Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილისა და აშშ-ის მხარდაჭერის კვირა


ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი
მიმოხილვა დავიწყოთ თემით, რომელსაც საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი უკავშირდება და რომელმაც, ამ ინტერესიდან გამომდინარე, აშკარად დაჩრდილა კვირის სხვა მოვლენები. ყურადღების ცენტრშია პოლიტიკაში მძლავრად მოსვლის მსურველი ბიზნესმენი, რომლის ნახვის საშუალებაც საზოგადოებას ჯერ ისევ არ მიეცა. ამ ეტაპისთვის მედია, ანალიტიკოსები თუ პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის შესახებ ჯერ ისევ წარმოსახვითა და იმ შთაბეჭდილებებით მსჯელობენ, რაც მათზე ბიზნესმენის მიერ გამოქვეყნებულმა ორმა წერილმა მოახდინა.

შეიძლება ითქვას, რომ ამ წერილების შინაარსს სხვადასხვა დონესა თუ შრეში სხვადასხვანაირად განმარტავენ: თუკი, მაგალითად, ხელისუფლება ბიზნესმენის უკან კრემლის ხელს ხედავს, ხელისუფლების ოპონენტები საქართველოში პოლიტიკური ამინდის მკვეთრ გაუმჯობესებაზე ლაპარაკობენ. ისინი თვლიან, რომ რუსეთში ნაშოვნი ფული კრემლის მსახურებას სულაც არ ნიშნავს და რომ ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ ჯანსაღი პოლიტიკური ალტერნატივის შექმნისა და ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის სურვილი ამოძრავებს. ამასთან, მათი აზრით, ბიზნესმენმა მკვეთრად დასავლური ორიენტაცია უკვე გამოამჟღავნა, როდესაც მან თანამშრომლობის ხელი ირაკლი ალასანიას ”თავისუფალ დემოკრატებსა” და რესპუბლიკურ პარტიას გაუწოდა. ეს შეთავაზება ასახული იყო ბიზნესმენის მეორე და ჯერჯერობით ბოლო წერილში, რომელიც 12 ოქტომბერს გამოქვეყნდა.

რესპუბლიკური პარტიისთვის პრინციპულად შეუძლებელია სახელისუფლო პირველი ეშელონის რომელიმე წარმომადგენელთან - იქნება ეს მერაბიშვილი, ბოკერია თუ სააკაშვილი - პირდაპირი თუ არაპირდაპირი ურთიერთობა...
ხსენებულ პოლიტიკურ პარტიებთან ბიძინა ივანიშვილმა საერთო ენა უკვე გამონახა ასევე 12 ოქტომბერს გამართული შეხვედრების დროს ცალკე - ირაკლი ალასანიასთან და ცალკე - დავით ბერძენიშვილსა და პაატა ზაქარეიშვილთან. ამ შეხვედრების შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებებში მხარეები გვამცნობენ, რომ მიღწეულია შეთანხმება ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით და რომ აბსოლუტურად პერსპექტიულია სამომავლო კონკრეტული თანამშრომლობა. ჯერჯერობით არ დაზუსტებულა თანამშრომლობის ფორმა და არც კონკრეტული გეგმა არსებობს, თუმცა, როგორც რესპუბლიკელი დავით ბერძენიშვილი აცხადებს რადიო თავისუფლებისთვის 13 ოქტომბერს მიცემულ ინტერვიუში, რესპუბლიკელების, “თავისუფალი დემოკრატებისა” და თავად ბიძინა ივანიშვილის პოზიციების საბოლოო შეთანხმების შემთხვევაში სწორედ ეს სამი ძალა გადაწყვეტს კიდევ რომელი პოლიტიკური პარტია ითანამშრომლებს მათთან.

ამავე ინტერვიუში დავით ბერძენიშვილი ხაზს უსვამს რესპუბლიკური პარტიის მიერ ჩამოყალიბებულ ”მკაფიო და ნათელ” პოზიციას:

”რესპუბლიკური პარტიისთვის პრინციპულად შეუძლებელია სახელისუფლო პირველი ეშელონის რომელიმე წარმომადგენელთან - იქნება ეს მერაბიშვილი, ბოკერია თუ სააკაშვილი - პირდაპირი თუ არაპირდაპირი ურთიერთობა. ბიძინა ივანიშვილი ძალიან გაგებით მოეკიდა ჩვენს ამ პოზიციას და პრინციპში მას საწინააღმდეგო არაფერი გამოუხატავს. გაგრძელდება კონსულტაციები.”

უცნობია, რა კონტექსტში წამოიჭრა ბიძინა ივანიშვილთან საუბარში საკითხი თანამშრომლობაზე მაღალი სახელისუფლო ეშელონის ხსენებულ სამ წარმომადგენელთან, მაშინ როცა ბიძინა ივანიშვილის 12 ოქტომბრის ვრცელ წერილში მკითხველთა დიდმა ნაწილმა გარკვეული თანამშრომლობის შესაძლებლობა მხოლოდ შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილთან მიმართებით ივარაუდა.

საქმე ის არის, რომ ბიძინა ივანიშვილი ვანო მერაბიშვილს ”კარგ მენეჯერად”, ”კარგ ორგანიზატორად” და ”ბევრი დადებითი თვისების მქონე პიროვნებად” ახასიათებს. ბიზნესმენი თვლის, რომ სწორედ ვანო მერაბიშვილმა უნდა ურჩიოს გადადგომა ”დაღლილსა და გამოფიტულ” მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ”უფსკრულისკენ მიაქანებს” ქვეყანასაც და საკუთარ თავსაც. ხოლო თუ პრეზიდენტმა არ დაუჯერა, მაშინ თავად მერაბიშვილი უნდა გადადგეს, რათა დარჩეს ”საქართველოში საპატივცემულო და ღირსეულ ადამიანად.”

რაც შეეხება სახელისუფლო გუნდის წარმომადგენლებთან ბიძინა ივანიშვილის სამომავლო თანამშრომლობის ზოგად კონტექსტს, წერილიდან კარგად ჩანს, რომ სამომავლო თანამშრომლობა აბსოლუტურად შესაძლებელია, თუკი ისინი ”დროზე მიხვდებიან საკუთარ შეცდომებს”, რადგანაც საქართველოს ”არ ჰყავს დასაკარგი და მოსაკვეთი” ადამიანები.

არასდროს ქართულ პოლიტიკაში არ იქნება რუსული ფული, საქართველოში პუტინის მიერ ნასესხები თანხით ან პუტინის მიერ ნაბოძები თანხით პოლიტიკა არ გაკეთდება...
თუმცა ბიზნესმენი განსაკუთრებით მკაცრია იმ პარტიებთან მიმართებით, რომლებსაც ის 12 ოქტომბრის წერილში „ფსევდოოპოზიციურ პარტიებად” მოიხსენიებს. წერილის ქვეთავში - ”ვისთან ვერ ვითანამშრომლებ ?” პირდაპირ არიან დასახელებული: ”ქრისტიან-დემოკრატები”, ”ლეიბორისტები”, ”ახალი მემარჯვენეები”, ”ედპ”, ”ქართული პარტია” და ”თორთლაძისა და დავითაიას პარტიები”. აქვე ვთქვათ, რომ ხსენებული პარტიების უმეტესობამ საპასუხო ანტიპათია უკვე გამოხატა ბიძინა ივანიშვილის მისამართით და გარკვევით მიანიშნა მის შესაძლო თანამშრომლობაზე კრემლთან. აშკარა გამონაკლისს წარმოადგენს ”ქართული პარტია”, რომლის ლიდერმა ეროსი კიწმარიშვილმა ბიძინა ივანიშვილს ღია პოლიტიკური თანამშრომლობა შესთავაზა, თუმცა ეს შეთავაზება აშკარად იგნორირებულია.

რაც შეეხება ხელისუფლების რეაქციას, ბოლო დღეებში ის აშკარა დუმილს ინარჩუნებს, თუმცა მანამდე მისმა არაერთმა წარმომადგენელმა თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ყიდვას რუსული ფულით აპირებს და რომ კრემლთან თანაზიარი თანხებით ვერავინ მოვა ქართულ პოლიტიკაში.

”არასდროს ქართულ პოლიტიკაში არ იქნება რუსული ფული, საქართველოში პუტინის მიერ ნასესხები თანხით ან პუტინის მიერ ნაბოძები თანხით პოლიტიკა არ გაკეთდება. ჩვენ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ დავიცვათ ქართული პოლიტიკა რუსული ფულისაგან”, - საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა პავლე კუბლაშვილმა ეს განცხადება 11 ოქტომბერს გააკეთა, იმ დღეს, როდესაც სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ გაავრცელა პირველი ცნობა ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ.

გაირკვა, რომ მიზეზად იქცა საფრანგეთის პასპორტი, რომელიც რუსეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილმა 2004 წელს საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემდეგ აიღო. იმავე განცხადებაში 13 ოქტომბერს შეტანილი ცვლილების მიხედვით, სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ მოკვლევა მას შემდეგ დაიწყო, რაც ბიძინა ივანიშვილი 7 ოქტომბერს გამოქვეყნებულ წერილში რუსეთის მოქალაქეობასთან ერთად თავად ახსენებდა საფრანგეთის მოქალაქეობას. სამოქალაქო რეესტრი აცხადებს, რომ საქართველოს კონსტიტუციისა და „მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 32-ე მუხლის მიხედვით, ”საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღება იწვევს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას.”

ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა ოპონენტებმა პოლიტიკურ აქტად შეაფასეს და გამოიტანეს დასკვნა, რომ შოკში ჩავარდნილი ხელისუფლება ყველანაირად უშლის ხელს ბიზნესმენის პოლიტიკაში მოსვლის გეგმებს. მათი ეს პოზიცია კიდევ უფრო გამყარდა 15 ოქტომბერს, როდესაც ცნობილი გახდა, რომ 11 ოქტომბერით დათარიღებული ბრძანებულების საფუძველზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა არა მხოლოდ ბიზნესმენს, არამედ მის მეუღლეს - ეკატერინე ხვედელიძესაც ჩამოართვა. ივანიშვილის ადვოკატის ეკა ბესელიას მიერ 15 ოქტომბერს გავრცელებული განცხადებით, 2004 წელს, როდესაც ასევე პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე მიენიჭა ორმაგი მოქალაქეობა, ეკატერინე ხვედელიძე უკვე იყო როგორც რუსეთის, ასევე საფრანგეთის მოქალაქე.

”ეკატერინე ხვედელიძესთან მიმართებით გამოვლინდა კანონის პირდაპირი დარღვევა ხელისუფლების მხრიდან”, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე, რომელსაც ამავე დროს მიაჩნია, რომ მოქალაქეობის შეწყვეტა უსაფუძვლო იყო ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაშიც. მისი განმარტებით, როცა კონსტიტუციით განსაზღვრული გამონაკლისის მიხედვით, პრეზიდენტი სხვა ქვეყნის მოქალაქე ამათუიმ პირს ორმაგ მოქალაქეობას ანიჭებს, კანონი არ კრძალავს, რომ ეს სხვა ქვეყანა იყოს ერთი ან რამდენიმე.

”კონსტიტუციური ნორმებისა და ორგანული კანონის ნორმების არსიდან გამომდინარე, არც ბიძინა ბიძინა ივანიშვილისთვის უნდა შეეწყვიტათ მოქალაქეობა, მაგრამ აქ, მისი მეუღლის შემთხვევაში, არც ის არგუმენტი არსებობს, რაც ხელისუფლებამ ბიძინა ივანიშვილთან მიმართებით გამოიყენა. ფაქტია, რომ საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემდეგ, მის მეუღლეს არცერთი სხვა ქვეყნის მოქალაქეობა არ მიუღია.”

ადვოკატ ეკა ბესელიას 15 ოქტომბრის განცხადების მიხედვით, ”მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ შეტანილი იქნება სარჩელი სასამართლოში მის მიერ გამოცემული უკანონო ბრძანებულების # 602 გაუქმების მოთხოვნით.” ამასთან, ”შესაძლო საფრთხის გათვალისწინებით”, მან ურჩია ბიძინა ივანიშვილს, რომ ამ ეტაპზე დაიტოვოს საფრანგეთის მოქალაქეობის პასპორტი. რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეობას, ბიზნესმენი მასზე ოფიციალურ უარს ის 17 ოქტომბერს იტყვის, როდესაც ამგვარი თხოვნით მიმართავს შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციას.

რუსეთის ჯარისკაცებს კვლავაც ოკუპირებული აქვთ საქართველოს ტერიტორია. რუსეთსა და საქართველოს შორის დაძაბულობა კვლავაც მეტისმეტად მწვავეა...
პროცესები ისე ვითარდება, რომ პოლიტიკაში მოსვლის მსურველი ბიზნესმენი საზოგადოებას ჯერჯერობით არ უხილავს და ჯერ ისევ ვერ ხერხდება პრესისთვის დაპირებული ფართომასშტაბიანი პრესკონფერენციის გამართვა. საქმე ის არის, რომ ბიზნესმენს ამ ღონისძიების ჩატარება საკუთარ სახლში მოქმედ პრესსამდივნოდან წარმოუდგენია, მაშინ როცა „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ფორმატის შეცვლაზე უარს ამბობს და ბიძინა ივანიშვილს თოქ-შოუს ტიპის გადაცემებში ეპატიჟება. ამ ეტაპისთვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ ტელეკომპანია CNN-ის ეთერში ბიზნესმენის 2-ნაწილიან ინტერვიუ 17-18 ოქტომბერს გადაიცემა.

უნდა ითქვას, რომ ამ კონტექსტში მიმდინარე კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები 12 და 13 ოქტომბერს შეერთებულ შტატებში ვითარდებოდა. 12 ოქტომბერს სენატში, საგარეო ურთიერთობათა ევროპის საკითხების ქვეკომიტეტში გამართულ მოსმენაზე, რუსეთში ამერიკის ელჩობის სავარაუდო კანდიდატმა მაიკლ მაკფოლმა პრინციპული მიდგომები გამოხატა რუსეთის ქმედებების მისამართით საქართველოს ტერიტორიაზე:

„რუსეთის ჯარისკაცებს კვლავაც ოკუპირებული აქვთ საქართველოს ტერიტორია. რუსეთსა და საქართველოს შორის დაძაბულობა კვლავაც მეტისმეტად მწვავეა და ამიტომ კვლავინდებურად პრიორიტეტულად მივიჩნევთ ამ საკითხს.“

მაიკლ მაკფოლი აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატები მუდმივად შეახსენებს რუსეთს სამშვიდობო შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებებს, აქტიურად არის ჩაბმული ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პროცესში და არ ახდენს ზეგავლენას საქართველოზე ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების პერსპექტივასთან მიმართებით. მაკფოლი საქართველოსადმი მხარდაჭერის მნიშვნელოვან ასპექტებად ასახელებს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის გაწევრიანების, მისი ეკონომიკური განვითარებისა და სამხედრო სფეროს მხარდაჭერის საკითხებს.

საქართველოზე მაიკლ მაკფოლს საკმაოდ დიდხანს მოუხდა საუბარი და ეს დიდწილად შეიძლება ჩაითვალოს საგარეო ურთიერთობათა ევროპის საკითხების ქვეკომიტეტის თავმჯდომარის, დემოკრატი სენატორის ჯინ შაჰინის დამსახურებად, რადგანაც სწორედ მან მოსთხოვა მომავალ ელჩს 12 ოქტომბერს გამართულ მოსმენაზე მთელი რიგი საკითხების დაკონკრეტება.

13 ოქტომბერს კი გამოქვეყნდა გავლენიან ანალიტიკურ ცენტრ „ატლანტიკურ საბჭოში“ საქართველოს საკითხზე მომუშავე ჯგუფის სპეციალური ანგარიში და აღსანიშნავია, რომ ამ ჯგუფს სწორედ სენატორი ჯინ შაჰინი თანათავმჯდომარეობს. ეს ანგარიში რეკომენდაციებს აძლევს შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს, რომ უფრო აქტიურად ითანამშრომლონ საქართველოსთან. ანგარიშის ავტორები, მაგალითად, მიიჩნევენ, რომ შეერთებულმა შტატებმა პრინციპულად უნდა განუმარტოს რუსეთს, რომ ის არ შეეგუება 2008 წლის შემდეგ რუსეთის მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და მეზობელ ქვეყანასთან საზავო ხელშეკრულების დარღვევას. აქვეა საუბარი ”დიპლომატიურ შეტევაზე”, რომელსაც შეერთებულმა შტატებმა უნდა მიმართოს, რათა რუსეთის მიერ გამოვლენილი აგრესია ”მისაღები საერთაშორისო ქცევის” პრეცედენტად არ დამკვიდრდეს.

”2008 წლის ომის შემდეგ აშშ-ისა და ევროპის ლიდერებს უკეთეს შემთხვევაში ბუნდოვანი პოზიციები აქვთ, უარეს შემთხვევაში კი ვერ თანხმდებიან საბოლოო ანგარიშით რისი შეთავაზება შეუძლიათ დემოკრატიული საქართველოსთვის”, - ვკითხულობთ ანგარიშში, რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა საქართველოს შემდგომი დემოკრატიული განვითარების აუცილებლობას, მათ შორის უსაფრთხოების კონტექსტშიც.
ნამდვილად არ ვიცი, რას გეგმავს ის მომდევნო წლების განმავლობაში, მაგრამ 2012 და 2013 წლების არჩევნები მართლაც არის გადამწყვეტი გამოცდა საქართველოს დემოკრატიისათვის...

”ჩვენ ვაპირებთ, დავეხმაროთ საქართველოს, რათა მან მოახერხოს შიდა და საგარეო პოლიტიკური პრობლემების მოგვარება”, - აღნიშნავს სენატორი ჯინ შაჰინი რადიო თავისუფლების ვაშინგტონის ბიუროს კორესპონდენტ ჰეზერ მაჰერისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში და იქვე განმარტავს, რომ ”საქართველომ განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს რეფორმების გაგრძელებას კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში.”

კორესპონდენტის შეკითხვას, თუკი საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყანას შემდგომში გაძლიერებულ პრემიერ-მინისტრად მოევლინება, რას შეიძლება ნიშნავდეს ეს სცენარი საქართველოს დემოკრატიული განვითარებისათვისო, სენატორი ჯინ შაჰინი ასე უპასუხებს:

”ნამდვილად არ ვიცი, რას გეგმავს ის მომდევნო წლების განმავლობაში, მაგრამ 2012 და 2013 წლების არჩევნები მართლაც არის გადამწყვეტი გამოცდა საქართველოს დემოკრატიისათვის. მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები იყოს ღია, გამჭვირვალე და თავისუფალი და რომ საქართველოს დემოკრატია გასცდეს პიროვნებათა პოლიტიკის საზღვრებს და გადავიდეს ისეთ პროცესში, სადაც პოლიტიკურ პარტიებს შეეძლებათ თავისუფლად მოქმედება, არჩევნებში ბრძოლა და, ვფიქრობ, ეს უნდა იყოს მემკვიდრეობა, რომელსაც პრეზიდენტი სააკაშვილი დატოვებს - ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა ერთი დემოკრატიული ადმინისტრაციიდან მეორე დემოკრატიული ადმინისტრაციისთვის.”

რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში სენატორი ჯინ შაჰინი ასევე დასძენს, რომ ”არსებობს მთელი რიგი მნიშვნელოვანი პრობლემები”, რომლებსაც საქართველოსთან მიმართებით თვალს მიადევნებენ ევროპაშიც და აშშ-შიც.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG