Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლონდონის კონფერენცია კიბერსივრცეზე


ლონდონი მასპინძლობს საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც ეძღვნება ინტერნეტ-დანაშულებთან დაკავშირებულ საფრთხეებს. კონფერენციაზე მსჯელობენ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა უზრუნველყონ ინტერნეტის უსაფრთხოება ეკონომიკური თანამშრომლობისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის გარეშე.

მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლები, საერთაშორისო კომპანიების აღმასრულებელი დირექტორები და ინტერნეტ-აქტივისტები შეიკრიბნენ ლონდონში, ინტერნეტის მომავალზე სასაუბროდ. კონფერენციის მონაწილეებს შორის არიან, მაგალითად, პოპულარული საინტერნეტო ენციკლოპედიის, ვიკიპედიის დამაარსებელი ჯიმი უეილსი და კომპიუტერული ვირუსების ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტი ევგენი კასპერსკი.

ფორუმს სახელწოდებით „ლონდონის კონფერენცია კიბერსივრცის შესახებ“ მასპინძლობს ბრიტანეთის საგარეო უწყება და სწორედ ამ უწყების ხელმძღვანელმა, უილიამ ჰეიგმა გახსნა შეხვედრა ლონდონის მეცნიერების მუზეუმში წარმოთქმული სიტყვით. მან აღნიშნა, რომ ლონდონის შეხვედრა კიბერსივრცის შესახებ არის ამ ტიპის პირველი საერთაშორისო კონფერენცია და რომ „ის იწყებს მნიშვნელოვან დიალოგს კიბერსივრცის საფრთხეებისა და შესაძლებლობების შესახებ. ის განიხილავს დიდ საკითხებს, ხედვას, იმედებს, წარუმატებლობებს, შანსებსა და გამოწვევებს. ამავე დროს, ტარდება დამატებითი პროგრამა - ლონდონის კიბერინიციატივა, რომელიც მომზადდა სპეციფიკური საკითხების განსახილველად, როგორიცაა ინტერნეტის თავისუფლება, კიბერ-სამართალი, განვითარება, ბავშვთა ინტერნეტ-უსაფრთხოება, კიბერთავდასხმები და პოლიციის მუშაობა“, განაცხადა უილიამ ჰეიგმა.

ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ერთ-ერთ უდიდეს ამოცანად მიიჩნევს ზრუნვას იმაზე, რომ ყველამ შეძლოს, ისარგებლოს „უსაფრთხო კიბერსივრცესთან“ დაკავშირებული შესაძლებლობებით. ჰეიგის აზრით, „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხებზე დებატები იყოს მაქსიმალურად ინკლუზიური, რადგან ყველას აინტერესებს ეს საკითხები და ინტერნეტი არ ექვემდებარება ერთი რომელიმე პირის, ან ორგანიზაციის კონტროლს“.

თუ ბრიტანეთი და დასავლეთის სხვა ქვეყნები ინტერნეტთან მიმართებით, უწინარეს ყოვლისა, ყურადღებას ამახვილებენ პრობლემებზე, როგორიცაა ინტელექტუალური საკუთრების მოპარვა და ჰაკერული თავდასხმები, ავტორიტარული რეჟიმების შეშფოთებას იწვევს ინტერნეტისა და სოციალური მედიის როლი ანტისამთავრობო აქციების ორგანიზებისას, როგორც ეს წელს გაზაფხულზე მოხდა არაბულ ქვეყნებში.

სექტემბერში ჩინეთმა, რუსეთმა, ტაჯიკეთმა და უზბეკეთმა გაეროს მიმართეს მოწოდებით, შემუშავდეს ქცევის გლობალური კოდექსი, რომელიც გაითვალისწინებს შემდეგ პრინციპს: ინტერნეტთან დაკავშირებულ, საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება იქნება ცალკეული ქვეყნების სუვერენული უფლება. ამ ინიციატივას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს ინტერნეტის მომხმარებლებში, რომლებიც ხედავენ (ქცევის ასეთი კოდექსით) ინტერნეტში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხეს. ლონდონის კონფერენციაზე მსჯელობენ, უწინარეს ყოვლისა, სწორედ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა უზრუნველყონ ინტერნეტსივრცის უსაფრთხოება ეკონომიკური თანამშრომლობისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის გარეშე.

ექსპერტების შეფასებით, ლონდონის კონფერენციაზე განსახილველი საკითხების დიდი რაოდენობის გამო არსებობს საფრთხე, რომ მონაწილეები დებატებს ვერ გასცდებიან და კონკრეტულ შედეგებამდე ვერ მივლენ. თუმცა, არსებობს ერთი სფერო, რომელშიც უახლოეს მომავალშია მოსალოდნელი ერთსულოვნების მიღწევა: ეს არის თანამშრომლობა ინტერნეტში საერთო სისხლის სამართლის დანაშაულთან და ბავშვთა პორნოგრაფიასთან ბრძოლაში.
XS
SM
MD
LG