Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ონკანის გადაკეტვა-არგადაკეტვის კვირა


ვაკის პარკი
ვაკის პარკი
ორშაბათი 9 მაისი იყო და საქართველოც ძირითადად მეორე მსოფლიო ომის დასრულების აღნიშვნით იყო დაკავებული. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები თბილისში, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან შეიკრიბნენ. ვეტერანებს დღესასწაული ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს. მათ შორის იყო პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, რომელმაც 9 მაისს ”ბოროტებაზე გამარჯვების სიმბოლო უწოდა.”. თბილისში მცხოვრებ 1 348 ვეტერანს 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარება გადაეცა და დაიგეგმა არაერთი საზეიმო სადილი. ამასთან, ასევე აქტუალური იყო მსჯელობა იმის შესახებ, თუ როდის უნდა აღინიშნოს ფაშიზმზე გამარჯვება - ტრადიციულად, 9 მაისს თუ 8 მაისს, როდესაც გერმანიამ ხელი მოაწერა კაპიტულაციას. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ, მაგალითად, ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი 8 მაისს მიაგო. რადიო თავისუფლებასთან საუბარში პოლიტოლოგმა ბადრი ნაჭყებიამაც აღნიშნა, რომ საქართველომ ეს დღე ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად უნდა აღნიშნოს.

წელს საქართველოსთვის 9 მაისი მხოლოდ ისტორიული გამარჯვების აღნიშვნის თარიღი არ ყოფილა. ამ დღეს დაიწყო ასევე ”ქართულმა პარტიამ” საპროტესტო აქციები, როგორც წინასწარ იყო გამოცხადებული, კახეთიდან. აქციები ჩატარდა გურჯაანში, თელავსა და ყვარელში. პარტიის ლიდერები და აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ მათ გადაადგილებაში ხელს უშლიდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

იმის შესახებ, თუ როგორ გაგრძელდებოდა ”ქართული პარტიის” მიერ დაგეგმილი აქციები, ამ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა - ირაკლი ოქრუაშვილმა - ილაპარაკა ტელეკომპანია „მაესტროში“, სადაც ის ეთერში საფრანგეთიდან ჩაერთო. ჟურნალისტ ეკა ბერიძესთან საუბრისას მან განაცხადა, რომ ხელისუფლების შესაცვლელად პარტიას კონკრეტული გეგმა აქვს - ამერიკის საელჩოსთან მასშტაბური საპროტესტო აქციის ჩატარება. ჩვენ ონკანი უნდა გადავკეტოთო, თქვა ოქრუაშვილმა:

”ქართული პარტიის” განცხადებებს დაპირისპირება მოჰყვა ოპოზიციურ პარტიებს შორისაც. ტელეკომპანია ”კავკასიის” ეთერში ჩატარებული დებატების დროს, რომელშიც რესპუბლიკელების ლიდერი, დავით უსუფაშვილი, და „ქართული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, სოზარ სუბარი, მონაწილეობდნენ, ყოფილმა მოკავშირეებმა ერთმანეთს ბრალდებები წაუყენეს. სუბარმა თქვა, თვითმმართველობის არჩევნებამდე, მიუნხენის კონფერენციაზე ირაკლი ალასანიასა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრისას დაფინანსების საკითხიც განიხილებოდაო. ისე, გასული კვირის განმავლობაში ქართული მედია ბევრს მსჯელობდა იმის შესახებ, შეიცვალა თუ არა საზოგადოების განწყობა ამერიკის მიმართ და არის თუ არა პროამერიკელობის საპირწონე პრორუსულობა.

რაც შეეხება ოპოზიციის მეორე ნაწილს, ეგრეთ წოდებულ „რვიანს“, რომელიც ცდილობს წინ წასწიოს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებული საკითხები,კვირის ბოლოსკენ მისმა წევრებმა მორიგი მიმართვა გაავრცელეს და განაცხადეს, რომ თუკი დადგენილ ვადებში ხელისუფლებისაგან ვერ მიიღებდნენ ოფიციალურ წერილობით პასუხს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მოლაპარაკებების გაგრძელებასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებების პროცესის ჩაშლასა და მის შედეგებზე პასუხისმგებლობა დაეკისრებოდა საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს. ახალმა მემარჯვენე მამუკა კაციტაძემ ახსნა, თუ რატომ იყო აუცილებელი პასუხის მიღება სწორედ წერილობით:

აკაკი მინაშვილმა, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ჯგუფის წარმომადგენელი გახლავთ, რადიო თავისუფლებასთან საუბარში წერილობითი პასუხების მოთხოვნას გაუგებარი უწოდა და მოლაპარაკებების ჩაშლაში თავად „რვიანი“ დაადანაშაულა.

კვირის ბოლოს კი ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის ყოფილი წევრების ნაწილმა საზოგადოებრივი მოძრაობა ”ჩემი საქართველო” დააფუძნა. ეს შტაბის სწორედ ის ნაწილია, რომელიც პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად აქამდე ჩართული არ ყოფილა. ახალი მოძრაობა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მონიტორინგის მიზნით შეიქმნა. შესაბამისად, მისი დაკვირვების ობიექტი იქნება, ერთდროულად, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის ქმედებები. საზოგადოებრივი მოძრობა ”ჩემი საქართველოს” მონიტორები თავიანთ პრაქტიკულ საქმიანობას, შეიძლება ითქვას, 16 მაისს შეუდგებიან. ისინი აპირებენ მონაწილეობა მიიღონ ”ქართული პარტიის ” მიერ თბილისში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან, დაგეგმილ აქციაში და ძალოვანებისა და აქციის მონაწილეების დაპირისპირება არ დაუშვან.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG