Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევნილთა მომსახურების გამარტივებული პროცედურები


დევნილთა სამინისტროს საკონსულტაციო განყოფილება
დევნილთა სამინისტროს საკონსულტაციო განყოფილება
დევნილთა სამინისტრომ დევნილთა მიღების სისტემაში ელექტრონული სისტემა დანერგა და გარემონტებული საკონსულტაციო განყოფილება აამუშავა. დევნილთა კოალიციის წარმომადგენელთა თქმით, ცვლილება ჯერჯერობით მხოლოდ ფორმის დონეზე მოხდა, კომუნიკაცია სამინისტროსთან ისევ არაქმედობაუნარიანია.

დევნილთა სამინისტროსთან მისულებს ტელეჟურნალისტები დაგვხვდნენ, რომლებსაც სამინისტროს წარმომადგენლები მიუძღოდნენ. ექსკურსიას ჩვენც შევუერთდით. ავდივართ კიბეზე, ავიარეთ დაცვის გამშვები პუნქტი. ესენიც გამოვატარო? - იკითხა დაცვის თანამშრომელმა ჩვენზე: წინასწარ არ გაგვიფრთხილებია…გაგვატარეს, ჩავუარეთ რკინის კარებს, ზედ აბრით: ’სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო’… ავდივართ ბოლოსწინა სართულზე. სითბოა.

გარემონტებული ოთახი და წინ ოქროს ფერებში გადაწყვეტილი დიდი დაფა, ოცამდე საერთაშორისო ორგანიზაციის დასახელებით, - ვინც, როგორც ჩანს, ფული გაიღო ამ სივრცის მოსაწყობად. კარების თავზე ელექტრონული ტაბლოები, რიგის აღმნიშვნელი: სხვადასხვა ფერი სხვადასხვა საკითხზე კონსულტაციისთვის.

”ანუ ფერები ნიშნავს, რა თემაზე ხარ მოსული.”

თემები: საცხოვრებელ ფართთან დაკავშირებული საკითხები, ცნობები, მონაცემთა ბაზაში ცვლილების შეტანა, სტატუსთან დაკავშირებული საკითხები… შესაბამისი ფერები, გამოყოფილი გადატიხრული მცირე სივრცეები, კომპიუტერთან მსხდომი ადამიანები... - როგორც ვარკვევ, ეს საკონსულტაციო სივრცეა. წინა ვიზიტებისგან განსხვავებით, სამინისტროს ამ სივრცეში სიჩუმეა.
კომუნიკაცია, შარშანდელთან შედარებით, ნამდვილად გამარტივდა. შეუძლია დევნილს სხვადასხვა ფერის ბარათით ავიდეს და გაესაუბროს ...

დევნილი: ზევით ამიშვებენ?
სამინისტროს წარმომადგენელი: კი, კი, აგიშვებენ.

კედლებზე საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის მიერ გადაღებული ფოტოები: დევნილები სათბურში, მწვანილით ხელში; დევნილები თონეში პურს აცხობენ; დევნილები თოხებით, ტრაქტორების ფონზე… ტელეკამერას ველოდებით, რომელიც კადრებს კრეფს, და სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ავდივართ კიდევ უფრო ზევით. ქოლცენტრი.

ქოლცენტრის წარმომადგენელი: აბსოლუტურად ყველა კითხვა არის პასუხგაცემული. იმ შემთხვევაში, თუ იმწუთში ვერ მოიძიება, ვართმევთ ტელეფონს და, მოკლედ, ყველა ზარზე ხდება აბსოლუტური რეაგირება.

დილის ცხრიდან საღამოს ათამდე ამ ნომერზე - 2 43 11 00 - ოთხი ზარის ერთდროულად მიღება შეგვიძლიაო…

ასე დასრულდა ექსკურსია გარემონტებულ სივრცეში. დავეშვით ეზოსკენ. ეზოში დევნილთა კოალიციის წარმომადგენლები დგანან. ერთი თვეა ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ვითხოვთ, კონკრეტული წინადადებები გვაქვს და გვინდა შევთავაზოთო.

”სისტემა მუშაობს მხოლოდ ფორმალურად, ნებისმიერ სერიოზულ შეკითხვაზე პასუხს ვერ გცემენ, გამისამართებენ ხელმძღვანელობასთან, იქ კი კარებები ჩაკეტილია… ერთი თვეა ვითხოვთ შეხვედრას, უშედეგოდ…”

”კომუნიკაცია, შარშანდელთან შედარებით, ნამდვილად გამარტივდა. შეუძლია დევნილს სხვადასხვა ფერის ბარათით ავიდეს და გაესაუბროს, თუმცა გასაუბრებას უმრავლეს შემთხვევაში შედეგი არ მოჰყვება. კომუნიკაციის გამარტივება ქმედობაუნარიანობას უნდა ნიშნავდეს შესაბამისად. თუ აქამდე დევნილი კიბეებზე იდგა და რეალურ პასუხს ვერ ღებულობდა, დღეს კიბეზე არ დგას, მაგრამ შედეგი ისევ არ არის, ანუ არსებითად არაფერი შეცვლილა.”

სამინისტრო გარეგნულად არ შეცვლილა. უბრალოდ, ეზოში არ შიმშილობენ დევნილები, არ არის ტრანსპარანტები. შეიძლება ითქვას, სიჩუმეა.
XS
SM
MD
LG