26 იანვრიდან საქართველოსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორი ქვეყნის მოქალაქეები სარგებლობენ საზღვრების მრავალჯერადი გადაკვეთის, საერთაშორისო მიმოსვლისთვის განკუთვნილი სასაზღვრო-გამშვები პუნქტებით ტრანზიტისა და მეორე მხარის ტერიტორიაზე დროებითი ყოფნის უფლებით.
საქართველოსა და ირანის მოქალაქეებს უფლება აქვთ მეორე მხარის ტერიტორიაზე ვიზის გარეშე ორმოცდახუთი დღე დაყონ. ამის საშუალებას იძლევა 2010 წლის 3 ნოემბერს გაფორმებული და 26 იანვარს ამოქმედებული ხელშეკრულება, რომლის კომენტირებისას პოლიტიკოსებისა და პოლიტიკის ექსპერტთა ნაწილი ხაზს უსვამს საერთაშორისო კონტექსტს - ამერიკა-ირანის დაძაბულ ურთიერთობას - და აქედან გამომდინარე რისკების ინტენსივობას. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს ნიკა ლალიაშვილიც - საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე:
„რისკები იზრდება და ბევრად უფრო ინტენსიური ხდება, თუმცა მესმის იმ მოსაზრებისა, რომ ირანი არის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე რეგიონში და მას ანგარიში უნდა გაეწიოს, თუმცა ვერ ვხვდები რა საჭირო იყო სავიზო რეჟიმის კიდევ უფრო მეტად გამარტივება. ისედაც ნებისმიერ ადამიანს თავისუფლად შეეძლო ვიზის აღება ორივე მიმართულებით“.
ნიკა ლალიაშვილის მსგავსად, სავიზო რეჟიმის გაუქმებას რისკის შემცველ გადაწყვეტილებად მიიჩნევს უსაფრთხოების საკითხთა ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი, რომლის თქმითაც, ურთიერთობის დათბობა სახელმწიფოსთან, რომელიც პრინციპულ წინააღმდეგობაშია დასავლეთთან და რომლის შიგნითაც სამოქალაქო დაპირისპირების დიდი მუხტი არსებობს, საქართველოს კარგს არაფერს მოუტანს.
„არ არის გამორიცხული, გარკვეული არეულობის შემთხვევაში, რისი ალბათობაც მაღალია, ლტოლვილთა ნაკადიც კი მოაწყდეს საქართველოს საზღვრებს. ფაქტობრივად, უვიზო რეჟიმში მყოფი ირანიდან დაძრულ ამ ნაკადს ვერანაირად ვერ შევაჩერებთ“, - უთხრა ირაკლი სესიაშვილმა რადიო თავისუფლებას.
თუმცა საქართველოს საგარეო უწყებაში დარწმუნებულნი არიან, რომ ირანთან ურთიერთობის გაუმჯობესება სავსებით უპასუხებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და, ამავდროულად, არ აზარალებს სტრატეგიულ პარტნიორებს. აი, რა განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ 2010 წლის ნოემბერში, ირანთან გაფორმებული ხელშეკრულების კომენტირებისას:
„ურთიერთობების განვითარება ხდება გამჭვირვალედ, ღიად, ჩვენს მოკავშირეებთან მუდმივი დიალოგის ფარგლებში, და წარმოადგენს სუვერენული სახელმწიფოს გადაწყვეტილებას, რომელიც არავითარ შემთხვევაში არავისთვის გამაღიზიანებელი ფაქტორი არ არის. ჩვენს საგარეო პოლიტიკის ვექტორს რაც შეეხება, ჩვენ დაფარული პოლიტიკა არ გაგვაჩნია არავისთან მიმართებაში, მათ შორის, არც ირანთან. ხაზს ვუსვამთ იმ გარემოებას, რომ გვსურს ყველა დიდ და, მით უმეტეს, მეზობელ სახელმწიფოსთან გვქონდეს კარგი ურთიერთობა - როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური - და ირანი სწორედ ერთ-ერთი ასეთი სახელმწიფოა“.
ირანთან ეკონომიკურ ურთიერთობას, შესაძლოა, მართლაც ჰქონდეს პერსპექტივა, თუმცა, როგორც ეკონომიკის ექსპერტი რეზო საყევარიშვილი შენიშნავს, 2010 წლის მონაცემებით, ირანი საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორთა სიის ათეულშიც კი არ არის:
„ბოლო მონაცემები ასეთია: 2010 წელს მხოლოდ 12 მლნ დოლარის ექსპორტია განხორციელებული და 55 მლნ დოლარის იმპორტი. ანუ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები არის საკმაოდ დაბალი, ნაკლებად აქტიური და, ამ თვალსაზრისით, სავიზო რეჟიმის გამარტივება მას პირდაპირ ხელს ვერ შეუწყობს. სიახლემ შეიძლება გავლენა მოახდინოს გადაზიდვების ბიზნესზე. ირანული ტვირთები საკმაოდ ინტენსიურად მოძრაობენ საქართველოს ტერიტორიაზე და მძღოლებს საგრძნობლად გაუიოლდებათ ერთი ქვეყნიდან მეორეში გადასვლა“.
ეკონომიკის კიდევ ერთი მიმართულება, რომელმაც, შესაძლოა, საქართველოს სარგებელი მოუტანოს, ტურიზმია. რეზო საყევარიშვილის თქმით, 2010 წლის ზაფხულში საქართველომ პირველად უმასპინძლა ირანელ ტურისტთა ორგანიზებულ ნაკადს. გარდა ამისა, ირანელ ინვესტორებს აქვთ ინტერესი საქართველოს პორტების ინფრასტრუქტურაში. ირანული კომპანიებიდან რამდენიმე განაცხადი გაკეთდა ქობულეთის ტურისტულ ზონაში. ასევე არსებობს ინტერესი საქართველოს ტერიტორიაზე სატრანსპორტო-სასაწყობო ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობისა, თუმცა, უნდა ითქვას, რომ ყოველივე ეს სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან პირდაპირ კავშირში არ არის.