Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

უხვი მოსავალი და... პრობლემები


სამცხე-ჯავახეთში მოსავლის აღება თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში დასრულებულია. ადგილობრივები ამბობენ, რომ წლევანდელი წელი მარცვლეული კულტურის სიუხვით გამოირჩევა, თუმცა ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე სოფლის მეურნეობის საკითხებში თამაზ ფქვალაძე იმასაც ამბობს, რომ 4 ივლისის ძლიერმა სეტყვამ მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს სერიოზული ზარალი მიაყენა.

განსაკუთრებით კარგი მოსავალი ადიგენის მუნიციპალიტეტში ჰიბრიდული ჯიშის სათესლე პროდუქციისგან მიიღეს, თუმცა მათ არც ადგილობრივი ჯიშები ჩამორჩნენ, – აცხადებენ ადგილობრივი ფერმერები. ის გლეხები კი, რომლებმაც აქცენტი ბოსტნეულზე გააკეთეს, განმარტავენ, რომ წელს მცირე რაოდენობით და ისიც დაბალი ხარისხის მოსავალი მიიღეს.

უხვ მოსავალზე საუბრობენ ახალციხეშიც, თუმცა გამგეობაში მიაჩნიათ, რომ წელს როგორც ბოსტნეულის, ასევე ხეხილის კარგი მოსავალი ამინდთან ერთად სარწყავი სისტემის რეაბილიტაციამაც განაპირობა. მუნიციპალიტეტის გამგებელი გელა დემეტრაძე განმარტავს, რომ უხვი მოსავლის შემთხვევაში ფერმერებს მათი რეალიზაცია ადგილზევე შეუძლიათ.

დაბინავებული მოსავლის შემდეგ მოსახლეობა კიდევ ერთი პრობლემის წინაშე დგას. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ამბობს, რომ მოსავლის აღების შემდეგ ფერმერებმა საშემოდგომო ხვნა-თესვა უნდა დაიწყონ, თუმცა არასაკმარისი ტექნიკის გამო ადგილობრივებს მუშაობის დაწყება უჭირთ.
უხვი მოსავლის მიუხედავად, წელს ხილ-ბოსტნეულზე ფასები მაინც მაღალია. გლეხების თქმით, ამის მიზეზი ის არის, რომ სათესლე მასალის ყიდვა და მისი მოვლა მათ ძვირი უჯდებათ.
XS
SM
MD
LG