Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გადაურჩება ევრო 2012 წელს?


ახალი წლის მოახლოების ფონზე, ბევრ ადამიანს აწუხებს ფულადი ერთეულის, ევროს, ბედი. ევროკავშირის ლიდერებს თავიანთი ვალუტის გასამყარებლად ახალი ზომების გატარება მოუწევთ. თუმცა იქნება კი ეს საკმარისი ევროს გადასარჩენად?

ევროს მოქმედების ზონისთვის და საკუთრივ ამ ვალუტისთვის 2012 წელი გადამწყვეტი იქნება.

სწორედ ამ წელს გამოჩნდება, უწერია თუ არა განხორციელება ევროს გადარჩენის გეგმას, რომელიც გერმანიამ და საფრანგეთმა მიმდინარე თვეში ბრიუსელში წარმოადგინეს. გეგმა ან ევროპის ერთიანობას განამტკიცებს, ან ნაციონალისტური უთანხმოებებისა და დანაწევრების მსხვერპლი გახდება და ჩაიშლება.

გეგმის ბედიდან გამომდინარე, ევროპა ორიდან ერთი მიმართულებით წავა - ან მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის გზას გააგრძელებს და კიდევ უფრო განამტკიცებს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას, ან ხშირად ერთმანეთის მეტოქე სახელმწიფოებით გამორჩეულ ტრადიციულ წარსულს დაუბრუნდება.
ეს შეთანხმება წარმოადგენს არა ფორმულას „17 წევრი პლუს რამდენიმე“, არამედ „27 წევრი მინუს რამდენიმე“ ...

ეს პროგნოზები შესაძლოა გადაჭარბებულად, მაქსიმალისტურად ჟღერდეს, მაგრამ ევროს სამწლიანი კრიზისის ფონზე დღეს აღარავინ უარყოფს, რომ ვითარება მართლაც სერიოზულია.

ევროკავშირის ლიდერებმა ახალი გეგმა 9 დეკემბერს წარმოადგინეს. მას შემდეგ ისინი დიდი ძალისხმევით ცდილობენ გეგმა წინსვლისთვის ერთადერთ საშუალებად წარმოაჩინონ და არა მხოლოდ ევროს მოქმედების ზონის 17 სახელმწიფოსთვის, არამედ ევროკავშირის 27-ვე წევრისთვის. ამასთან, მათი განცხადებით, გარკვეული უთანხმოების მიუხედავად, გეგმა თითქმის საყოველთაო მხარდაჭერით სარგებლობს:

„ეს შეთანხმება წარმოადგენს არა ფორმულას „17 წევრი პლუს რამდენიმე“, არამედ „27 წევრი მინუს რამდენიმე“. გასულ კვირაში წევრი სახელმწიფოების თუ მთავრობების მეთაურებმა გამოავლინეს მზაობა ევროპული ინტეგრაციისკენ წინსვლისთვის, რაც ფისკალური სტაბილურობის გაერთიანებას მოგვიტანს. მათ გვაჩვენეს, რომ უფრო მეტი ევროპა სურთ და არა ნაკლები“ - ამ განცხადებით გამოვიდა გასულ კვირაში სტრასბურგში ევროპარლამენტის წინაშე ევროპის კომისიის პრეზიდენტი, ჟოზე მანუელ ბაროზუ.

ახალი გეგმა ევროს მიმართ ინვესტორების ნდობის აღდგენისთვის მაღალი მხარჯველობთ გამორჩეული ქვეყნებისგან მხოლოდ ხელმომჭირნეობის პოლიტიკის გატარებას არ მოითხოვს. პირველად ხდება, რომ ხელმომჭირნეობის პოლიტიკით გათვალისწინებული მიზნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სადამსჯელო სანქციებია დაწესებული. ხელშეკრულება ევროზონის გადარჩენას დიდწილად ბრიუსელის როლის გაზრდაში ხედავს.

ჩემი აზრით, ყველაზე დიდი პრობლემაა ამ გეგმაზე ევროპის პერიფერიული ქვეყნების მთავრობათა დამაჯერებლად დაყოლიება ...
ზოგიერთი სახელმწიფოსთვის - უწინარესად ბრიტანეთისთვის - სწორედ ეს წარმოადგენს პრობლემას. ისინი თვლიან, რომ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით ევროპის ინტეგრაცია ზედმეტად ღრმავდება. ამის გამო ზოგიერთ მთავრობას გაუჭირდება თავიანთი მოქალაქეების დარწმუნება მხარი დაუჭირონ იმას, რასაც ბაროზუმ უწოდა „უფრო მეტი ევროპა და არა ნაკლები“.

ლონდონში განთავსებული ანალიტიკური ორგანიზაციის, ლეგატუმის ინსტიტუტის ეკონომისტი, დალიბორ როჰაჩი, ამ სირთულეს ასე აღწერს:

„ჩემი აზრით, ყველაზე დიდი პრობლემაა ამ გეგმაზე ევროპის პერიფერიული ქვეყნების მთავრობათა დამაჯერებლად დაყოლიება. ისეთი ქვეყნები, როგორიცაა საბერძნეთი, იტალია ან პორტუგალია, ძალიან ცდილობენ თავიანთი ფისკალური სტრუქტურების მოწესრიგებას, რისთვისაც ხშირად უწევთ დიდი სოციალური საფასურის გადახდა და თავიანთი ეკონომიკური ზრდის შეფერხება. ადვილი დასაშვებია, რომ, თუ ამ ქვეყნების მთავრობები, ხელშეკრულების თანახმად, თავიანთი მოსახლეობის მიმართ ხელმომჭირნეობის პოლიტიკას კიდევ უფრო გაამკაცრებენ ან თუ თავიანთ ბიუჯეტებზე ფისკალურ დამოუკიდებლობაზე იტყვიან უარს, ამას უკმაყოფილება და სახალხო რეაქცია მოჰყვეს. ეს პროცესები უკვე ისედაც მიმდინარეობს საბერძნეთში.“

ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც შეიძლება ამ საკითხის მიმართ უკმაყოფილებას ნაციონალისტური ელფერი მისცეს, არის ის, რომ ბევრი ხელშეკრულებას პრობლემების გადასაჭრელად გერმანიის მიერ თავსმოხვეულ გეგმად აღიქვამს.

პერიფერიაზე მდებარე ქვეყნები კარგავენ კონკურენტუნარიანობას, მაშინ როცა გერმანიამ შეიძლება შეძლოს ექსპორტის წარმოება ...
ბერლინს, რომელმაც უკვე უზარმაზარი თანხები გაიღო ევროს მოქმედების ზონის გადასარჩენად, პრობლემების მქონე ქვეყნებისთვის თანხების გამოყოფის პროცესში მზარდი წინააღმდეგობა ხვდება შიდაპოლიტიკურ კონტექსტში. ამდენად, ერთ-ერთი ვარაუდით, გერმანიამ ევროპისთვის შეიმუშავა მოდელი, რომელიც რეალური გამოსავლის შეთავაზების ნაცვლად გერმანულ კულტურულ ღირებულებებს ეფუძნება - მომჭირნეობას და ბევრ შრომას.

გერმანული გეგმის მიხედვით, პერიფერიულმა ქვეყნებმა ხელმომჭირნეობა უნდა გაამკაცრონ, მაშინ როცა თავად გერმანია, რომელიც ევროკავშირის ეკონომიკური მოტორია, საექსპორტო წარმოებას მიმართავს ეკონომიკის ზრდის და ევროს გაჯანსაღების მიზნით.

მაგრამ ანალიტიკოსები არ არიან დარწმუნებული, რომ ეს მოდელი იმუშავებს. როჰაჩი ამბობს: „პერიფერიაზე მდებარე ქვეყნები კარგავენ კონკურენტუნარიანობას, მაშინ როცა გერმანიამ შეიძლება შეძლოს ექსპორტის წარმოება. მსოფლიოს და ევროპის ეკონომიკა თუ დაღმასვლას განიცდის, ექსპორტი ბევრ ქვეყანაში მაინც ვერ იწარმოებს. ამდენად, მე ვერ ვხედავ როგორ იმუშავებს ეს მოდელი.“
გერმანიის ცენტრალურმა ბანკმა ახლახან გამოთქვა ვარაუდი, რომ დავალიანების კრიზისის გამო 2012 წელს ამ ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად შენელდება.

გადაიზრდება არსებული დაძაბულობა განხეთქილებაში თუ, პირიქით, ახალი ხელშეკრულება კიდევ უფრო მეტ გაერთიანებას და ევროს გადარჩენას მოიტანს, რამდენიმე თვეში უკვე მკაფიოდ გამოჩნდება.

იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულება ევროს ვერ გადაარჩენს, გაურკვეველია იქნება თუ არა ბერლინი მზად იმისათვის, რომ მხარი რაიმე სხვა წინადადებას დაუჭიროს. გავრცელებული ვარაუდით, გერმანია და ევროს მოქმედების ზონის სხვა მდიდარი ქვეყნები მზად არიან განიხილონ ერთიანი ვალუტის მოქმედების უფრო მცირე მასშტაბის ზონის შექმნა, ფისკალური კოორდინაციის მაღალი დონით და სუსტი ეკონომიკების მქონე ქვეყნების გარეშე.

ეს ევროს მოქმედების ზონის დაშლა იქნება - ევროპა ახალ, ჯერჯერობით უცნობ გზას დაადგება. თუმცა ჯერჯერობით ეს პროექტი მხოლოდ ვარაუდად რჩება. დისკუსია და მოქმედება კვლავ ევროს გადარჩენაზეა კონცენტრირებული.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG