოვნად შემცირდა, - ეუბნებიან რადიო თავისუფლებას უძრავი ქონების სააგენტოები.

ანალიტიკოსების ნაწილი ამბობს, რომ თუკი ვითარება - რის შექმნაზეც პასუხისმგებლობას პრეზიდენტი და ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ აკისრებენ, - არ შეიცვლება, ბაზარზე ფასების შემცირება გარდაუვალია და პანდემიის შემდგომი პერიოდიდან გაცხოველებული სამშენებლო „ბუმის“ ისედაც მოსალოდნელი დაღმასვლა დაჩქარდება.

„ახალ წელს ახალ სახლში“

„ასე, 20 წლის წინ, ქართულ ტელეარხებზე იყო რეკლამა: „შეხვდი ახალ წელს ახალ სახლში“. შეიძლება ითქვას, ეს „მოწოდება“ არ დაძველებულა და ადამიანებს ყოველთვის უნდათ, - საცხოვრებლად თუ საინვესტიციოდ, - ახალი წლისთვის ბინები იყიდონ. მაგრამ ახლა ბაზარზე 70%-ით უარესი მდგომარეობაა, ვიდრე იყო შარშან ამ დროს“.

ეს მარიამია, თბილისში მოქმედი ათობით უძრავი ქონების ერთ-ერთი სააგენტოს ბროკერი (ანუ შუამავალი ბინის მყიდველსა და გამყიდველს შორის). რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ „რაც ქვეყანაში ხდება, პირველ რიგში ჩვენს ბაზარს ურტყამს“:

„ასე რომ, ამჟამად, შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენს ბაზარზე არაფერი არ ხდება. არათუ წინა წლის დეკემბერთან, არამედ სხვა თვეებთან შედარებით“, - ამბობს ის.

კომპანია, რომლისთვისაც ის მუშაობს, - რომლის დასახელების საჯაროდ გაზიარებაც მარიამმა არ ისურვა, - მუშაობს თბილისსა და მის შემოგარენში თითქმის ყველა სეგმენტზე: „ძველ და ახალაშენებულ ბინებზე, კერძო სახლებზე, აგარაკებსა და კომერციულ ფართებზე“.

„პოლიტიკური მდგომარეობა ყველაფერს ურტყამს“.

„გაყიდვები შემცირდა“

ასეთსავე სურათს ხედავენ სხვა კომპანიებშიც.

„გაყიდვებიც და გაქირავებებიც შემცირებულია. პროცენტულად ამ ეტაპზე ვერ გეტყვით, მაგრამ თუკი დეკემბერი, ჩვეულებრივ, პიკური პერიოდია, წინა პერიოდთან შედარებით შემცირებული ნამდვილად არის - წინა წელთანაც და წინა თვესთანაც“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას კომპანია „ევრო ჰოლდინგში“.

ამ კომპანიის თანამშრომლის თანახმად, გაყიდვების გარდა, პრობლემები დაეტყო გასაქირავებელი უძრავი ქონების სექტორსაც:

„გაქირავების შემთხვევაში, აქ შემცირების ფაქტორი ის არის, რომ უცხოელები ძირითადად აღარ ჩერდებიან, აქ საქართველოში რთული ვითარების გამო, არეულობა არ დაიწყოს, გაყიდვებზეც ალბათ მსგავსი ეჭვები და ფიქრები ექნებათ“.

კომპანია Best Home-ის თანახმად, გაყიდვები 20%-ით არის შემცირებული.

„ჩვენს შემთხვევაში მიზეზი ის არის, რომ კლიენტებს ბანკები ეუბნებიან სესხების დამტკიცებაზე უარს. ასევე, კლიენტები აქციების გამო იკავებენ თავს“, - ამბობს გიგა, კომპანიის წარმომადგენელი.

„რა დროს ბინების ყიდვაა?“

„საქართველოს უძრავი ქონების ეროვნულ ასოციაციაში“ (GNARE), რომელიც 110-მდე წევრს აერთიანებს, ადასტურებენ, რომ 2024 წლის დეკემბერში გაყიდვები „მინიმუმამდეა დაყვანილი“ და „ტრანზაქციები შეჩერებულია - ყველა ელის მოვლენების განვითარებას“.

„აღრიცხვა ასე, ყოველდღე არ ხდება, - სტატისტიკა იანვარში გვექნება და ზუსტად შედარების საშუალება გვექნება. თუმცა ასოციაციის წევრებისგან მოწოდებული ინფორმაციით, დღევანდელი მდგომარეობით, მინიმუმამდეა დაყვანილი ქონების რეალიზაციის შემთხვევები“, - ამბობს ნატო ბოჭორიშვილი, GNARE-ს პრეზიდენტი.

ასოციაციაში 110-მდე წევრს აერთიანებს, რომელთაგან 30% დეველოპერული კომპანიაა, 70% კი - საბროკერო კომპანია.

„არსებული მდგომარეობა ცალსახად აისახება მსყიდველობითუნარიანობაზე ყველა სფეროში - არ არის ეს მხოლოდ უძრავი ქონების სექტორში. მსგავს სიტუაციაში ადამიანები ერიდებიან აქტიურად ხარჯვას“, - ეუბნება ნატო ბოჭორიშვილი რადიო თავისუფლებას და დასძენს:

„მომხმარებლებისგან კონკრეტულად არ ხდება ხშირად მიზეზების კომუნიკაცია, რატომ გადაიფიქრეს შეძენა, მაგრამ, მაგალითად, როცა ვუკავშირდებით იმ პირებს, რომლებმაც დატოვეს საკონტაქტო ჩვენი კომპანიების გვერდებზე, უთქვამთ: „რატომ გვირეკავთ, ახლა რა დროს უძრავის ქონების ყიდვის თემაზეა საუბარი“.

„ბუნდოვანება“

ბიზნესმედიასთან საუბარში სხვა კომპანიებიც მიუთითებენ მსგავს ტრენდზე. მათი ნაწილი მიუთითებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და ლარის კურსის გარშემო არსებულ ბუნდოვანებაზეც.

მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ 2028 წლამდე არ აპირებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხის დღის წესრიგში დაყენებას, ლარმა გაუფასურება დაიწყო. სამი დეკემბრისთვის, ბოლო ორ-ნახევარ წელიწადში, ევროს ღირებულება პირველად გადასცდა სამლარიან ნიშნულს.

მოგვიანებით ლარის კურსი მცირედით გამყარდა, - თუმცა უცნობია, მოჰყვა თუ არა ეს მთავრობის ინტერვენციას. ყიდის თუ არა საქართველოს ეროვნული ბანკი ლარის კურსის შესანარჩუნებლად რეზერვში არსებულ დოლარს Bmatch პლატფორმაზე, უცნობია - ეს 2025 წლის 25 იანვარს გაირკვევა.

საქსტატის სტატისტიკის თანახმად კი, 2024 წლის მესამე კვარტალში - ივლისი-აგვისტო-სექტემბერში - პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 55%-ით შემცირდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და მხოლოდ $198 მილიონი დოლარი შეადგინა.

რა იქნება მომავალში?

ეკონომისტი ეგნატე შამუგია განმარტავს, რომ ბოლო წლებში უძრავი ქონების „ბუმი“ - ერთი მხრივ, უძრავი ქონების გაყიდვების, მეორე მხრივ კი, ახალი საცხოვრებელი კორპუსებისა და სახლების - ზრდა, რამდენიმე ფაქტორს უკავშირდებოდა:

  1. „თავდაპირველად, პანდემიის პერიოდიდან, იყო მთავრობის მთელი რიგი ქმედებები, იგივე დაუმთავრებელი მშენებლობების „ხელშეწყობის“ გადაწყვეტილება, ასევე, იპოთეკური სესხების პროცენტების ნაწილის სუბსიდირება;
  2. მონეტარული შემსუბუქება - რეფინანსირების განაკვეთის შემცირება, ან მაღალი რეფინანსირების განაკვეთის პირობებში ბაზარზე უცხოური ვალუტის და სახელმწიფოს ფასიანი ქაღალდების რეკორდული შესყიდვა;
  3. რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ რუსი მიგრანტების შემოდინება, რამაც დიდი გავლენა იქონია როგორც ქირის მკვეთრ ზრდაზე, ასევე საცხოვრებელი ბინების გაყიდვაზე“.

ეკონომისტის მოსაზრებით, ეს ზრდა გამოწვეული იყო „ერთჯერადი, არასტაბილური ფაქტორებით“ და ასეთ გარემოში მოსალოდნელია, რომ „აღმასვლას მოჰყვეს დაღმასვლა“.

„ქართული ოცნების“ მიერ საგარეო და საშინაო პოლიტიკაში მიღებულმა გადაწყვეტილებებმა კი - რასაც არჩევნების ლეგიტიმურობის არაღიარების საკითხის საერთაშორისო დონეზე წამოჭრა და იზოლაციის რისკები მოჰყვა - ეკონომისტების ნაწილისათვის მოსალოდნელი ეს „დაღმასვლა“, შესაძლოა, დააჩქარა.

„დღეს არსებული პოლიტიკური გარემოებები ქმნის ეკონომიკურ განუსაზღვრელობას და სრულ გაურკვევლობას. ასეთ პირობებში ადამიანები ინვესტიციაზე უარს ამბობენ. საცხოვრებელი სახლის შეძენა ადამიანების უმეტესობისთვის არის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი და გრძელვადიანი ინვესტიცია. ადამიანებისთვის სამომავლო პროგნოზების გაკეთება, რისკების ანალიზი ან დაკვირვება შეუძლებელი ხდება. რაციონალური ქცევაა, რომ დააყოვნონ ისეთ მნიშვნელოვან საქმეში ინვესტირება, როგორიცაა სახლის შეძენა, - და ეს მოსალოდნელი იყო“, - ამბობს ეგნატე შამუგია.

ჯერ მაინც ბუნდოვანია, როგორ განვითარდება ბაზარზე მოვლენები:

„თუ ასეთი მდგომარეობა დიდხანს გაგრძელდა, ისედაც დაღმასვლისკენ წასულ უძრავი ქონების სექტორზე უფრო მეტი წნეხი იქნება და საბოლოოდ აისახება უძრავი ქონების უფრო და უფრო მეტად გაიაფებაში. უფრო ზუსტი პროგნოზების გაკეთება შეუძლებელია. ადამიანებიც ამიტომ იკავებენ თავს სახლების ყიდვისგან“, - მიიჩნევს ეკონომისტი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG