Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალში ვითარება კვლავ დაძაბულია


ცხინვალი
ცხინვალი
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ვითარება დაძაბული რჩება. ალა ჯიოევას მომხრეები ისევ ცენტრალურ მოედანზე დგანან და თავიანთი ლიდერის გამარჯვების აღიარებას მოითხოვენ. ალა ჯიოევას მომხრეები სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის დათხოვნის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. ინფორმაციას გენერალი ანატოლი ბარანკევიჩი ავრცელებს. მისი თქმით, თუ უახლოეს დღეებში კონკრეტული გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული, ჯიოევას მომხრეები ათი ათასამდე ხელმოწერას შეაგროვებენ. ბარანკევიჩი დარწმუნებულია, რომ ასეთ შემთხვევაში ძალოვნები ხალხის მხარეს დადგებიან.

ვითარება ცხინვალში ვერც რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენლის სერგეი ვინოკუროვის ვიზიტმა განმუხტა. მისი ორდღიანი მოლაპარაკებები ოპოზიციასთან უშედეგოდ დასრულდა. ვინოკუროვი მოსკოვში წუხელვე გაემგზავრა. გუშინ საღამოს ალა ჯიოევამ რუს და ოს ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა. მისი თქმით, კომპრომისი მიღწეული არ არის და ბრძოლას გააგრძელებს. ამასობაში ცხინვალში ჯიოევას მომხრეების რაოდენობა სულ უფრო იზრდება. მაგალითად, დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის ვიცე-სპიკერი იური ძიცოითი, რომელიც არჩევნების დროს ანატოლი ბიბილოვის შტაბში მუშაობდა, დღეს მიიჩნევს, რომ ჯიოევას არასამართლიანად მოექცნენ.

ცხინვალში კი სულ უფრო იზრდება ანტირუსული განწყობები. ჯიოევას მომხრეებმა განაცხადეს, რომ არ მიიღებენ მონაწილეობას რუსეთის სათათბიროს არჩევნებში. როგორც ცნობილია, დე ფაქტო რესპუბლიკის მოსახლეობის 90 პროცენტზე მეტი პარალელურად რუსეთის მოქალაქეცაა. ალა ჯიოევას თქმით, მისი მომხრეები მიიჩნევენ, რომ მათი საარჩევნო უფლება შელახულია და არც ერთ არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებენ, თუმცა იგი მომიტინგეებს ამისკენ არ მოუწოდებს.

ზურაბ ბენდიანიშვილი, თავმჯდომარე კოალიციისა „დევნილთა უფლებებისთვის“ მიიჩნევს, რომ რაც ახლა ცხინვალში ხდება, კრემლის პოლიტიკის შედეგია. მისი აზრით, ცხინვალში უფრო ანტიკრემლური განწყობა გაიზარდა, ვიდრე ანტირუსული.
ალა ჯიოევა
ალა ჯიოევა

კოკოითი მიიჩნევს, რომ ალა ჯიოევას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, მომავალი წლის მარტში დანიშნულ არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინოს.

მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა პირობა მისცა მის მხარდამჭერ მომიტინგეებს, რომ მათ სამართლებრივ დევნას არ დაიწყებს. ჯიოევასთვის კოკოითის წინადადება მიუღებელია და აცხადებს, რომ 25 მარტის არჩევნების ჩატარებას თუ გადაწყვეტენ, ამომრჩევლები მის ბოიკოტირებას მოახდენენ და ქუჩებში საპროტესტო აქციებით გამოვლენ.

ორი დღის განმავლობაში დაკეტილი იყო როკის გვირაბი. ხელისუფლება ამის მიზეზად ელექტროენერგიის გათიშვას ასახელებდა, მაგრამ ტრანსკავკასიური მაგისტრალი დღეს ისევ დაიკეტა, ახალ მიზეზად კი უამინდობა დასახელდა. როგორც ცნობილია, მოსკოვსა და ვლადიკავკაზში ჯიოევას მხარდამჭერი მიტინგები იმართება. ჯიოევას მომხრეების აზრით, ტრანსკავკასიური მაგისტრალის ჩაკეტვა გამოწვეულია რუსეთის ხელისუფლებისა და კოკოითის შიშით, ჩრდილოეთ ოსეთიდან ცხინვალში მათი მომხრეები არ ჩამოვიდნენ.
XS
SM
MD
LG