Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისში ფასები და უკმაყოფილება იზრდება


ქუთაისის სასურსათო მაღაზიებში რამდენიმე დღეა შაქრის დეფიციტი შეინიშნება. იმ სავაჭრო ობიექტებში, სადაც პროდუქტის მიწოდება აღდგა, შაქარი 50 თეთრით გაზრდილ ფასად - 2 ლარად და 60 თეთრად იყიდება, რამაც მოსახლეობის გაღიზიანება გამოიწვია.

საცალო და საბითუმო სასურსათო მაღაზიების მეპატრონეები დეფიციტსა და ფასის მომატებას სხვადასხვაგვარად ხსნიან. ერთ-ერთმა მათგანმა რადიო თავისუფლებას მიზეზად ის დაუსახელა, რომ პროდუქტის კიდევ უფრო გაძვირების შესახებ, ტელევიზიით ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, საწყობებიდან შაქრის გაცემა ხელოვნურად შეაჩერეს, რათა შემდეგ ფასი გაეზარდათ.

მაღაზიების ზოგიერთ სხვა მფლობელს მიზეზად ის დაუსახელეს, რომ შაქარი თავად საწყობებში აღარ არის. მომხმარებლის მყიდველუნარიანობის შემცირების გარდა, მაღაზიების მესაკუთრეებს და გამყიდველებს გაზრდილი ფასის გამო პრობლემებს ხშირად მოქალაქეებიც უქმნიან, რადგან პირველადი მოხმარების პროდუქტის გაძვირება სიტყვიერი შეურაცხყოფის საბაბი სულ უფრო ხშირად ხდება.

”შემოდის ხალხი, ჩხუბობს და გვლანძღავს, ჩაისაც კი ვეღარ ვსვამთო! არადა, მე რა შუაში ვარ?! მე ისეთივე მომხმარებელი ვარ, როგორც სხვები. მათსავით ვყიდულობ და არავინ არაფერს მჩუქნის”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ერთ-ერთი მაღაზიის გამყიდველმა.

სასურსათო პროდუქციის დისტრიბუტორები ფასების კიდევ უფრო მომატებას არ გამორიცხავენ. საცალო და საბითუმო მაღაზიების მფლობელთა განმარტებით, შაქრის გაძვირება უკვე აისახა საკონდიტრო ნაწარმის ფასზეც.

მაღაზიებში დასაქმებულთა ინფორმაციით, ფასის კიდევ უფრო გაზრდის მოლოდინის მიუხედავად, ქუთაისის მოსახლეობაში შაქრის მომარაგების მცდელობა ჯერჯერობით არ შეინიშნება.
XS
SM
MD
LG