Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ქრისტიან-დემოკრატები სოციალური პროგრამების დაფინანსების გაზრდას ითხოვენ


ქუთაისის 2012 წლის ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტი, მერიის საფინანსო სამსახურის ინფორმაციით, საკრებულოს, ვადის დაცვით, 10 დეკემბრამდე წარედგინა.

ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის მიმართ შენიშვნები აქვს ადგილობრივ ოპოზიციას. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ქრისტიან-დემოკრატი დავით დვალი მიიჩნევს, რომ პრიორიტეტულად აღებულ ინფრასტრუქტურულ პროგრამებში გასართობი და სანახაობითი პროექტებისთვის მეტი თანხაა გამოყოფილი, ვიდრე ქალაქის ქუჩების კეთილმოწყობისთვის.

საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციის, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენლებმა აღმასრულებელ ხელისუფლებას გააცნეს საკუთარი რეკომენდაციები, რომელთა მიხედვითაც 2012 წლის ბიუჯეტის პროექტის ცალკეული სოციალური პროგრამების დაფინანსების გაზრდა მოითხოვეს. დავით დვალის აზრით, სასურველია უფასო მგზავრობის პროგრამაში სტუდენტური ოჯახების ჩართვა და 100%-ით დაფინანსება. ამ პროგრამით ამჟამად მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები, პირველი ჯგუფის სპეციალური საჭიროების პირები და სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრები - სულ 1000 ბენეფიციარი სარგებლობს. ქრისტიან-დემოკრატები ადგილობრივ ხელისუფლებას ურჩევენ სამედიცინო დახმარების პროგრამაში თვითმმართველობის თანამონაწილეობის მაქსიმალური თანხა 700-დან 1000 ლარამდე, ხოლო ერთჯერადი დახმარების მაქსიმალური ზღვარი, 200 ლარი, 50%-ით გაზარდონ.

როგორც მერიის საფინანსო სამსახურში განმარტავენ, საკრებულოში განმეორებით შეტანილ 2012 წლის ბიუჯეტის პროექტში ცვლილებები მხოლოდ სოციალური პროექტების ორ პროგრამაში შევიდა და თანხები გაიზარდა მრავალშვილიანი ოჯახებისა და მატერიალური დახმარებებისთვის.

ქუთაისის მერის გიორგი თევდორაძის განმარტებით, 2011 წელთან შედარებით, მომავალი წლის ბიუჯეტში სოციალური პროგრამების ყველა მაჩვენებელი გაზრდილია, თუმცა 2012 წელსაც პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იქნება.

როგორც მერიაში განმარტავენ, საკრებულოს ფრაქციებსა და კომისიებში ბიუჯეტის პროექტის განმეორებითი განხილვა მიმდინარეობს და საკრებულო ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს წლის ბოლომდე დაამტკიცებს.
XS
SM
MD
LG