Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონფლიქტის ზონაში საგუშაგოებზე კონტროლი გამკაცრებულია


ბლოკსაგუშაგო ახალგორთან
ბლოკსაგუშაგო ახალგორთან
ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე ქართულ სოფლებში პოლიციის საგუშაგოებზე კონტროლი გამკაცრებულია. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, გუშინ საღამოს პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმები ნიქოზში, ერგნეთში, დიცსა და ქორდში შევიდნენ.

იმავე მოსახლეობამ წინა დღით შეამჩნია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ტექნიკისა და ცოცხალი ძალის გადაადგილება შეინიშნებოდა. დიცის და ქორდის მოსახლეობა ხედავდა, როგორ მოძრაობდნენ ეგრეთ წოდებული საზღვრის გასწვრივ, ოკუპირებული ერედვის მიმართულებით რუსი ჯარისკაცები. რადიო თავისუფლება შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსს ვლადიმერ ჯუღელს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა რომ საგანგაშო არაფერი ხდება. რუსმა მესაზღვრეებმა საგუშაგოებზე კონტროლი გაამკაცრეს და იმავე ზომებს უსაფრთხოების მიზნით ქართულმა მხარემაც მიმართა.

საგუშაგოებზე კონტროლის გამკაცრებას ადგილობრივი მოსახლეობა თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს უკავშირებს. ახლა სოფლებში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები მიმდინარეობს. გლეხების დიდი ნაწილი საპროტესტო აქციების მიმართ ნიჰილისტურადაა განწყობილი და ნაკლებად აინტერესებს რა მოთხოვნები აქვს ოპოზიციას.

ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში მთავარი საზრუნავი ახლა მოსავლის მოყვანაა, ამისთვის ადგილობრივი მოსახლეობა სარწყავი წყლის პრობლემის გადაჭრას მოითხოვს.
XS
SM
MD
LG