Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დამოუკიდებლობის 20 წლისთავისა და აქციის დარბევის კვირა


”სახალხო კრების” აქციის დარბევა
”სახალხო კრების” აქციის დარბევა
გასული კვირის მოვლენების პიკად 25 მაისის ღამე შეიძლება ჩაითვალოს - რამდენიმე საათით ადრე საქართველოს დამოუკიდებლობის 20 წლისთავის აღნიშვნამდე სპეცრაზმმა პარლამენტის წინ გამართული ”სახალხო კრების” აქცია დაშალა. დაიღუპა ორი ადამიანი, დაშავდა ათობით აქციის მონაწილე, არიან დაკარგულებიც. თუმცა, მიუხედავად დაძაბული კვირისა, საქართველოს ხელისუფლებას სამხედრო აღლუმის ჩატარების გადაწყვეტილება არ შეუცვლია.
შეშფოთებული ვარ ცნობებით იმის შესახებ, რომ აქციის დაშლის შემდეგ შესაძლოა იყო ძალის გადამეტება ცალკეული სამართალდამცველების მხრიდან. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ხელისუფლებისთვის, რომ სრულყოფილად გამოიძიოს ასეთი ინფორმაციები...

კვირის პირველსავე დღეს, 23 მაისს, ორშაბათს, უკვე ცნობილი გახდა ”სახალხო კრების” ლიდერებისა და აქციის მონაწილეების შემდგომი გეგმა - საპროტესტო აქცია „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედანზე გადაინაცვლებდა. ეს ინფორმაცია შეკრებილ ხალხს ნინო ბურჯანაძემ გააცნო.

უნგრეთში ვიზიტიდან დაბრუნებული საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს მალევე გამოეხმაურა და ქუჩის აქციებს ”მასკარადი” უწოდა.

25 მაისს აქციებს გეგმავდა ”ქართული პარტიაც”. ეს დღე მათ ”მრისხანების დღედ” გამოაცხადეს და მათი ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის საქართველოში ჩამოსვლაც კი დააანონსეს. თუმცა წინა დღით გაირკვა, რომ ავლაბრის მოედანზე დაგეგმილი აქცია არ შედგებოდა. ამასობაში, 25 მაისს აქცია თავისუფლების მოედნისკენ დაიძრა და რუსთაველზე, პარლამენტის წინ გაგრძელდა. „სახალხო კრების“ ლიდერმა ნონა გაფრინდაშვილმა რამდენიმე საათით ადრე დარბევამდე თქვა: ”ჩვენ არ მივცემთ ხელისუფლებას აღლუმის მშვიდად ჩატარების უფლებას”.

მალევე გაჩნდა ინფორმაცია, რომ სანქცირებული აქციის ვადა 25 მაისს ღამის 12 საათზე ამოიწურა. მოლოდინი, რომ აქციას სამართალდამცავები დაშლიდნენ, გამართლდა. სპეცრაზმი აქციის მონაწილეებისაკენ ყველა მხრიდან დაიძრა და თხუთმეტიოდე წუთში აქცია დაშალა კიდეც.
აქციის დარბევა

სპეცრაზმმა გამოიყენა წყლის ჭავლი, რეზინის ხელკეტები, ცრემლმდენი გაზი. დაიღუპა ორი ადამიანი - ერთი აქციის მონაწილე და ერთიც სპეცრაზმელი, რომელსაც, სამართალდამცავების თქმით, ბურჯანაძის ესკორტის მანქანა დაეჯახა. თუმცა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში განაცხადა, რომ არ იცის, ვის ეკუთვნის მანქანები და მზადაა, თავიანთი მანქანები ექსპერტიზაზე წარადგინოს.

26 მაისის დილას რუსთაველზე საქართველოს დამოუკიდებლობის 20 წლისთავისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი მაინც ჩატარდა. პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავისი გამოსვლა სწორედ წინა ღამის დარბევის შეფასებით დაიწყო:

”მათ სურდათ არა სიტყვის თავისუფლება, არამედ მათ სურდათ და სურთ ძალადობა და მსხვერპლი. როცა მათ ვერ მოახერხეს გუშინ მიღწევა იმისა, რომ პოლიციასთან უშუალო შეტაკების შედეგი ყოფილიყო მათთვის სასურველი მსხვერპლი, პირველებმა სწორედ ლიდერებმა გაქუსლეს აქედან და გზაში გადაუარეს რამდენიმე ადამიანს და, სამწუხაროდ, ორი მათგანი დაიღუპა...”

სააკაშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მისასალმებელ სიტყვაში ბოლო დროს საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებზეც ილაპარაკა:

”ნახევარი ათასწლეულის მანძილზე პირველად გვყავს სამოქალაქო სამსახური, ჯარისკაცები და ოფიცრები, რომლებიც დაიბადნენ თავისუფალი საქართველოს შვილებად და სამხედრო სკოლა გაიარეს დამოუკიდებელ საქართველოში...

ვერასოდეს ორგანიზებული დანაშაული, ქუჩის შავი მენტალიტეტი და კანონიერი ქურდების ბატონობა ვეღარ დაბრუნდება საქართველოში...
პრეზიდენტი აღლუმზე

ჩვენ შევძელით ტოტალურად კორუმპირებული, არშემდგარი სახელმწიფოს გარდაქმნა ერთ-ერთ ყველაზე სუფთა და არაკორუმპირებულ სახელმწიფოდ...

ჩვენ მყარად ვადგავართ ჩვენს კურსს დასავლეთის, ევროატლანტიკური ფასეულობებისკენ, ჩვენი საგარეო პოლიტიკური არჩევანი ურყევი და თანმიმდევრულია - ჩვენი გეზი მხოლოდ დემოკრატიული და თავისუფალი სამყაროსკენ არის ორიენტირებული.“

მომხდარი ამერიკის ელჩმა ჯონ ბასმაც შეაფასა:

”შეშფოთებული ვარ ცნობებით იმის შესახებ, რომ აქციის დაშლის შემდეგ შესაძლოა იყო ძალის გადამეტება ცალკეული სამართალდამცველების მხრიდან. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ხელისუფლებისთვის, რომ სრულყოფილად გამოიძიოს ასეთი ინფორმაციები... და თუკი ცალკეული სამართალდამცველების მოქმედება გამოდიოდა კანონის ჩარჩოდან და თუკი ისინი არღვევდნენ არსებულ სტანდარტებს, რითაც უნდა მიუდგე ძალადობის პროვოცირების მსურველებს, მაშინ ასეთი სამართალდამცველები უნდა დაისაჯონ ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლის წესით.”

მომხდარს გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველი, გიორგი ტუღუშიც:

”ფიზიკური დაზიანება აქვს მიყენებული აქციის არაერთ მონაწილეს. გარდა ამისა, მათ ნაწილს არ მიეცა აქციის დატოვების მშვიდობიანი საშუალება. არაპროპორციული ძალის გამოყენება განსაკუთრებით აშკარა იყო შემთხვევებში, როდესაც სამართალდამცავები ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ და, რიგ შემთხვევებში, აკავებდნენ აქციის იმ მონაწილეებს, რომლებიც არანაირ წინააღმდეგობას არ უწევდნენ ან უკვე სამართალდამცავთა კონტროლის ქვეშ იყვნენ მოქცეულნი.”
გიორგი ტუღუში

სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს მთავარ პროკურორს, სწრაფად და ეფექტურად გამოიძიოს აღნიშნული ფაქტები და ყველა სამართალდამრღვევის პასუხისმგებლობის საკითხი დასვას.

აქციის დარბევის მომდევნო დღეებში საზოგადოების ყურადღება დაშავებულებისა და დაკარგულებისკენ იყო მიპყრობილი. მათი რიცხვი ყოველდღიურად იცვლებოდა.

27 მაისს, საღამოს 9 საათისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა წინა დღით რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლის შედეგად დაკავებულთა 105-კაციანი სია. სიაში აღმოჩნდნენ ის პირებიც, ვისაც ახლობლები ბოლო ორი დღის განმავლობაში თბილისის სხვადასხვა საავადმყოფოსა თუ წინასწარი დაკავების იზოლატორში ეძებდნენ. თუმცა, როგორც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი ამბობს, ჯერაც რჩება რამდენიმე ათეული ადამიანი, რომელთა გვარებს ვერ ნახავთ ვერც შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ სიაში და ვერც სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ შედგენილ სიებში.
ამ ეტაპზე დაახლოებით 50 ადამიანი დავითვალეთ, რომელთა შესახებაც არაფერი ვიცით, ანუ ისინი, ფაქტობრივად, გამქრალები არიან...

„შევაჯერეთ რამდენიმე სია და ახლა ვადარებთ იმ სიას, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა. ვაჯერებთ ამ სიებს ერთმანეთთან, ამ ეტაპზე დაახლოებით 50 ადამიანი დავითვალეთ, რომელთა შესახებაც არაფერი ვიცით, ანუ ისინი, ფაქტობრივად, გამქრალები არიან“, - გვეუბნება თამარ ჩუგოშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სიაში არ აღმოჩნდა 26 მაისს გაუჩინარებული „სახალხო კრების“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ბათიაშვილი. 27 მაისს, გვიან ღამით, რადიო თავისუფლება დაუკავშირდა ირაკლი ბათიაშვილის ქალიშვილს, ირინას. მისი თქმით, მამამისი და ბიძამისი, თამაზ ფანჩულიძე, დაკავებულები და სასტიკად ნაცემები არიან:

ირინა ბათიაშვილი: ვიცით, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან, აწამებენ და გამოვიდა ინფორმაცია, რომ ირაკლის ლიკვიდაცია უნდათ.

რადიო თავისუფლება: საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია?

ირინა ბათიაშვილი: გამოვიდა ეს ინფორმაცია. ჩვენ დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ აპირებენ ირაკლის ფიზიკურად გაუსწორდნენ. ძალიან გთხოვთ ჟურნალისტებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ელჩებს: დაგვეხმარეთ, დაგვიდექით გვერდში, ყველას გთხოვთ! ასევე უნდა დავეხმაროთ ყველა იმ ადამიანს, რომლებიც დაკარგულები არიან.

მოგვიანებით, 28 მაისს, უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ სოლიდარობის აქციაზე თქვა, რომ ირაკლი ბათიაშვილი ოჯახს დაუკავშირდა.

რამდენიმე სიტყვით შევეხოთ კვირის სხვა ამბებსაც, რომლებიც ნაწილობრივ გადაფარა რუსთაველის გამზირზე განვითარებულმა მოვლენებმა. პირველი საატესტატო გამოცდები საქართველოში 23 მაისს დაიწყო და 1 ივნისს დასრულდება. ქართული ენისა და ლიტერატურის გარდა, მეთორმეტეკლასელებმა გამოცდები უნდა ჩააბარონ უცხო ენაში, მათემატიკაში, ისტორიაში, გეოგრაფიაში, ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში. გამოსაშვები გამოცდები საქართველოს 1 520 საჯარო და კერძო სკოლაში ტარდება.
გამოცდები დაიწყო

”გამოცდების მიმდინარეობას აკვირდებიან მეთვალყურეები. ახლა, ამ წუთისთვის, დაახლოებით 3 000 კაცი არის ჩართული ამ გამოცდების ჩატარებაში. ეს არიან IT-სპეციალისტები, ეს არიან მეთვალყურეები. პროცესი იწერება ვიდეო_ და აუდიოაპარატურის მეშვეობით და ჩვენ ონლაინ-რეჟიმში გვაქვს შესაძლებლობა ნებისმიერ სკოლაში შევამოწმოთ, თუ როგორ მიმდინარეობს საგამოცდო პროცესი”, - განუცხადა მედიასაშუალებებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, რომელიც იმედოვნებს, რომ მოსწავლეები წარმატებით გაართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობას და გადალახავენ მინიმალური კომპეტენციის ზღვარს, რომელიც ჯერჯერობით არ არის განსაზღვრული.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტში სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიშის განხილვა დაიწყო და საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან რეაგირებაც მოჰყვა - რამდენიმე უწყების ხელმძღვანელების გადაყენების მოთხოვნით გამოვიდა ქრისტიან-დემოკრატების წევრი გიორგი ახვლედიანი.

კვირის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, პატრულირების დროს ნაღმზე აფეთქების შედეგად დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი სამხედრო.

მძიმე კვირის ბოლოს, აქციის დაშლის ღამეს დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით, თბილისში კიდევ რამდენიმე აქცია ჩატარდა.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG