Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ქუთაისში ტრანსპორტზე მოსაკრები მცირდება


ქუთაისის მერია შიდასაქალაქო ტრანსპორტზე მგზავრობის ფასის შენარჩუნებას ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მფლობელებისთვის ყოველთვიური მოსაკრების განახევრებით ცდილობს. როგორც ქალაქის ტრანსპორტის სამსახურში განმარტავენ, მერიამ საკრებულოს ახალი პროექტი წარუდგინა, რომლის დამტკიცების შემთხვევაშიც, მიკროავტობუსებისა და ავტობუსების მეპატრონეები იანვრიდან ნაკლებ გადასახადს გადაიხდიან. მოსაკრების განახევრების გადაწყვეტილება ხელისუფლებამ საწვავზე გაზრდილი ფასის გამო მიიღო.

ავტობუსით მგზავრობა ქუთაისში 30 თეთრი, მიკროავტობუსით მგზავრობა კი 40 თეთრი ღირს. როგორც ტრანსპორტის სამსახურში განმარტავენ, შიდასაქალაქო ტრანსპორტზე მოსაკრები სამარშრუტო ხაზების რენტაბელობის მიხედვით იყო დადგენილი და იგი შემცირების დროსაც გაითვალისწინეს. ქალაქის მერის, გიორგი თევდორაძის, თქმით, საგადასახადო შეღავათები გადამზიდავ ფირმებს საშუალებას მისცემს მგზავრობის ფასი უცვლელი დატოვონ.

მუნიციპალური ტრანსპორტი უკვე 6 წელია ქუთაისის მოსახლეობას არ ემსახურება. შიდასაქალაქო სატრანსპორტო გადაზიდვებს 2006 წლიდან კერძო ფირმები ახორციელებენ. ქუთაისის მერიის ტრანსპორტის სამსახურის სპეციალისტების ინფორმაციით, ამჟამად ქალაქს 2 საავტობუსო და 10 მიკროსაავტობუსო ფირმა ემსახურება. 1200 ბენეფიციარს რომლებიც უფასო მგზავრობის ტალონებით სარგებლობენ საავტობუსო ფირმები ემსახურებიან, ავტობუსის მეპატრონეები და მძღოლები უფასო მგზავრთა ნაკადის სიმრავლით უკმაყოფილოები არიან. ქალაქის მერის თქმით, ყოველწლიურად ბენეფიციართა მგზავრობისთვის ბიუჯეტში 100 ათასი ლარია გათვალისწინებული.

რადიო თავისუფლება გაესაუბრა ავტობუსისა და მიკროავტობუსის მძღოლებს, მათი უმრავლესობა მოსაკრების შემცირების შესახებ ჯერჯერობით ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა აღნიშნავენ, რომ გადასახადების განახევრება მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება.
შიდასაქალაქო ტრანსპორტით მოსარგებლე ქუთაისელები აღნიშნავენ, რომ გასულ წლებთან შედარებით ტრანსპორტის მოძრაობა და გრაფიკი ქალაქში დარეგულირდა, თუმცა სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის მგზავრობის ღირებულება ძვირია და მათი თქმით, ფეხით სიარულს ამჯობინებენ.

ჩვენ შევეცადეთ გავსაუბრებოდით ქალაქში ყველაზე რენტაბელური მიკროავტობუსებისა და ავტობუსების მეპატრონეებს, მათ კომენტარის გაკეთება არ ისურვეს, თუმცა პირად საუბრებში აღნიშნეს, რომ მხოლოდ საგადასახადო შეღავათები მგზავრობის ღირებულების გაძვირებას ხელს ვერ შეუშლის, საწვავის ფასის ზრდამ შესაძლოა მგზავრობის ღირებულებაზე გავლენა წლის ბოლომდე იქონიოს.
XS
SM
MD
LG