Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კაიროში საპროტესტო მოძრაობას მსხვერპლი მოჰყვა


კაირო, 2011 წლის 21 ნოემბერი
კაირო, 2011 წლის 21 ნოემბერი
საერთაშორისო საზოგადოებამ მკაცრად დაგმო ეგვიპტის ხელისუფლების მიერ ძალის გამოყენება, რასაც მსხვერპლი მოჰყვა: ბოლო სამი დღის განმავლობაში, პოლიციის ძალებსა და დემონსტრანტებს შორის მომხდარი შეტაკებების დროს, 20 ადამიანი დაიღუპა. საპროტესტო აქციების მონაწილეები, რომლებიც კვლავ კაიროს ტაჰრირის მოედანზე არიან შეკრებილნი, ეგვიპტის სამხედრო ხელისუფლებას მოუწოდებენ ძალაუფლება სწრაფად გადასცეს სამოქალაქო ხელისუფლებას.
დემონსტრანტები ამბობენ, რომ სამხედრო საბჭო უარესია, ვიდრე მუბარაქი, რომ საბჭო სამშვიდობო საპროტესტო გამოსვლებს ისევე ეპყრობა, როგორც მუბარაქის რეჟიმი...

მიუხედავად უქმე დღეების სისხლიანი დაპირისპირებისა, 21 ნოემბერს დემონსტრანტები და უსაფრთხოების ძალები კვლავ ერთმანეთის პირისპირ დგანან კაიროს ცენტრალურ ტაჰრირის მოედანზე. უსაფრთხოების ძალებს დემონსტრანტების წინააღმდეგ არსენალში აქვთ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი. ბოლო სამი დღის დაპირისპირების შედეგი შემზარავია: შეტაკების დროს დაიღუპა 20 და დაშავდა 1750 კაცი. 24 წლის საბრი ჰალედის, ქალაქ გიზაში მცხოვრებ კბილის ექიმს, ზურგში ორჯერ მოხვდა რეზინის ტყვია. დაშავებულმა დემონსტრანტმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ყელში ამოუვიდა ეგვიპტის მმართველი სამხედრო რეჟიმის პოლიტიკა:

„მათ ყელში ამოუვიდათ სამხედრო ძალების უმაღლესი საბჭოს ძალადობა. დემონსტრანტები ამბობენ, რომ სამხედრო საბჭო უარესია, ვიდრე მუბარაქი, რომ საბჭო სამშვიდობო საპროტესტო გამოსვლებს ისევე ეპყრობა, როგორც მუბარაქის რეჟიმი. მათ სძულთ ყველაფერი, რაც სამხედო მმართველობას უკავშირდება. ჩვენ განუწყვეტლივ გავიძახით: „ძირს სამხედრო მმართველობა!“
ნამდვილი ტრაგედია ისაა, რომ ადამიანებს ესვრიან და ხოცავენ ეროვნული ტელევიზიების თვალწინ და ხალხს ეს არ ანაღვლებს...

შეტაკებები პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის ეგვიპტეში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გამოძახილია. როგორც ზემოთ ითქვა, ეგვიპტელების ნაწილი უკმაყოფილოა იმით, რომ ჰოსნი მუბარაქის დამხობის შემდეგ ქვეყნის სათავეში მოსულმა სამხედრო მმართველობამ შეანელა რეფორმები და, როგორც შიშობენ, ხელისუფლების შენარჩუნებას ცდილობს. მშვიდობიანი აქციის დარბევამ ბევრი ეგვიპტელი ამაში კიდევ უფრო დაარწმუნა. მათ შორის არის 23 წლის აჰმედ აიადი, რომელიც შეაძრწუნა ძალადობამ:

„ნამდვილი ტრაგედია ისაა, რომ ადამიანებს ესვრიან და ხოცავენ ეროვნული ტელევიზიების თვალწინ და ხალხს ეს არ ანაღვლებს. არა მგონია, რომ მთავრობაში, ხელისუფლებასა და სამხედრო საბჭოში მყოფი ადამიანები აცნობიერებდნენ, რა ხდება. ისინი ამბობენ, ჩვენ არავის ვკლავთო, როდესაც ყველაფერი ტელეეკრანზე ჩანს. ეს პირდაპირ ეთერშია, ყველას შეუძლია მსოფლიოში ამის ნახვა. არ ვიცი, ჩვენ, საპროტესტო დემონსტრაციების მონაწილეები არ ვიღებთ საკმაო მხარდაჭერას.“
აქციის დაშლა
აქციის დაშლა

ევროკავშირმა დაგმო ძალადობა ეგვიპტეში, ხოლო კავშირის საგარეო ურთიერთობათა კოორდინატორმა კეთრინ ეშტონმა მოუწოდა ეგვიპტის ხელისუფლებას, შეწყვიტოს ძალადობა. აღსანიშნავია, რომ 28 ნოემბერს ეგვიპტეში დანიშნულია ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები, რომლის ჩატარებას საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყნის მასშტაბით დაწყებული ძალადობა.

თუმცა ეგვიპტის მმართველი სამხედრო საბჭო უარყოფს ბრალდებას, თითქოს განზრახული ჰქონდეს ძალაუფლების შენარჩუნება სამოქალაქო პირებისათვის მისი გადაცემის შემდეგაც. ეგვიპტის სახელმწიფო ტელევიზიით წაკითხულ სამთავრობო განცხადებაში ნათქვამია, რომ არეულობა ვერ ჩაშლის არჩევნებს. ეგვიპტეში პარლამენტის ქვედა და ზედა პალატის არჩევნები 28 ნოემბერს დაიწყება და შუა მარტამდე გასტანს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG