Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოციალიზმის აჩრდილი და „ლიბერტარიანული“ აპოკალიფსი


საქართველოს, ისევე, როგორც თავისუფლებისმოყვარე მთელს კაცობრიობას, მორიგი საფრთხე ემუქრება: ეს არც „ქათმის გრიპია“ და არც მოახლოებული სამყაროს აღსასრული, არც გლობალური ფინანსური კრიზისი და არც გლობალური დათბობა, არც რუსეთის აგრესია და არც უცხოპლანეტელთა შემოსევა მფრინავი თეფშებით... ეს სოციალიზმის აჩრდილია, რომელიც უკვე ამაყად დააბიჯებს ევროპასა და აზიაში და თვით თეთრ სახლზეც აუფრიალებია გარდამავალი წითელი დროშა...

„სოციალიზმი ამპარტავნულია“, „სოციალიზმი ამორალურია“, „ნებისმიერ სოციალისტს (რიგით ბოლშევიკსა თუ ბარაკ ობამას) მიაჩნია, რომ თქვენი და ჩემი ქონება მისია (პოპულარულ ენაზე „საერთოა“) და უკეთესად იცის როგორ უნდა გამოიყენოს ის. ცხადია, „სამართლიანობისთვის“, „თანასწორობისთვის“ და „სიკეთისთვის ბრძოლაში“! რომ გამოიყენოს – ჯერ უნდა წაგართვას, რომ წაგართვას – უნდა მოიგონოს რაიმე კანონ(ებ)ი, და დაარწმუნოს ადამიანების უმეტესობა, რომ მათზე ზრუნვაში იძინებს და იღვიძებს... ნებისმიერი სოციალისტური სისტემის სახე არს სახე მხეცისა“ – ეს შემზარავი ხატები კუნძულ ფატმოსზე განმარტოვებულ ღვთისმეტყველს კი არ ეჩვენა, არამედ ქართველი ლიბერტარიანელების მთავარი ბეჭდვითი ორგანოს - ჟურნალ „ტაბულის“ ფურცლებზე განცხადებული აპოკალიფსური ხილვებია.

ქართველი ლიბერტარიანელების იდეალი – შეუზღუდავი თავისუფალი ბაზარი და პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ დასახული მიზანი – „საქართველოს სინგაპურიზაცია“, რომელიც, როგორც ჩანს, „სიღნაღიზაციის“ შემდეგი საფეხურია და სულ ორიოდე წელიწადში, პრეზიდენტის ახალი პროგნოზ-დაპირებით, ქვეყნის მოსახლეობაზე მეტ – ხუთ მილიონ ტურისტს მოგვივლენს , რაც, საბოლოო ჯამში, საქართველოს „საბაზრო სიკეთეებით“ გააბრწყინებს (თუმცა კი ამ სიკეთეებით გაბრწყინებული და „ლიბერტარიანელ ბიზნესმენთა“ რანგში აღზევებული ჯერჯერობით თითქმის მხოლოდ სააკაშვილის მთავრობის ყოფილი წევრები თუ ნაცმოძრაობის აქტივისტები ან მათთან დაახლოებული პირები არიან).

მაგრამ პრეზიდენტის ამ პროექტს სკეპტიკოსებად სწორედ ევროპელი და ამერიკელი ექსპერტები გამოუჩნდნენ. თომას დე ვაალის აზრით, „სინგაპურიზაცია“, რაც საქართველოში მაქსიმალურად ლიბერალური საბაზრო სისტემის შექმნას გულისხმობს, რეალობასაა მოკლებული. ხოლო ქვეყანას, უზარმაზარი სოციალური, ეკონომიკური თუ პოლიტიკური პრობლემების მოსაგვარებლად, ესაჭიროება სახელმწიფო სისტემის დემოკრატიზაცია და სოციალური დაცვის სტრუქტურების შექმნა. ამის სანაცვლოდ კი საქართველოში სულ უფრო მეტად იკვეთება ერთპარტიული და ავტორიტარული მართვის ტენდენციები. დე ვაალის აზრით, ქართულ პოლიტიკურ სპექტრს სწორედ სოციალ-დემოკრატიული პოლიტიკური ძალა აკლია, რომლის პრიორიტეტიც სოციალური პოლიტიკა იქნებოდა.

სააკაშვილის ხელისუფლებისადმი კრიტიკული განწყობა ევროკავშირში უკვე 2007 წლის მიწურულს გამოიკვეთა, 2009 წლიდან კრიტიკული ხმები ამერიკიდანაც გაისმა. აქედან მოყოლებული ქართველი ლიბერტარიანელების ერთგვარ „მტრის ხატად“ იქცევა ამერიკის ახალი პრეზიდენტი, რომლის მიმართ საკუთარ უარყოფით ემოციებს ისინი დაახლოებით ისეთივე ფორმით გამოხატავენ, როგორითაც საბჭოთა სატირული ჟურნალი „ნიანგი“ კაპიტალისტურ საზღვარგარეთს წარმოაჩენდა: ფეისბუკზე თითქმის ყოველდღე ქვეყნდება ობამას კარიკატურები, რომლებიც მას ხან სტალინად, ხან ლენინად, ხანაც ბინ-ლადენად გამოსახავენ. ამ კარიკატურების მესიჯი ისეთივეა, როგორიც „ტაბულის“ ზემოხსენებული სტატიისა: ობამა სოციალისტი მოძალადეა, რომელიც კერძო საკუთრებას თავს ესხმის! ყველა ადამიანისათვის ხელმისაწვდომ სამედიცინო დაზღვევას, ისევე, როგორც უფასო სწავლას, სოციალურად დაუცველთა დახმარებასა და ა.შ. ლიბერტარიანელები თავისუფლების ხელყოფად და ადამიანის ღირსების შელახვად მიიჩნევენ. დაბალშემოსავლიანები და სოციალურად დაუცველი ადამიანები კი გამოდიან მუქთახორები, რომლებიც ბეჯითი და მაღალმორალურობით გამორჩეული ლიბერტარიანელების ხარჯზე ცდილობენ არსებობას.

საქართველოში, სადაც, ფაქტობრივად, არ არსებობს სოციალისტური ორიენტაციის პოლიტიკური ძალები, რომლებსაც ნაცმოძრაობის კურსისათვის რაიმენაირი წინააღმდეგობის გაწევა შეეძლებოდათ, ლიბერტარიანელთა ამ ანტისოციალისტური ისტერიის სამიზნეები საქართველოს ფარგლებს გარეთაა საძებნელი. საამისოდ ვერც ველური კაპიტალიზმის სანიმუშო რუსეთი გამოდგება. ხოლო რადგანაც სააკაშვილის ასევე მემარჯვენე ოპოზიცია, რომელიც, ფაქტობრივად, უკვე სრულიად დისკრედიტებულია და ნაცმოძრაობისათვის არავითარ საფრთხეს აღარ წარმოადგენს, საკუთარი პოლიტიკის წარუმატებლობის ახალი, გარე მიზეზებია საძებნელი და საამისოდ სოციალისტთა საერთაშორისო შეთქმულება გადაბრალების იდეალურ ობიექტად შეიძლება გამოდგეს.

სოციალური სახელმწიფოს ევროპული იდეის დისკრედიტაცია, მისი ამორალურად და არაეფექტიანად შერაცხვა, მოსალოდნელი სოციალური აფეთქებებისგან თავის დაზღვევის საკმაოდ უნიათო მცდელობაც არის და მისი ადრესატი ის ახალგაზრდობაა, რომელიც არა მღვდლებისგან თუ ნაცმოძრაობასთან დაახლოებული ლიბერტარიანელი ავტორიტეტებისგან იღებს ინდოქტრინაციის სიკეთეებს, არამედ საკუთარი ძალისხმევით ცდილობს გაეცნოს ლიბერტარიანელთა საძულველ თანამედროვე ევროპელ თუ ამერიკელ თეორეტიკოსებს, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობაც მემარცხენე პოლიტიკური შეხედულებისაა, ან უბრალოდ ბუნებრივი პროტესტი უჩნდება იმ სოციალური შოვინიზმისა და უსამართლობის მიმართ, რომელიც მოაქვს არაკონტროლირებად და უმართავ საბაზრო ურთიერთობებს, სადაც მდიდრები კიდევ უფრო მეტად მდიდრდებიან და ღარიბები კიდევ უფრო ღარიბდებიან.

ქართულ-ლიბერტარიანული მორალითა და რეცეპტებით საჭიროა არა სოციალური სამართლიანობისათვის ბრძოლა, არამედ გალიბერტარიანელება: იყავი ძლიერის, ძალაუფლების მქონეთა მხარეს, თვალი დახუჭე სოციალურ ჩაგვრასა და უსამართლობაზე და პატარ-პატარა „საბაზრო სიკეთეებით“ დაჯილდოვდები. ამგვარი წარმატებულობის მაგალითები უხვადაა „ტაბულის“ ფურცლებზე ნორჩ ლიბერტარიანელთა სახით, ულტრაკონსერვატორთა ინტერნეტ-გვერდების „დაგუგლვითა“ და იქ ამოკითხული ფრაზებით, უფროსი ავტორიტეტების კვალად, სოციალისტთა ტირანიისგან კაცობრიობის ხსნასა თუ საქართველოს სიღნაღ-სინგაპურიზაციას რომ ქადაგებენ.

ან რა საჭიროა ზედმეტი ფიქრი და სწავლა-განათლება, როდესაც ლიბერტარიანული რეცეპტი სწრაფ და ეფექტიან წარმატებას გვთავაზობს? მთავარია, „ნუ იქნება ოღონდ ბუნტი, სხვა რაც გინდა იყოს“.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG