Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

გაიზრდება თუ არა ბაგა-ბაღებში გადასახადი


ხორცი, თევზი, ხილი და რძის პროდუქტები – ახალციხის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში საკვებ მენიუს ექიმები ადგენენ. სამჯერად კვებასა და ბავშვის მოვლაში მშობლებს თვეში 20 ლარის გადახდა უწევთ. ახალციხეში ბაღები ერთი სისტემით მუშაობენ. N4 ბაგა-ბაღის მენეჯერის, მარინა თოთაძის, თქმით, ერთნაირი მენიუ და ერთი სახის გადასახადი ყველა ბაღს თანაბარ პირობებში აყენებს.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების გაერთიანებაში ახალციხის 8 და ვალის 1 ბაგა-ბაღი შედის. ცხრავე ბაღში 800-მდე ბავშვი ირიცხება. თანხის 50%-ს ახალციხის მუნიციპალიტეტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან იხდის. მშობლები საბავშვო ბაღში არსებული კვებით კმაყოფილები არიან.

ერთი ბავშვის შენახვა თვის განმავლობაში საშუალოდ 57 ლარი ჯდება. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორი, მზია ქობესაშვილი, განმარტავს, რომ ბოლო დროს საკვებ პროდუქტებზე ფასების ზრდის გამო, ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაფინანსებაში მცირე ცვლილებები შეიტანა.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხარჯებმა, რისთვისაც თანხა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ გამოყო, წელს 228 ათასი ლარი შეადგინა. გარდა ამისა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 18 ათასი ლარი ბაღების შეშით მომარაგებას მოხმარდა. ახალციხის მუნიციპალიტეტში ამბობენ, რომ თუ პროდუქტზე ფასების ზრდა გაგრძელდა, ადგილობრივი ხელისუფლება ბაგა-ბაღებში არსებული გადასახადის შენარჩუნებას ვეღარ შეძლებს. თუმცა ამ ეტაპზე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის რეგულირებით გადასახადი კვლავ 20 ლარია, – აცხადებს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ათუნაშვილი.

50%-იანი დაფინანსების გარდა, ობლები, მრავალშვილიან ოჯახთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა, ომში მონაწილეთა და პირველი ჯგუფის ინვალიდთა შვილები 100%-იანი შეღავათით სარგებლობენ. ასეთი მუნიციპალიტეტში სულ 85 ბავშვია. მათი სრული დაფინანსებისთვის ადგილობრივმა ხელისუფლებამ 2011 წლის ბიუჯეტში 38 ათასი ლარი გაითვალისწინა.
XS
SM
MD
LG