Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო და ეკლესია: 1. ახალი კანონი


ლიბერალურ დემოკრატიას ორი ფუნდამენტური ღირებულება უდევს საფუძვლად: თავისუფლება და თანასწორობა. გუშინ მიღებული კანონი რელიგიური ინსტიტუტების შესახებ ორივე ამ ღირებულების დამკვიდრებას ემსახურება: ის ზრდის სხვადასხვა რელიგიური ინსტიტუტების თანასწორობას კანონის წინაშე და ამით მეტ შესაძლებლობას აძლევს მორწმუნეებს, უფრო სრულად გამოიყენონ საკუთარი რელიგიური თავისუფლება.

ის, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შეეწინაღმდეგა ამ კანონს, არაა გასაკვირი - ჩვენ უკვე კარგა ხანია ვხვდებით, რომ ეს ინსტიტუტი არც ლიბერალურ ღირებულებებს ეფუძნება და არც - დემოკრატიულს. წინააღმდეგობის მიზეზი, ჩემი აზრით, საბჭოთა ისტორიაში უნდა ვეძიოთ - საბჭოთა კავშირში ეკლესიები და, მათ შორის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მართალია იდევნებოდა, მაგრამ მათ ასევე ჰქონდათ სრული მონოპოლია რელიგიურ სფეროზე. ნებისმიერი სხვა ”არატრადიციული” რელიგიური მიმდინარეობა თუ ინსტიტუტი შეუდარებლად უფრო სასტიკად იდევნებოდა, ვიდრე ის, რომელიც უკვე იყო დამკვიდრებული შესაბამის საბჭოთა რესპუბლიკაში. სწორედ ამ საბჭოთა წინარეისტორიის გათვალისწინებით უჭირს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, შეეგუოს პლურალიზმს, რომლის გარეშეც ლიბერალური დემოკრატია არ არსებობს.

სანამ სხვა ქვეყნები არ აღიარებენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსს სათანადოდ, ჩვენ რატომ გავაკეთოთ ეს რელიგიური უმცირესობების ინსტიტუტების მიმართ? იმიტომ, რომ ჩვენ ლიბერალური დემოკრატიის მშენებლობა გვჭირდება ქვეყნის შიგნით და არა - მსოფლიო მასშტაბით (რასაც ჩვენი ძალები ვერ გასწვდება). ეს არგუმენტი იმას ჰგავს, ვინმეს 2006 წელს რომ ეთქვა, რაღაი და რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეები სატვირთო თვითმფრინავებით გამოყარეს, ჩვენ იგივე გავუკეთოთ რუსეთის მოქალაქეებსო. არა, ეს არგუმენტი კიდევ უფრო უარესია, რადგან რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლები ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან და არა უცხო ქვეყნისა. სწორედ მათ წინაშე აქვს აღებული ვალდებულება საქართველოს სახელმწიფოს.

რაღა ამ რელიგიას მიაცივდით, სხვა პრობლემა აღარ დარჩა საქართველოში? - წინასწარ მესმის ოპონენტის კითხვა. რასაკვირველია, დარჩა. თანამედროვე პოლიტიკის ფილოსოფოსები რამდენიმე ასეთ მნიშვენლოვან საკითხს ანუ „გაყოფას“ ითვლიან: გაყოფა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის, გაყოფა სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის, გაყოფა სახელმწიფოსა და ბაზარს შორის, და ა. შ. ოღონდ ამ საკითხებიდან სახელმწიფოსა და რელიგიური ინსტიტუტების ურთიერთობა ერთ-ერთი ფუნდამენტია მოდერნული საზოგადოების მშენებლობის საქმეში. ჩვენ ამას კარგად ვხედავთ ევროპისა და აშშ-ს განვითარების მაგალითზე, სადაც სეკულარიზაცია - სხვადასხვა ფორმებით - წინაპირობა აღმოჩნდა ადამიანის სხვა უფლებების დაცვისათვის. მხოლოდ ამ ფუნდამენტზე ლიბერალურ დემოკრატიას ვერ ავაშენებთ, მაგრამ მის გარეშეც არაფერი გამოვა.

მოქალაქეების ჩართულობაა საჭირო! - ეს იყო მანტრა, რომელიც ამ დღეებში გვესმოდა ოპოზიციური პარტიების მხრიდან. ჩემი აზრით, ეს მოთხოვნა ლეგიტიმურია, მაგრამ შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებაა საჭირო: ა) თუ დავფიქრდებით, დებატები ბევრად უფრო იყო საჭირო მაშინ, როდესაც ერთ კონფესიას უპირატესი სტატუსი ენიჭებოდა, ვიდრე ახლა, როცა განსხვავებული კონფესიების გათანასწორება ხდება კანონის წინაშე, რაც ინტუიციურად შეუდარებლად უფრო ნათელი და ცხადია; ბ) მიუხედავად ამ სიცხადისა, აღნიშნულ საკითხზე დებატები უკვე წლებია მიმდინარეობდა და დაინტერესებულ ადამიანებს - თუმცა მათი რიცხვი საკმაოდ მცირეა - ინფორმაცია ჰქონდათ; გ) მმართველი პარტია პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით არის წარმოდგენილი, ხოლო იმავე პარტიის ლიდერი აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი პირია, რაც პარტიას შესაძლებლობას აძლევს, კანონები მიიღოს იმ ტემპით, რომელიც მას უპრიანად მიაჩნია. ამის გამოსწორებას ცალკეული კანონების წინააღმდეგ პროტესტი კი არა, ისეთი არჩევნები უშველის, სადაც მმართველ პარტიას ნაკლები დეპუტატი ეყოლება პარლამენტში; დ) გარდა ამ დაბრკოლებისა, ჩართულობის აუცილებელი წინაპირობა დემოკრატიულ საზოგადოებაში პოლიტიკური ინსტიტუტებია - პირველ რიგში, პოლიტიკური პარტიები. მანამ, სანამ საქართველოში არც ერთი სრულფასოვანი პოლიტიკური პარტია არ არსებობს, ვერც ისეთი სრულფასოვანი დემოკრატიული პროცესი იქნება, ჩვენ რომ გაგვიხარდება. მაგრამ ამის გამო კანონების მიღებას პარლამენტი ვერ შეწყვეტს. ეს უკანასკნელი სტრუქტურული პრობლემაა, რომელიც კონკრეტულად ამ კანონის მიღებას არ უკავშირდება.

რაც შეეხება ლიბერალური ოპოზიციური პარტიების ოპორტუნიზმს, რომლებმაც ამ დღეებში ვერ გაბედეს არაპოპულარული აზრის გამოთქმა - ეს, პირველ რიგში, მათთვის გახდება პრობლემა. ისეთ ჯერ კიდევ დაულაგებელ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, პოლიტიკოსის მთავარი ღირსება მისი გაბედულებაა (თუ ჩემი არ გჯერათ, მაკიაველი გადაიკითხეთ - რაღაც ასპექტებში მე-16 საუკუნის ფლორენციისგან ძალიან შორს სულაც არ ვართ). ამ პარტიების ლიდერები ამ გაუბედავობით ქვეყნის შიგნითაც კარგავენ მომხრეების ისედაც მცირე ჯგუფს, ვერ იკრებენ ახალ მომხრეებს (რადგან მათი ხმა არალიბერალური პოლიტიკოსების ხმებში ირევა) და ქვეყნის გარეთაც აჩვენებენ, რომ მათზე ფსონის დადება არ ღირს.

ახალ კანონზე ოპოზიციის ნაწილმა სწრაფადვე იპოვა პასუხი და შემოგვთავაზა ინიციატივა, გამოვაცხადოთ მართლმადიდებლობა ოფიციალურ რელიგიად. სინამდვილეში, ეს „ოფიციალური რელიგია“ სხვა არაფერია, თუ არა სახელმწიფო რელიგია, რომლის მაგალითადაც მართლმადიდებლური საბერძნეთია მოყვანილი. საბერძნეთშიც დაახლოებით იგივე წინარეისტორია არსებობდა, რაც საქართველოში, ოღონდ საბჭოთა კავშირის მაგივრად იქ მართლმადიდებელი ეკლესიის მონოპოლიის სტატუსი ოსმალთა იმპერიის მიერ იყო განსაზღვრული (ე. წ. ”მილეთების” სისტემა). მაგრამ არსებობს სერიოზული განსხვავებაც: ჯერ ერთი, მართლმადიდებლობას საბერძნეთში უწყვეტი საუკუნოვანი ტრადიცია აქვს, რომელიც საერთო იყო ქვეყნის მთელი მოსახლეობისათვის. საქართველოში ეს ტრადიცია ჯერ 1817 წელს გაწყდა - საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებით რუსული იმპერიის მიერ, შემდეგ კი - 1920-იან წლებში, ბოლშევიკური რეჟიმის რეპრესიების შედეგად. ეკლესიის დღევანდელი ინსტიტუციონალური ფორმა მე-20 საუკუნის ორმოციან წლებშია შექმნილი, ხოლო ამ ეკლესიის მრევლის ტიპი - ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში. ეს ცოტაა იმისთვის, რომ საყოველთაოდ გაზიარებული მყარი საზოგადოებრივი ფორმები ჩამოყალიბებულიყო. რაც დღეს სახეზე გვაქვს, უფრო დისკურსია (ანუ წესების ერთობლიობა, რომელიც მეტყველებას განსაზღვრავს), ვიდრე ინსტიტუტი (ანუ წესების ერთობლიობა, რომელიც ქცევას განსაზღვრავს).

მეორე განსხვავება ისაა, რომ საბერძნეთში მართლმადიდებლობაა აღიარებული სახელმწიფო რელიგიად და არა - ერთი მართლმადიდებელი ეკლესია. მეტიც, საბერძნეთის სახელმწიფო ოფიციალურად რამდენიმე ბერძნულ მართლმადიდებელ ეკლესიას აღიარებს.

მე ასევე ეჭვს შევიტანდი იმის მიზანშეწონილობაში, საბერძნეთი ავირჩიოთ მოდელად, თუნდაც რელიგიური საკითხების მოგვარების საქმეში. სწორედ ამ დღეებში თვალსაჩინოდ ვხედავთ იმ დომხალს, რომელიც საბერძნეთში არსებობს სწორედ მოუწესრიგებელი საკანონმდებლო ბაზისისა და მისი პრაქტიკაში უვარგისი გამოყენების გამო, არაფერი რომ ვთქვათ შრომის ეთიკის არარსებობაზე, რომლის საფუძვლებშიც შეიძლება რელიგიურობის სპეციფიკაც ამოვჩხრიკოთ. ამიტომ, მოდით, გაკოტრების პირას მდგარი საბერძნეთის სახელმწიფოს მაგალითად ნუ დავისახავთ, მათ შორის, ნურც რელიგიის საქმეში (მე არც სინგაპური მინდა მოდელად. დასავლეთ ევროპისა და აშშ-ს გზა სრულიად მაკმაყოფილებს).

მაგრამ მთავარი მაინც სხვაა - ოპოზიციის ახალმა ინიციატივამ ძველი გამახსენა - საპარლამენტო რეჟიმზე გადასვლის მოთხოვნა. როგორც ყველას გვახსოვს, ოპოზიცია ამ მოთხოვნას მანამდე აყენებდა, სანამ ხელისუფლებამ ის მართლაც არ შეასრულა. ოღონდ განსაკუთრებულ კმაყოფილებას ოპოზიციის წარმომადგენლებს ამის შედეგად ვერ ვატყობ, პირიქით.

მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემთხვევაში, დიდი შანსია, იგივე სცენარი განმეორდეს. მე არ ვიცი, მაინც რას ელიან ამ ინიციატივის მომხრეები, მაგრამ, ჩემი აზრით, სულ ორად ორი რეალისტური შესაძლებლობა არსებობს:

ან ეს ინიციატივა ისევე ჩავარდება, როგორც ბევრი სხვა. ეს ყველაზე უფრო სავარაუდოა; ან - წარმოვიდგინოთ ყველაზე დაუჯერებელი სცენარი - მართლაც მოხერხდება იმდენი ხალხის მობილიზაცია ამ ინიციატივის ირგვლივ, რომ ხელისუფლებას სხვა გზა არ დარჩება, თუ არა იგი მიიღოს, მიუხედავად ქვეყნის შიგნით ლიბერალების, ხოლო ქვეყნის გარეთ საერთაშორისო თანამეგობრობის წინააღმდეგობისა. მაგრამ შედეგი იქნება სრულიად განსხვავებული იმისგან, რაც ოპოზიციას შეიძლება ჰქონდეს ჩაფიქრებული. არა, საჯარო სფეროს ნაწილობრივი კლერიკალიზაცია, რასაკვირველია, მოხდება. სასულიერო პირები ხელფასებს ამის შემდეგ პირდაპირ ბიუჯეტიდან მიიღებენ და, რეალურად, სახელმწიფო მოხელეები გახდებიან. მაგრამ ეკლესია დაკარგავს თავის დღევანდელ ავტონომიას, რომელიც იმდენად ძლიერია, რომ მისთვის ხარკის გადახდა სახელმწიფოს უწევს და შეეზრდება ამ უკანასკნელს. რთული მისახვედრი არ უნდა იყოს, ვინ აიღებს კონტროლს ამ შეზრდის შედეგად - ეს იქნება დღევანდელი ეფექტური სახელმწიფო აპარატი და არა საკმაოდ სუსტად სტრუქტურირებული ეკლესია. ამის შედეგად მმართველ პარტიას გაუჩნდება კიდევ ერთი - ახლა უკვე იდეოლოგიურ-სპირიტუალური - ინსტრუმენტი. ეს რომ ოპოზიციის კიდევ უფრო დასუსტებას გამოიწვევს, ამაში ეჭვიც არ მეპარება.

ზაზა ბურჭულაძემ უკანასკნელ ბლოგში აღწერა მონსტრი, რომელიც პოლიციისა და ეკლესიის შეზრდისგან წარმოიშვა. ზაზა ცდება, თუ ფიქრობს, რომ ეს მონსტრი დღეს არსებობს - არანაირ სიმბიოზს ამ ორ ინსტიტუტს შორის ადგილი ჯერ-ჯერობით არ აქვს, რაც ამ დღეების მოვლენებმაც დაადასტურა. მაგრამ თუ მოხდა დაუჯერებელი და მართლმადიდებლობა გადაიქცა სახელმწიფო რელიგიად, მაშინ მართლაც შეიძლება ვიხილოთ ჰიბრიდული ფიგურა, რომელსაც ხელში ჯვრის ფორმის ხელკეტი ექნება.

არ გამიკვირდება, თუ ეს ხელკეტი პირველ რიგში იმ ოპოზიციონერებს მოხვდებათ თავში, ვინც მართლმადიდებლობის სახელწიფო რელიგიად გამოცხადებას ემხრობა.

ძველი სიბრძნის მიხედვით, ღმერთებს სიცილი უყვართ. ამ სცენის დანახვაზე ისინი ალბათ გულიანად იხარხარებენ.

(გაგრძელება იქნება)

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG