Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯარისკაცის დაღუპვის, ეუთოსა და ამერიკის კვირა


ნატოს დროშა
ნატოს დროშა
მიმდინარე კვირაში საქართველოში ჩამოასვენეს კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი, რომელიც ავღანეთში ISAF-ის სამშვიდობო მისიის შესრულებას შეეწირა. საუბარია კაპრალ ვალერი ვერსკიანზე, რომელიც 5 მარტს ჰელმანდის პროვინციაში ნაღმზე აფეთქდა და, ყელის არეში მძიმედ დაჭრილი, გერმანიის ამერიკულ ჰოსპიტალში მკურნალობდა. ჰოსპიტალში რჩება ამავე აფეთქების შედეგად დაშავებული 32-ე ბატალიონის კიდევ ორი ჯარისკაცი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. კაპრალ ვერსკიანის გარდაცვალების ამბავი საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საზოგადოებას 14 მარტს აუწყა. მანამდე საერთოდ არაფერი თქმულა 5 მარტს მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევის შედეგად 7-მდე გაიზარდა იმ ქართველი ჯარისკაცების რიცხვი, რომლებიც ავღანეთში ნატოს ეგიდით მოქმედი საერთაშორისო სამშვიდობო მისიის შესრულებისას დაიღუპნენ.

ნატო-საქართველოს პარტნიორობისა და კეთილგანწყობილი ურთიერთობების გამო მოსკოვმა გაღიზიანება მიმდინარე კვირაშიც გამოხატა. რუსეთმა და, კერძოდ, მისმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ათი დღის დაგვიანებით, 17 მარტს გააპროტესტა სოფელ ერგნეთის საჯარო სკოლაში "ნატოს კუთხის“ გახსნა და ამას თბილისის "პროპაგანდისტული ნაბიჯი“ უწოდა. განცხადება რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის ალექსანდრ ლუკაშევიჩის სახელით გავრცელდა:

“ქართული მხარის მიზანი ნათელია - ის ყველა მეთოდით ცდილობს ჩართოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი "საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის“ მოგვარებაში.”
"ნატოს კუთხე“, რომელსაც რუსეთის საგარეო უწყების გულისწყრომას იწვევს, ერგნეთის საჯარო სკოლაში ნატოს საინფორმაციო ცენტრის ინიციატივით 7 მარტს გაიხსნა. რუსეთს აღიზიანებს ის ფაქტიც, რომ ამ ღონისძიებაში მონაწილეობდა ლიტვის ელჩი საქართველოში იონას პასლაუსკასი.

გრიგოლ ვაშაძე, საქართველოს საგარეო დაქმეთა მინისტრი და აუდრონიუს აჟუბალისი, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი.
ლიტვისა და საქართველოს განსაკუთრებული ურთიერთობები მიმდინარე კვირაში საქართველოშიც არაერთხელ გაიხსენეს ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის - ლიტვის - საგარეო საქმეთა მინისტრის 2-დღიან ვიზიტთან დაკავშირებით. აუდრონიუს აჟუბალისი სამხრეთკავკასიური ტურნეს ფარგლებში ასეთივე თანმიმდევრობით სტუმრობდა - აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს. საქართველოში მან შეხვედრები გამართა როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებთან, დაინტერესდა ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის საქმიანობითა და დევნილების ცხოვრებით წეროვანის დასახლებაში. თბილისში გამართული შეხვედრების მთავარ თემებს წარმოადგენდა გაჭიანურებული კონფლიქტების მოგვარება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ფონზე და ქვეყნის დემოკრატიული განვითარება.

ერთი დღით ადრე, ვიდრე ოპოზიციის წარმომადგენლების მწვავე კრიტიკას მოისმენდა, 15 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ აუდრონიუს ჟუბალისმა საქართველო შეაქო ”შიდა დემოკრატიული რეფორმების” მიმდინარეობის გამო; თქვა, რომ ქვეყანა ”სწორ გზაზე დგას” და რომ ეუთო კვლავაც მზად არის დაეხმაროს საქართველოს დემოკრატიულ მისწრაფებებს. ამასთან, როგორც ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე იმ დღეს გამოქვეყნებულ პრესგანცხადებაში ვკითხულობთ, ”გადაუდებელ საკითხს წარმოადგენს საარჩევნო კოდექსის დახვეწა მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნების წინ” და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე იმედს გამოთქვამს, რომ სათანადოდ დაიხვეწება მაუწყებლობის შესახებ კანონიც.

რაც შეეხება ეუთოს როლს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მისწრაფებებთან დაკავშირებით, 15 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ თქვა, რომ გაჭიანურებული კონფლიქტების მოგვარება მისი ორგანიზაციის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს და რომ დიდია მისი შეშფოთება განსაკუთრებით ”სამხრეთ ოსეთში მიმდინარე სამხედრო მშენებლობასთან და გამჭვირვალობის არარსებობასთან” დაკავშირებით.

კონფლიქტის მოგვარებისა და მშვიდობის განმტკიცების კონტექსტში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე აუდრონიუს აჟუბალისი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს მიერ ცალმხრივად აღებულ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულებას და შემდეგ ნაბიჯს უკვე კონფლიქტის მეორე მხარისგან - რუსეთისგან - მოელის:

”...ვფიქრობ, ეს არსებითად მნიშვნელოვანია მთელი სიტუაციისთვის და ახლა ჩვენ ამასვე მოველით რუსეთის მხარისგან.”

ამასთან, აუდრონიუს აჟუბალისმა თბილისიდან მოუწოდა რუსეთს, რომ გააძლიერონ და აწარმოონ ”ღია და გაულწრფელი” დიალოგი საქართველოსთან. ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ იქვე დააკონკრეტა, რომ რუსეთ-საქართველოს შორის დიალოგის გაძლიერების ერთადერთ სარბიელს ამ ეტაპზე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები წარმოადგენს, სადაც ეუთო ერთ-ერთი თანათავმჯდომარის როლს ასრულებს, მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაცია რუსეთის წინააღმდეგობის გამო ჯერ ისევ ვერ ახერხებს თავისი მისიის საქართველოში დაბრუნებას.

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია
მიმდინარე კვირაში კვლავაც აქტუალური იყო მსჯელობა იმის თაობაზე, მოახერხებს თუ არა რუსეთი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვემეოში) გაწევრიანებას საქართველოს გვერდის ავლით. 13 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა, მისი ქვეყანა სწორედ ამ გზას დაადგება, თუკი საქართველო უკან არ წაიღებს კარგა ხნის წინ წამოყენებულ მოთხოვნებს, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე ობიექტების - ”განთიადი-ადლერისა” და ”როკი-ქვემო ზარამაგის” საბაჟო-საკონტროლო პუნქტების ლეგალიზებასა და კონტროლს უკავშირდება. თბილისი ამ მოთხოვნის უკან წაღებას არ აპირებს და როგორც პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის უფროსმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ლავროვის გეგმა რეალისტური არ არის, რადგანაც ორგანიზაციაში, რომელიც 153 წევრს ითვლის, ჯერ არც ერთი ქვეყანა არ მიუღიათ საყოველთაო კონსენსუსის გარეშე.

მართალია, ორგანიზაციის გაფართოება აქამდე მხოლოდ საერთო კონსენსუსის საფუძველზე ხდებოდა, მაგრამ არსებობს პრაქტიკაში დაუნერგავი შემოვლითი გზაც, რომელსაც გენერალური სამდივნოს საშუალებით საკითხის კონფერენციაზე გატანა და წევრი ქვეყნების ხმათა 2\3-ის დაგროვება ესაჭიროება. რუსეთსა და საქართველოს შორის შუამავლის საშუალებით ბერნში 9 მარტს გამართული და უშედეგოდ დასრულებული მოლაპარაკებების მე-2 რაუნდი აპრილში შედგება.

რუსეთის აგრესია და საქართველოს ოკუპაცია ერთ-ერთ მთავარ თემას წარმოადგენდა შეხვედრებზე, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტმა შეერთებულ შტატებში საკმაოდ ხანგრძლივი ვიზიტის ფარგლებში გამართა. პრეზიდენტი სააკაშვილი შეხვდა როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებს, ასევე ანალიტიკოსებსა და შეერთებულ შტატებში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს.

საქართველოს პრეზიდენტი ეწვია იაპონიის საელჩოს შეერთებულ შტატებში, კიდევ ერთხელ გამოხატა მწუხარება იაპონელი ხალხის დიდი ტრაგედიის გამო და რთულ ვითარებაში მყოფ იაპონიას დახმარებას დაჰპირდა. მისი თქმით, იაპონია იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს დახმარების ხელი გამოუწოდა.

მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
17 მარტს პრეზიდენტი სააკაშვილი ვაშინგტონის ბრუკინგზის ინსტიტუტის აშშ-ისა და ევროპის კვლევის ცენტრს სტუმრობდა, სადაც მან ისაუბრა ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოს მიერ განვლილ გზაზე, დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით ამჟამად შექმნილ ვითარებაზე და ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე. დამსწრეები, რომელთა დიდ ნაწილსაც ანალიტიკოსები და დიპლომატები წარმოადგენდნენ, დაინტერესდნენ, მაგალითად, რას აპირებს ავტორიტეტიანი საერთაშორისო ორგანიზაციის, ”ფრიდომ ჰაუსის” მიერ ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნად დასახელებული საქართველო და როგორია მისი დამოკიდებულება რუსეთის ჩრდილოკავკასიასთან. პირველ შეკითხვაზე პასუხად პრეზიდენტმა სააკაშვილმა გამოთქვა იმედი, რომ „ფრიდომ ჰაუსის“ რეიტინგებში საქართველო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო დაწინაურდება და რომ მომდევნო არჩევნები საქართველომ ”იდეალურად” უნდა ჩაატაროს.

რაც შეეხება საქართველოს განსაკუთრებულ ურთიერთობებს რუსეთის ჩრდილოკავკასიასთან, მიხეილ სააკაშვილმა ბრუკინგზის ინსტიტუტშიც გაიხსენა, რომ ბოლო შეხვედრისას, როცა ვლადიმირ პუტინი მას საქართველოს ტერიტორიების აღიარებითა და ომით დაემუქრა, ის ამ კონტექსტში საგანგებოდ დაინტერესდა ჩრდილოკავკასიის ბედით, რაზეც პუტინისგან მოძალადის პასუხი მიიღო:

”... მან მითხრა - იცი, ჩრდილოეთი კავკასია აღარ არსებობს და თუკი ვინმე წამოყოფს თავს, ჩვენ მათ ტარაკნებივით გავანადგურებთო და თითით მაჩვენა, თითქოს სრესდა რაღაცას... ვფიქრობ, ახლა ეს ტარაკნები მომრავლდნენ და მათ გასასრესად საკმარისი უკვე აღარ არის არც ერთი და არც ათი თითი... მე ვფიქრობ, ჩრდილოკავკასიაში აბსოლუტურად ნორმალური ხალხი ცხოვრობს. თქვენ იცით, რომ ჩვენ სავიზო რეჟიმი გავაუქმეთ მათთვის და უკვე 90 ათასმა ადამიანმა ისარგებლა უვიზო რეჟიმით. მოველით, რომ წელს მათი რიცხვი დაახლოებით 400 ათასი იქნება. ამ დრომდე ამ ხალხის მხრიდან არანაირი მცირე ინციდენტიც არ გვახსოვს...”

პრეზიდენტი სააკაშვილი ფიქრობს, რომ ჩრდილოკავკასიელების დაპირისპირებას ძირითადად კრემლის ძალადობრივი პოლიტიკა იწვევს და, ”ადამიანური მოპყრობის” პირობებში, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა.

ბრუკინგზის ინსტიტუტში საქართველოს პრეზიდენტის მსმენელთა აუდიტორიიდან 17 მარტს ასევე დაინტერესდნენ, თუ რა გეგმები აქვს მიხეილ სააკაშვილს სამომავლოდ და სად, რომელ პოსტზე იქნება შესაძლებელი მისი ხილვა. ამ შეკითხვაზე მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული პასუხი არ გაუცია. მან თქვა, რომ ახალი კონსტიტუციის მიხედვით მას პრეზიდენტობისთვის ბრძოლის უფლება აღარ ექნება. თუმცა არაფერი უთქვამს იმის შესახებ, რომ ახალი საკონსტიტუციო მოდელი მას ხელისუფლებაში პრემიერ-მინისტრის პოსტზე დარჩენის საშუალებას აძლევს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG