Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

18 წელი სოხუმის დაცემიდან


ყოველ 27 სექტემბერს - სოხუმის დაცემის დღეს - აფხაზეთიდან დევნილები ერთმანეთს გმირთა მოედანზე, ომში დაღუპულთა მემორიალთან ხვდებიან. სოხუმელებს, გაგრელებს, გუდაუთელებს, ოჩამჩირელებს, გალელებს - ყველას ერთი ტრაგედია აერთიანებთ - 1993 წლის 27 სექტემბერი, წაგებული ომი, მიტოვებული სახლ-კარი, დაღუპული ახლობლები. 18 წლის შემდეგაც ამ დღეს ისინი თბილისში, დევნილობაში იხსენებენ.
დღეს ან ხვალ იქნებ მოვკვდე და ჩემი შვილის საფლავი არ ვიცი სად არის...

აბლოთია,
აბრამიშვილი,
ადეიშვილი,
აბსანძე...
6 წლის ნატა თავის თანაკლასელებთან ერთად გმირთა მოედანზე, სამშობლოსათვის დაღუპული მეომრების მემორიალთან დგას და 18 წლის წინ აფხაზეთის ომში დაღუპულთა გვარებს დამარცვლით კითხულობს. მემორიალთან ხალხი დილიდან იკრიბება. გვირგვინები მოაქვთ და სანთლებს ანთებენ. ისევე როგორც შარშან და შარშანწინ და იმის წინ, მთელი ამ 18 წლის განმავლობაში გმირთა მოედანზე, საკუთარი შვილების გადიდებული ფოტოებით ხელში, მოდიან შაოსანი დედები. თინა გახოკიძე და ზაირა შელია ყველაზე ადრე გამოჩნდნენ:

”დღეს ან ხვალ იქნებ მოვკვდე და ჩემი შვილის საფლავი არ ვიცი სად არის, არც მის შვილებს ეცოდინებათ... ერთადერთი ოცნება მაქვს, სანამ ცოცხალი ვარ, აფხაზეთში დავბრუნდე..“

”ჩემთვის ეს სიკვდილის დღეა. საფლავები გვენატრება, ჩვენი მიწა გვენატრება, ჩვენი სახლები..”

ხალხი ჯერ მემორიალის ახლომახლო ტრიალებს, მერე ნაცნობები ერთმანეთს პოულობენ, ესალმებიან, ჯგუფებად დგანან, ამბებს ჰყვებიან, იხსენებენ. გაგრელი რემე კივილაძე ახლა 66 წლისაა, 47-ისამ დატოვა საკუთარი ქალაქი. დღეს თბილისში, სასტუმრო „საქართველოში“ ცხოვრობს და ელის, იქიდანაც როდის გაასახლებენ:

”ამ მთავრობის იმედი არ მაქვს. ძალიან გულგატეხილი ვარ... ახალმა თაობამ სულ არ იცის ვინ ვართ, რა მეგობრობა-მეზობლობა გვქონდა. ამას წინათ საზღვართან ვიყავი, გავხედე აფხაზეთს. ისეთი უცნაური შეგრძნება მქონდა... აქ კი არ ვცხოვრობთ, შეკედლებული ვართ ექვსი სული სხვის ოთახში, სასტუმროში, და ველოდებით იქიდანაც როდის გაგვყრიან.”



სოხუმის დაცემის დღე შეხვედრის დღეა აფხაზეთის ომის ვეტერანებისთვისაც. ზოგს სიმბოლურად დღესაც სამხედრო ტანსაცმელი აცვია. ერთმანეთს ზედმეტსახელებით მიმართავენ, ეხვევიან. გიორგი დეკანოზიშვილი, იგივე კარუზო, ჩვენ გია გულუას ბიჭები ვართო, ასე წარადგენს თავს და სულ ბოლო, სოხუმიდან გამოსვლის დღეს იხსენებს:

”ჩვენ აღებული სოხუმი გავიარეთ და ისე გამოვაღწიეთ ოჩამჩირემდე. ჩარჩენილები ვიყავით გუმისთასთან და საერთოდ არ ვიცოდით სოხუმი თუ დაეცა... სასწაულით გადავრჩით. უბრალოდ, აფხაზებს შევეშალეთ - როცა მათ სოხუმის ქუჩებში შევხვდით, თავისიანები ვეგონეთ, მხოლოდ ხელი აგვიწიეს და არ გვესროლეს...“

თემო გოგსაძე კი ამბობს, რომ ყოველ წელს მოდის ამ ადგილას ერთადერთი სურვილით - გამოიძიონ რა მოხდა აფხაზეთში 18 წლის წინ:

”არ შეიძლება, რომ ის გაუგონარი ღალატი, რაც სახელმწიფო დონეზე გადაწყდა, გამოუძიებელი დარჩეს. ამ ბიჭებს ომი არ წაუგიათ და სოხუმი არ დაცემულა მათ გამო. ეს იყო ჩვენი თანამდებობის პირების უცხო სახელმწიფოს მითითებებზე დაკრული ცეკვა - ასე შევაფასებდი და ერთად რომ ვიცხოვროთ ჩვენ და აფხაზებმა მომავალში, აუცილებლად გავასამართლებთ მათ.”

სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. სოჭი-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის დასაცავად აფხაზეთის ტერიტორიაზე შესულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ გვარდიას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ვლადისლავ არძინბას განკარგულებით შექმნილმა ”აფხაზურმა გვარდიამ” ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეისთან ცეცხლი გაუხსნა.

აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა.

ქართული მხარის ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, აფხაზეთში 1992-1993 წლებში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებისას ქართული მხრიდან 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, აფხაზეთიდან დევნილი 300 ათასი ქართველი კი უსახლკაროდ დარჩა.

აფხაზური მხარის მონაცემებით კი, დაიღუპა 3 500 და დაიჭრა 2 ათასამდე აფხაზი.

27 სექტემბერს აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის პროტესტის ფონზე.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრს ჯემალ გამახარიას აფხაზეთში დაბრუნება დროის საქმედ მიაჩნია და ფიქრობს, რომ ამისათვის საერთაშორისო არენაზე პოლიტიკური ამინდი უნდა შეიცვალოს:

”ჩვენ ვართ დროის მოლოდინში, როდესაც ვითარება საერთაშორისო არენაზე შეიცვლება, ძალთა თანაფარდობა შეიცვლება და ამ გეოსტრატეგიული ცვლილებების შემდეგ ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით აფხაზეთში.”
ნათესავები არა მხოლოდ უფრო მჭიდროდ ურთიერთობენ, ამ ბოლო დროს მათ საქმიანი კავშირებიც აქვთ - საერთო ბიზნესი, მაგალითად - და ეს კავშირი სულ უფრო აქტიური ხდება.

სოხუმის დაცემის დღეს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს ოპოზიციური პარტიების ლიდერებმაც. „თავისუფალი დემოკრატების“ სახელით ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ომში დაღუპულების ხსოვნა მოქმედებას მოითხოვს. მან ქართველებისა და აფხაზების შერიგების აუცილებლობასაც გაუსვა ხაზი:

”ჩვენ გვჭირდება შრომა ამ ყველაფრის მისაღწევად და შეუდრეკელი ნაბიჯების გადადგმა, რომ შევურიგდეთ აფხაზებს. ეს ტრაგედია ყველა ჩვენგანისთვის არის დღე, როდესაც ვხვდებით, რომ ჩავიდინეთ შეცდომა, რომლის გამოსწორებაც შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ აქტიური ნაბიჯების გადადგმით, ერთმანეთისკენ ხელის გაწოდებით.”

რეზო ბენდელიანი, რომელიც წლებია ქართულ-აფხაზური შერეული ოჯახების ასოციაციას ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ ბოლო წლებში ქართველთა დ აფხაზთა ურთიერთობებში ბევრი რამ შეიცვალა. ეს ზედაპირზე არ ჩანს, მაგრამ სახალხო დიპლომატია, მისი თქმით, მაინც მუშაობს. ნათესავები ერთმანეთს არ კარგავენ:

”ნათესავები არა მხოლოდ უფრო მჭიდროდ ურთიერთობენ, ამ ბოლო დროს მათ საქმიანი კავშირებიც აქვთ - საერთო ბიზნესი, მაგალითად - და ეს კავშირი სულ უფრო აქტიური ხდება.”

27 სექტემბერს სამშვიდობო აქცია ”მე მიყვარს აფხაზეთი” აფხაზეთის საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში - განმუხურშიც მოეწყო. ქართველმა ბავშვებმა აფხაზ თანატოლებს აფხაზურად მიმართეს და ცაში სიმბოლური სამშვიდობო გზავნილი - ქაღალდის ფარნები - აუშვეს.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG