Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”გაუჩინარებულები”


”ადამიანის უფლებათა ცენტრი” საქართველოში სხვადასხვა დროს გაუჩინარებულ ადამიანებს უძღვნის დოკუმენტურ ფილმს, სადაც, როგორც ფილმის ავტორი, ჟურნალისტი გიორგი ჯანელიძე ამბობს, საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილი გაუჩინარების ფაქტებია ასახული. ფილმი გადაღებულია იმ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ჰქვია „იძულებით გაუჩინარების ფაქტების გამოძიება საქართველოში“ და მიზნად ისახავს სამართალდამცავების უმოქმედობის გამოვლინებასო, ამბობენ ფილმის ავტორები.
ფილმში არის ვარაუდები, ეჭვები, მაგრამ ჩემი მხრიდან ძირითადი სათქმელი არის სამართალდამცავების უმოქმედობა ...

2005 წელს მარნეულის რაიონის სოფელ სადახლოში სადრადინ ფალანგოვი გაუჩინარდა. 2009 წლის ოქტომბერში თბილისში ეთნიკურად ჩეჩენი საიდ-ჰუსეინ ტაზბაევი გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა. გურჯაანის რაიონის სოფელ ვაჩნაძიანში 17 წლის გიგა ელიზბარაშვილი გასული წლის 17 სექტემბერს სახლიდან გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. 2010 წლის 26 სექტემბრიდან აღარავის უნახავს სოფელ არხილოსკალოს მკვიდრი 14 წლის ვასილ წიკლაური.

ფილმი, სახელწოდებით ”გაუჩინარებულნი”, სწორედ მათ შესახებ ჰყვება. ეს ადამიანები ე.წ. მშვიდობიან პერიოდში დაიკარგნენ, ანუ ისინი ომის მსხვერპლნი არ ყოფილან. ვუკავშირდებით გაუჩინარებული ადამიანების ახლობლებს, ვისმენთ მათ მიერ მოთხრობილ ამბებს, პარალელურად კი სამართალდამცავებისაგან ვცდილობთ ინფორმაციის მოპოვებას, გვიამბობს ფილმის ავტორი, ჟურნალისტი გიორგი ჯანელიძე. თუმცა, მისი თქმით, სამართალდამცავებისაგან მიღებული ინფორმაცია ძალიან მწირია.
რეჟისორი გიორგი ჯანელიძე

”ფილმში არის ვარაუდები, ეჭვები, მაგრამ ჩემი მხრიდან ძირითადი სათქმელი არის სამართალდამცავების უმოქმედობა. ოთხი შემთხვევა მაქვს განხილული, ოთხივეზე გაიგზავნა წერილი შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელზე, თუმცა პასუხი მხოლოდ ორ ფაქტზე მოვიდა და ისიც ძალიან მწირი ინფორმაციით. შეიძლება ღიმილიც კი გამოიწვიოს იმ ფაქტმა, რომ არხილოსკალოში დაკარგული 14 წლის ვასილ წიკლაურის საქმეზე სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანას გულისხმობს”, - ამბობს გიორგი ჯანელიძე.
როდესაც ჩვენ მათ ახლობლებს ვესაუბრებით, ისინი ჰყვებიან, რომ გამოძიება მხოლოდ და მხოლოდ მათ ნათქვამს ეყრდნობა და სხვას აღარაფერს აკეთებს საქმის გასახსნელად ...

და ეს მაშინ, როდესაც არც თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანილი გყავს ნაპოვნი და არც თვითმკვლელობის ცდამდე მიმყვანიო, ამბობს გიორგი ჯანელიძე.

თამაზ წიკლაური, სოფელ არხილოსკალოდან დაკარგული 14 წლის ვასილის მამა, დღემდე უშედეგოდ ეძებს შვილს. არასრულწლოვანის გაუჩინარების შესახებ დამუშავებული არაერთი ვერსიის მიუხედავად, სამართალდამცავებმა მის კვალს ამ დრომდე ვერ მიაგნეს.

”ბავშვი რომ წაყვანილია, ეს ასპროცენტიანია. ბავშვი არც ცოცხალი ჩანს და არც მკვდარი. მთელმა სოფელმა ვეძებეთ და მთელი სოფელია მოწმე, რომ ყველგან ვეძებეთ, მაგრამ არ არის ბავშვი”, - ამბობს თამაზ წიკლაური.

ქართული სისხლის სამართალი ტერმინს "გაუჩინარება“ არ ცნობს, აცხადებენ ”ადამიანის უფლებათა ცენტრში”. ამიტომ გამომძიებელი იძულებულია, საქმე რომელიმე მსგავს დანაშაულს მიაკუთვნოს, რაც გამოძიებას ნაკლებად ეფექტურს ხდის. შსს–ს მონაცემებით, საქართველოში 907 უგზო-უკვლოდ დაკარგულია აღრიცხული. როგორც თეა თოფურია, საგამოძიებო ჟურნალისტი ამბობს, ხელისუფლება გაუჩინარებულებს არაეფექტურად ეძებს, ამის ერთ–ერთი მიზეზი კი არსებული კანონმდებლობის არასრულფასოვნებააო, ამბობს ის. მისივე თქმით, წლების წინ დაწყებული საქმეები გაჩერებული და კვლავ გამოუძიებელია.
საგამოძიებო ჟურნალისტი თეა თოფურია

”უგზო-უკვლოდ დაკარგულებთან დაკავშირებით არის რამდენიმე მიმართულება. ერთ-ერთი მათგანია ომში დაკარგულების პრობლემა. ჩვენ გვყავს აფხაზეთის ომსა და 2008 წლის ომის შედეგად დაკარგული ხალხი. როდესაც ჩვენ მათ ახლობლებს ვესაუბრებით, ისინი ჰყვებიან, რომ გამოძიება მხოლოდ და მხოლოდ მათ ნათქვამს ეყრდნობა და სხვას აღარაფერს აკეთებს საქმის გასახსნელად. ყველა, ვისაც ჩვენ ვესაუბრეთ, გამოძიებით უკმაყოფილოა”, - ამბობს თეა თოფურია.

2006 წლის 20 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო საერთაშორისო კონვენცია ადამიანთა ძალადობრივი გაუჩინარებისგან დასაცავად. საქართველო ამ კონვენციას ჯერჯერობით არ მიერთებია. ამჯერად კონვენცია 19 ქვეყნის მიერ არის რატიფიცირებული, მისი ამოქმედებისთვის კი 20 ქვეყნის რატიფიცირებაა საჭირო. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელი უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ კონვენციასთან მიერთების შემთხვევაში შეიქმნება სპეციალური კომიტეტი, რომელიც მიიღებს საჩივრებს სხვადასხვა სახელმწიფოსგან და მათზე რეაგირებას მოახდენს.

”სამწუხაროდ, საქართველოში კონვენციასთან დაკავშირებით სრული სიჩუმეა. ჩვენ ვაპირებთ დავიწყოთ კამპანია, რომელიც სწორედ აღნიშნული კონვენციის პოპულარიზაციას შეეხება. საქართველოში ასეულობით ადამიანია უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული და ეს პრობლემა რეალურად დგას. მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას უფრო მეტი პასუხისმგებლობის გრძნობა გაუჩნდება, თუკი საქართველო იქნება წევრი ამ კონვენციისა”, - აღნიშნავს უჩა ნანუაშვილი.
XS
SM
MD
LG