Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

სპორტული სკოლების კეთილმოწყობა მომავალ წელსაც გაგრძელდება


სპორტის სხვადასხვა სახეობას ქუთაისის სპორტულ სკოლებში 3500- ზე მეტი მოზარდი ეუფლება. როგორც მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის სპორტის განყოფილებაში განმარტავენ, ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს კლუბების დაფინანსებითა და ხელშეწყობით გააძლიეროს სპორტის თითოეული სახეობა. მერიის სპორტის განყოფილების ხელმძღვანელის გია ჩიხლაძის ინფორმაციით, საფეხბურთო კლუბ “ტორპედო -ქუთაისის“ მსგავსად, რომელზეც „ვისოლი ჯგუფი“ ზრუნავს, ინვესტორები ქუთაისის საკალათბურთო და რაგბის გუნდებითაც დაინტერესდნენ.

გია ჩიხლაძის თქმით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქალაქში სპორტის განვითარებისთვის პრიორიტეტულად 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდების ხელშეწყობა მიიჩნია, მნიშვნელოვანია მათთვის შეჯიბრებებში მონაწილეობის დაფინანსება და სათანადო სავარჯიშო პირობების შექმნა. ამ მიზნით მიმდინარე წლის თებერვალში სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანება შეიქმნა, რომელიც აერთიანებს ქუთაისის 14 სპორტულ სკოლას, სპორტის სასახლესა და საცხენოსნო კლუბს „იმედი“. როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, გაერთიანება კომპლექსურია და სპორტის რამდენიმე სახეობას ასწავლიან ქალაქის 5 სპორტულ სკოლაში. აქედან ყველაზე მეტი - 600-მდე მოზარდი - ჭიდაობას ეუფლება, თითქმის ანალოგიურია ბავშვთა დაინტერესება რაგბითა და ტანვარჯიშით. სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელის მოადგილის ნინო უჩაძის აზრით, სპორტული სკოლების სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის აუცილებელია სავარჯიშო დარბაზების, გასახდელებისა და საშხაპეების მოწყობა, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფა, წლევანდელის მსგავსად, 2012 წელსაცაა დაგეგმილი. ნინო უჩაძის თქმით, მნიშვნელოვანია როგორც სპორტის ოლიმპიური, ასევე არაოლიმპიური სახეობებისთის ხელშეწყობა.

თავის მხრივ, მერიის სპორტის განყოფილებაში განმარტავენ, რომ თანამედროვე ტიპის სპორტის სასახლე შესაძლებელს ხდის ქუთაისში სპორტის რამდენიმე სახეობაში საერთაშორისო ტურნირი ჩატარდეს. უახლოეს მომავალში კი იგეგმება სპორტის ფსიქოლოგთა ასოციაციისა და ქართული ორთაბრძოლების ხელოვნების განვითარებისათვის კვლევითი ცენტრის დაფუძნება.
XS
SM
MD
LG