Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გეგმიური შემოწმება თუ ნაბიჯი მედიაცენზურისკენ?


”მედიაპალიტრის” მხარდამჭერი აქცია
”მედიაპალიტრის” მხარდამჭერი აქცია
7 ივნისს, შუადღისას, ”მედიაპალიტრის” ერთდროულად 6 შპს-ში შემოსავლების სამსახურის გამოჩენამ და 4 კომპანიის საწყობის დალუქვამ თბილისში 8 ივნისს საზოგადოებრივი პროტესტი გამოიწვია. ”მედიაპალიტრას” სოლიდარობა სხვა მედიასაშუალებებმა, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა და ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა გამოუცხადეს. ”მედიპალიტრის” წარმომადგენლები, ისევე როგორც 8 ივნისს გამართული მხარდამჭერი აქციის მონაწილენი, შემოსავლების სამსახურის მიერ ე.წ. გეგმიურ შემოწმებას ამ მედიასაშუალების მიერ 26 მაისის აქციის დარბევის ობიექტურად გაშუქებას უკავშირებენ. შემოსავლების სამსახური კი პოლიტიკოსებს მოუწოდებს, ნუ შეეცდებიან ამ ამბის პოლიტიზებას.
მოვიდნენ, საკმაოდ იმპერატიული და მომთხოვნი ტონით გვითხრეს, რომ სასწრაფოდ უნდა შევიდნენ ჩვენი ობიექტების შესამოწმებლად - მათ ქაღალდებში არსად ეწერა, რომ გეგმიური შემოწმება იყო...

მართალია, 8 ივნისს დილით ”მედიაპალიტრის” წინადღეს ”ინვენტარიზაციის მიზნით” დალუქული საწყობები გაიხსნა, მედიაჰოლდინგის წარმომადგენლებს ეჭვი, ხომ არ არის ეს მიზანმიმართული მცდელობა მოხდეს მედიასახლზე გარკვეული ზეწოლა, მაინც გაუჩნდათ - მით უმეტეს, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა მოულოდნელად და ერთდროულად რამდენიმე ობიექტის შემოწმება დაიწყო. სამუშაო პროცესი მხოლოდ რამდენიმე საათით შეფერხდა, ამბობს „მედიაპალიტრის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დირექტორი მარიკა დარჩია, თუმცა როდის დაასრულდება შემოწმება, მისთვის უცნობია:

”მოვიდნენ, საკმაოდ იმპერატიული და მომთხოვნი ტონით გვითხრეს, რომ სასწრაფოდ უნდა შევიდნენ ჩვენი ობიექტების შესამოწმებლად - მათ ქაღალდებში არსად ეწერა, რომ გეგმიური შემოწმება იყო. როცა 6 ობიექტის შესამოწმებლად ერთად შემოდიან, ცხადია, ეჭვი და კითხვები გაგიჩნდება, რატომ ხდება ეს. მედია კი მუშაობს თავის რეჟიმში, მაგრამ იმ გაზეთებსა და ჟურნალებს, რომლებიც დღეს უნდა გამოსულიყო, დროის თვალსაზრისით გარკვეული შეფერხება ჰქონდათ. გვპირდებიან, რომ სხვა შეფერხება არ იქნება, თუ ეს ყველაფერი მალე დასრულდა.”

”რეზონანსის” მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში ყურადღებას ამახვილებს სწორედ იმ ობიექტებზე, რომლითაც შემოსავლების სამსახური დაინტერესდა, განსაკუთრებით კი, სტამბასა და გავრცელების სამსახურზე:
ლაშა ტუღუში

”ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ შემოსავლების სამსახური ახლა ამოწმებს სტამბას და, რაც მთავარია, პრესის გავრცელების სამსახურს. ”კვირის პალიტრას” აქვს ერთ-ერთი ყველაზე მობილური და ძლიერი პრესის გავრცელების სამსახური, რომელიც ავრცელებს არა მხოლოდ ”პალიტრას” და ჰოლდინგის სხვა გამოცემებს, არამედ სხვა გაზეთებსაც. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს კიდევ ერთი ნაბიჯია, ხელისუფლებამ სწორედ აქ შექმნას პრობლემები, ეს არის გაგრძელება ადრე დაწყებული პროცესისა, როდესაც პრესის გაკონტროლება სწორედ გავრცელების სამსახურების გზით სურდათ.”

მას შემდეგ, რაც ”მედიაპალიტრის” გარშემო ხმაური ატყდა, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა სპეციალური ბრიფინგი დანიშნა, რომელზეც საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ანა გეგუჩაძემ განმარტა, რომ „მედიაპალიტრის“ 4 ორგანიზაცია გეგმიურად მოწმდება სხვა ათეულობით საწარმოსთან ერთად და პროცესი მალე დასრულდება. მან ასევ მოუწოდა პოლიტიკოსებს არ მოახდინონ ამ ფაქტის პოლიტიზება.

ამ განმარტების მიუხედავად, ”მედიაპალიტრის” ოფისთან მათ მხარდასაჭერად და პროტესტის გამოსახატავად დღის ორ საათზე საზოგადოება მაინც შეიკრიბა. ჟურნალისტი ზვიად ქორიძე გვიზიარებს თავის მოსაზრებას მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ:

”ყველაზე ცუდი ისაა, რომ არსებობს საფრთხე დამყარდეს ქვეყანაში ცენზურის რეჟიმი, რომ ჟურნალისტებს შეეშალოთ ხელი მუშაობაში, ასევე ის, რომ საგადასახადო შემოწმება ერთგვარ რეპრესიის მექანიზმად ჩამოყალიბდეს და, რაც მთავარია, ეს პროცესი გაუმჭვირვალედ წარიმართოს.”
ისტორიის ასეთი მაგალითებიც კი ვერ ასწავლის ვერაფერს ამავე ისტორიის მონაწილეებს. მე ვფიქრობ, რომ ეს ზეწოლა უფროა, ვიდრე რიგითი შემოწმება....

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი თამარ კორძაია კი ამბობს, რომ ყველაზე ძნელი მედიაზე ირიბად ზეწოლასთან ბრძოლაა, რა გზითაც, მისი აზრით, ხელისუფლება წავიდა:

”და ეს არის კიდევ ირიბი ზეწოლა, რადგან როდესაც ჟურნალისტს ურტყამენ, ძალიან ნათელი ფაქტია და ხელისუფლებაც ვერ იმართლებს თავს, მაგრამ როდესაც თითქოს კანონიერი მექანიზმებით ცდილობენ ხელი შეგიშალონ მუშაობაში, აი, ამასთან ბრძოლა მეტად რთულია.”

ხელისუფლებას ავიწყდება არცთუ შორეული წარსული, ამბობს ჟურნალისტი ალეკო ცქიტიშვილი, როდესაც ვარდების რევოლუციას წინ სწორედ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შემოწმების მცდელობა უძღოდა:

”ხელისუფლებას დაავიწყდა, მაშინ თავისუფალი სიტყვის დასაცავად რა მღელვარება იყო და ხალხის როგორი პროტესტი მოჰყვა იმ ყველაფერს. ისტორიის ასეთი მაგალითებიც კი ვერ ასწავლის ვერაფერს ამავე ისტორიის მონაწილეებს. მე ვფიქრობ, რომ ეს ზეწოლა უფროა, ვიდრე რიგითი შემოწმება.”

„მედიაპალიტრის“ მხარდამჭერ აქციაზე, შემოსავლების სამსახურის მოწოდების მიუხედავად, პოლიტიკური განცხადებებიც ისმოდა. რესპუბლიკელმა თინა ხიდაშელმა მომხდარ ფაქტს 25 მაისის გაგრძელება უწოდა, ქრისტიან-დემოკრატმა ინგა გრიგოლიამ კი თქვა, რომ მხოლოდ ბრიყვები დაიჯერებენ, რომ ეს მედიასაშუალების რიგითი შემოწმებაა.

ამ ეტაპზე "მედიაპალიტრის" ჰოლდინგში შემავალი საინფორმაციო საშუალებები ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას."მედიაპალიტრის" სხვადასხვა სტრუქტურაში დღეისთვის ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG