სირია გმობს არაბული ლიგის მიერ წაყენებულ ულტიმატუმს, რომელიც დღემდე აძლევს ვადას სირიის ტერიტორიაზე მეთვალყურეების შესაშვებად. წინააღმდეგ შემთხვევაში მას სანქციებით ემუქრებიან. სირიის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო „სანა“ აცხადებს, რომ არაბული ლიგა იქცა „უცხოეთიდან ჩარევის ინსტრუმენტად“ და ემსახურება დასავლეთის მიზნებს, ხელი შეუწყოს არეულობას რეგიონში. ჯერ არ არის ნათელი, ნიშნავს თუ არა კრიტიკა იმას, რომ დამასკი უარს იტყვის არაბული ლიგის მეთვალყურეების შეშვებაზე. არაბული ლიგის განცხადებით, თუ დამასკი უარზე დადგება, ლიგა შეხვედრას გამართავს 26 ნოემბერს შესაძლო სანქციებზე, მათ შორის სირიასთან ვაჭრობის აკრძალვაზე მოსალაპარაკებლად. ამასობაში, მოსკოვმა განაცხადა, რომ ეწინააღმდეგება სირიის წინააღმდეგ სანქციებს და რომ სირია საჭიროებს შიდაპოლიტიკურ დიალოგს. გაეროს მონაცემებით, სირიაში 3500-მდე ადამიანია მოკლული რეპრესიების შედეგად, რომლებიც ახლავს მარტში დაწყებულ საპროტესტო აქციებს პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის გადადგომის მოთხოვნით.
ყველაზე პოპულარული
1