Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოსი და ქართველი ჟურნალისტების კიდევ ერთი შეხვედრა


ოსი და ქართველი ჟურნალისტების შეხვედრა ერევანში
ოსი და ქართველი ჟურნალისტების შეხვედრა ერევანში
მე და ირინა ერთმანეთს ერევანში შევხვდით. ირინა იანოვსკაია ცხინვალელი ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტია. ომამდე ძირითადად ცხინვალსა და თბილისში ვხვდებოდით ხოლმე ერთმანეთს. იგი ქართულ მედიასაშუალებებთანაც თანამშრომლობდა, მაგრამ 2008 წლის ომმა ბევრი რამ შეცვალა. ირინა ვერც კი წარმოიდგენდა, თუ სამი წლის შემდეგ კოლეგები ერთმანეთს კიდევ ვნახავდით.

ერევანში სამი დღის განმავლობაში ცხინვალელი, ვლადიკავკაზელი და თბილისელი ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების შეხვედრა მიმდინარეობდა. ამ შეხვედრას ორგანიზება არასამთავრობო ორგანიზაცია „გოუ–ჯგუფმა“ გაუკეთა. ერევნელი ექსპერტები და კონფლიქტოლოგები, ჟურნალისტებთან ორიგინალური მეთოდით მუშაობდნენ. ფსიქოლოგიური თამაშები, გამოგონილი კონფლიქტური სიტუაციებიდან გამოსავლის ერთობლივი ძიება, კომუნიკაცია და მოსმენა. ამ ხერხებით კონფლიქტის სხვადასხვა მხარეს მყოფმა ადამიანებმა საერთო ენა სწრაფად გამონახეს და ერთმანეთიც უკეთესად გაიცნეს. კონფლიქტოლოგი გევორქ ტერ გაბრიელიანი მიიჩნევს, რომ ნდობის აღდგენისა და შერიგების რესურსი სამოქალაქო საზოგადოებაში დიდია:

„უფრო მეტად ნასწავლ კავკასიელ თაობაში მე დიდ რესურსს ვხედავ. უბრალოდ, საკითხავი ისაა, როგორი იქნება შერიგების ვარიანტი. პოლიტიკურად ეს სიტუაცია კიდევ დიდი ხნით არის დაბლოკილი. მაგრამ პირადი კავშირების დამყარება, კავშირებისა სამოქალაქო საზოგადოების დონეზე, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა. გადაუჭრელი კონფლიქტები არ არსებობს“, – ამბობს გევორქ ტერ გაბრიელიანი.

თემურ ბარძიმაშვილი, თბილისელი ფოტორეპორტიორი, ჩატარებული ტრენინგის შემდეგ მიიჩნევს, რომ კომუნიკაცია და ურთიერთმოსმენა, პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, რიგით ადამიანებში შესაძლებლობას იძლევა, რომ კომპრომისები მოიძებნოს:

„ადამიანების დონეზე ყოველთვის ხერხდება შერიგება. სხვა შემთხვევაა პოლიტიკური დონე. ადამიანების დონეზე ყოველთვის ხდება ჩხუბი, მაგრამ ადამიანები ერთმანეთს უფრო უგებენ, როცა არის კომუნიკაცია.“

თემურმა და მარიამ ერთმანეთი ერევანში გაიცნეს. მარია პლიევა ცხინვალელი ბლოგერია. მას ტრენინგის მეთოდიკა ძალიან მოეწონა, რადგან კონფლიქტის სხვადასხვა მხარეს მყოფი ჟურნალისტები პოლიტიკურ საკითხებს არ არჩევდნენ.

„მე ეს მეთოდი ძალიან მომწონს, რადგან კონფლიქტის სხვადასხვა მხარეს მყოფი ჟურნალისტები არ ლაპარაკობენ კონფლიქტზე, იმაზე, თუ ვინ არის ომში დამნაშავე, ვინ დაიწყო ომი და ასე შემდეგ. მათ ეძლევათ საშუალება ერთად ისწავლონ, ერთად უსმინონ ტრენინგს, ერთად ითამაშონ სხვადასხვა ფსიქოლოგიური, კრეატიული თამაშები. მე ვფიქრობ, რომ ასეთი მიდგომა ბევრად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, იმიტომ რომ ერთმანეთს უკეთესად ვიცნობთ და ერთმანეთის უკვე აღარ გვეშინია; იმიტომ რომ არის შემთხვევები, როცა ურთიერთდაკონტაქტების შიში გვაქვს, იმის შიში, რომ ერთმანეთს შეურაცხყოფა არ მივაყენოთ უხეში სიტყვებით“,–ამბობს მარია პლიევა.

„გოუ–ჯგუფის“ ხელმძღვანელი, ჟურნალისტი მარგარიტა ახვლედიანი მიიჩნევს, რომ ასეთი სახის შეხვედრები სამოქალაქო საზოგადოების გასააქტიურებლად, გაყოფილი საზოგადოების ნდობის აღსადგენად შედეგიანია, რადგან საზოგადოების წევრები სწორედ აქ უსმენენ ერთმანეთს:

„მე დიდი ხანია გაყოფილი საზოგადოებების პრობლემაზე ვმუშაობ. ადამიანები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ერთმანეთს ვერ ხედავენ და ვერ ურთიერთობენ, არ იციან რას ამბობენ და რას ფიქრობენ ერთმანეთზე... უნდა ვისწავლოთ სხვისი მოსმენა; გავიაზროთ ის რას ამბობს და ცნობად მაინც მივიღოთ. თუ ბავშვობაში ეს არ გვასწავლეს, ახლა უნდა ვისწავლოთ.“

„გოუ–ჯგუფი“ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დახმარებით მსგავსი შეხვედრების ჩატარებას მომავალშიც გეგმავს და მისი მიზანია საზოგადოების სხვადასხვა ფენებიდან, პროექტში რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩართოს.
XS
SM
MD
LG