Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„პარლამენტს მოუწევს ქუთაისში საქმიანობა!“


მიმდინარე კვირაში საქართველოს პარლამენტმა პირველი და მეორე მოსმენით მიიღო კონსტიტუციური კანონის პროექტი საქართველოს კონსტიტუციაში დამატების შეტანის თაობაზე, რომლის მიხედვითაც 2012 წლიდან ახალი მოწვევის პარლამენტმა ქუთაისში უნდა დაიდოს ბინა. საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისში გადატანას ბევრი მომხრე და მოწინააღმდეგე ჰყავს, თუმცა, კამათისა და აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, არც კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის პროცესი შეჩერებულა და არც პარლამენტის ახალი შენობის მშენებლობა.
ვფიქრობ, პარლამენტი იმიტომ გადააქვთ, რომ მიტინგები არ მოეწყოს. აქედან ქუთაისში ვერ ჩავა ბევრი ადამიანი. ესაა ამ სიახლის ძირითადი არსი...

კონსტიტუციაში შესატანი ცვლილების განხილვა თითქმის ცარიელ დარბაზში - უმრავლესობის რამდენიმე ლიდერისა და უმცირესობის წევრების კამათის ფონზე - მიმდინარეობდა. მთავარ მომხსენებელს - იუსტიციის მინისტრის მოადგილეს, დიმიტრი ძაგნიძეს - დასკვნითი სიტყვაც კი არ წარმოუთქვამს. თავად მიხეილ სააკაშვილმა კი ქუთაისში ყოფნისას საკანონმდებლო ორგანოს გადატანის მიზანშეწონილობის დასასაბუთებლად რამდენიმე არგუმენტი მოიშველია:

არგუმენტი პირველი - გეოგრაფიული:

„სად არის ქუთაისი? სუფთა გეოგრაფიულად საქართველოს ცენტრი გადის ხაშურიდან ოდნავ დასავლეთისკენ, მაგრამ ცენტრთან მდებარე ყველაზე დიდი ქალაქი ნამდვილად ქუთაისია!“

არგუმენტი მეორე - ფსევდოჰუმანური, რომელიც, შესაძლოა, ქალაქური ფოლკლორით საზრდოობდეს:

„ქუთაისში არასოდეს ბოლომდე არ ცივა და ამ ქალაქის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ეს არის. არაფერს ვლაპარაკობ ხალხის სითბოსა და განსაკუთრებულ ადამიანურ კლიმატზე, რომელიც აქ არის...“

ცხადია, ქუთაისი, როგორც ერთ სიმღერაშია, არ დაამადლის და გულის კარს ქართველ დეპუტატებსაც გაუღებს. ყოველ შემთხვევაში, ქუთაისელების დიდი ნაწილი პარლამენტის მათ ქალაქში გადატანას იწონებს, თუმცა გვხვდებიან მოწინააღმდეგეებიც.
ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველო უნდა განვითარდეს ყველა თავისი ქალაქით, ყველა თავისი სოფლითა და რეგიონით...

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობაშიც მიაჩნიათ, რომ საკანონმდებლო ორგანოს გადატანა სიკეთეს მოუტანს როგორც ქუთაისს, ასევე მთლიანად საქართველოს. ასე ფიქრობს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილი:

„ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველო უნდა განვითარდეს ყველა თავისი ქალაქით, ყველა თავისი სოფლით და რეგიონით... და ამისთვის თუ საჭიროა პოლიტიკური დეცენტრალიზაციის განხორციელება, ჩვენ ამას გავაკეთებთ.“

ზურაბ მელიქიშვილმა დეცენტრალიზაცია ახსენა, თუმცა ევროპის საბჭოს ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის ექსპერტთა საბჭოს წევრი დავით ლოსაბერიძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების გადატანას ერთი ქალაქიდან მეორეში არაფერი აქვს საერთო დეცენტრალიზაციასთან, რომელიც, ლოსაბერიძის განმარტებითვე, პირველ რიგში, ადგილობრივ დონეზე ძალაუფლების განაწილებას გულისხმობს.

„რაც შეეხება გადატან-გადმოტანის ცალკეულ მაგალითებს, ევროპამ ეს ეტაპი ადრე გაიარა. XVII-XVIII საუკუნეებში მონარქებს გაჰქონდათ თავიანთი რეზიდენციები, იმიტომ რომ უფრო განვითარებული სატახტო ქალაქები, როგორც წესი, უპირისპირდებოდნენ მეფის შეუზღუდავ ძალაუფლებას. არ მინდა ცუდი ასოციაციები შევქმნა, მაგრამ ეს ყველაფერი ასოციაციებს მაინც აჩენს“, - უთხრა დავით ლოსაბერიძემ რადიო თავისუფლებას.

თბილისიდან პარლამენტის გატანას მმართველი პოლიტიკური ძალის ვოლუნტარისტულ გადაწყვეტილებად მიიჩნევს მწერალი კოტე ჯანდიერიც, რომლის თქმითაც, ხელისუფლებამ თბილისის როლის დაკნინება დედაქალაქში არჩევნების წაგების შემდეგ გადაწყვიტა:
კოტე ჯანდიერი

„ეს არის ბოროტი შურისძიება თბილისის მიმართ და მცდელობა იმისა, რომ დედაქალაქს დაუპირისპირონ დანარჩენი საქართველო.“

საინტერესოა, რას ფიქრობენ სხვა თბილისელები:

ერთ-ერთი თბილისელი: „პარლამენტი უნდა იყოს დედაქალაქში! ვფიქრობ, პარლამენტი იმიტომ გადააქვთ, რომ მიტინგები არ მოეწყოს. აქედან ქუთაისში ვერ ჩავა ბევრი ადამიანი. ესაა ამ სიახლის ძირითადი არსი.“

ქუთაისში პარლამენტის გადატანის წინააღმდეგია საპარლამენტო ოპოზიცია. „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია ამბობს, რომ დედაქალაქის შეცვლის ტოლფასი გადაწყვეტილების მიღებამდე რეფერენდუმი უნდა გაიმართოს. ის ფულის ფუჭი ხარჯვის გამოც ჩივის. „ქრისტიან-დემოკრატი“ ლევან ვეფხვაძე კი დარწმუნებულია, რომ პარლამენტის ქუთაისში გადასვლით და მთავრობის თბილისში დარჩენით პარლამენტის როლი და ფუნქცია კიდევ უფრო მეტად დაკნინდება:

„პირველი შედეგი იქნება ის, რომ პარლამენტი გახდება კიდევ უფრო მეტად კასტრირებული და უუნარო, ვიდრე აქამდე იყო.“
ქუთაისისთვის ეს კარგია, მაგრამ მთლიანად ქვეყნის ეკონომიკისთვის - არა, რადგანაც მნიშვნელოვნად გაიზრდება საჯარო ფინანსირების მოცულობა...

პარლამენტის გადატანის ეკონომიკურ ეფექტიანობაში ეჭვი ეპარება სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ექსპერტს შოთა მურღულიას, რომლის თქმითაც, სიახლეს დადებითი ეფექტი ლოკალური მასშტაბით თუ ექნება:

„ქუთაისისთვის ეს კარგია, მაგრამ მთლიანად ქვეყნის ეკონომიკისთვის - არა, რადგანაც მნიშვნელოვნად გაიზრდება საჯარო ფინანსირების მოცულობა, ანუ გაიზრდება მთავრობის ხარჯები, რაც ეკონომიკისთვის უარყოფითია.“

ქუთაისში პარლამენტის გადატანას არ იწონებს მედიაორგანიზაციათა დიდი ნაწილი. ყოველდღიური „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორის მოადგილე ელისო ჩაფიძე ამბობს, რომ გაზეთს დასჭირდება მასშტაბური ხარჯის გაღება მივლინებების დასაფინანსებლად ანდა ქუთაისში კვალიფიციური საპარლამენტო კორესპონდენტების გასაწვრთნელად, რისი მატერიალური შესაძლებლობაც ბევრ გაზეთს არა აქვს:

„ბევრს ვწერდი ელექტროენერეგიისა და წყლის ტარიფებზე, მაგრამ მას შემდეგ, რაც მარეგულირებელი ორგანო გადავიდა ქუთაისში, სამწუხაროდ, წვდომა აღარ მაქვს. თუკი მთავრობას ჰგონია, რომ ჩვენ ისეთივე ფინანსური შესაძლებლობებით ვსარგებლობთ, როგორც თავად სარგებლობენ ჩვენ მიერ გადახდილი გადასახადების ხარჯზე, ძალიან მცდარი წარმოდგენა ჰქონიათ მოსახლეობის ფინანსურ შესაძლებლობებზე!“

მთავრობის ფინანსური შესაძლებლობები, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად გაიზრდება რუსთაველის რვა ნომერში მდებარე პარლამენტის შენობის გაყიდვით. ხელისუფლება მართლაც არ გამორიცხავს 1938 – 1953 წლებში აშენებული და არქიტექტორების კოკორინის, ლეჟავასა და ნასარიძის მიერ დაპროექტებული ორნაწილიანი შენობის პრივატიზების შესაძლებლობას. არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისის ჰამქრის“ დამფუძნებელი ალექსანდრე ელისაშვილი ამბობს, რომ შენობის მომავალს, მდიდარი ისტორიული წარსულისა და არქიტექტურული ღირებულების გათვალისწინებით, ხელისუფლება და მთლიანად საზოგადოება განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდოს:
ალექსანდრე ელისაშვილი

„იმელის მაგალითი არავითარ შემთხვევაში არ უნდა განმეორდეს! ის, რაც დამართეს იმელს, ეს არის კატასტროფა და თითოეული ჩვენგანის სირცხვილი! ამ ქალაქის მოყვარული საზოგადოება უნდა დაირაზმოს და გადაწყვეტილების მიღების ყველა ეტაპს თვალყური მივადევნოთ, რადგანაც შენობა არ არის მარტო კარკასი. არაფერი არ უნდა შეიცვალოს, არ უნდა მოხდეს არსებითი ჩარევა და, პირველ რიგში, არ უნდა მოხდეს ამ შენობისთვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის შეცვლა“, - უთხრა ალექსანდრე ელისაშვილმა რადიო თავისუფლებას.

სწორედ ამ ისტორიულ შენობაში ატარებს ბოლო თვეებს საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პავლე კუბლაშვილის თქმით, ახალი მოწვევის პარლამენტი აუცილებლად ქუთაისში შეიკრიბება. შესაბამისად, დეპუტატებიც, როგორც რევაზ ლაღიძის „ქუთაისის ჰიმნშია“, ბოლომდე შეიცნობენ მასპინძელი ქალაქის სილამაზესა და ხიბლს, თუმცა დიდია იმის ალბათობაც, რომ, ქუთაისისაგან განსხვავებით, ხალხის რჩეულთა ნახვა გაძნელდეს, დავიწყება კი – გაადვილდეს.

პავლე კუბლაშვილი: „პარლამენტს მოუწევს ქუთაისში საქმიანობა და ეს არანაირად ტრაგედია არ არის!“
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG