ეგრეთ წოდებულმა რუსმა მესაზღვრეებმა ახალგორის რაიონში გადაადგილების რეჟიმი გაამკაცრეს. ისინი დაბაში იმ ადამიანებს აღარ უშვებდნენ, რომლებსაც ადგილობრივი რეგისტრაცია არა აქვთ.
საგუშაგოდან არაერთი ადამიანი უკან გააბრუნეს. ადრე კი, ვისაც ახალგორში საკუთრება ჰქონდა და პირადობის მოწმობების რუსულად ნათარგმნი და ნოტარიულად დამტკიცებული ასლები ან ადგილობრივი ოსური ადმინისტრაციის მიერ გაცემული ცნობები გააჩნდა, რაიონში შესვლა უპრობლემოდ შეეძლო.
როგორც ახალგორელი თამარ მეარაყიშვილი ამბობს, გამკაცრებული რეჟიმის გამო პრობლემები დაბაში მოღვაწე სასულიერო პირებსაც შეექმნათ.
„მკაცრად აფრთხილებენ მგზავრებსაც და მძღოლებსაც, რომ ვისაც არა აქვს ჩაწერის ადგილად ახალგორი, აქეთ აღარ უნდა წამოვიდნენ. ამას წინათ ერთი უსინათლო ინვალიდი მოდიოდა აქეთ, დედასთან, ისე, სულ აქ ცხოვრობს, მაგრამ რუსთავშია ჩაწერილი და ისიც კი არ შემოუშვეს. არადა, საღამო იყო უკვე და მძღოლს მისი ქართულ საგუშაგომდე გადაყვანა მოუხდა. შვილებსაც კი მშობლებთან ჩამოსვლის უფლებას აღარ აძლევენ. მოძღვარი, რომელიც აქ მსახურობს, მამა ანტონი, აფხაზეთშია დაბადებული, დევნილია. ორშაბათს ისიც ჩამოსვეს საგუშაგოზე და აქეთ აღარ გამოატარეს“, – ამბობს თამარ მეარაყიშვილი.
ახალგორში ყოველდღიურად იზრდება ვლადიკავკაზიდან ჩასული იმ ოსი ეროვნების მოქალაქეების რიცხვი, რომლებმაც დიდი ხნის წინ ბინები გაყიდეს. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მიერ გამოცემული ბრძანების შემდეგ, რომელიც ახალგორის რაიონის მოსახლეობისთვის მიწის ნაკვეთებისა და საცხოვრებელი ფართების ჩამორთმევას ეხება, უკვე გაყიდულ სახლებზე პრეტენზიის მქონე მოქალაქეების რიცხვი გაიზარდა. ამას ხელი ახალგორში ჩატარებულმა სასამართლო პროცესმაც შეუწყო. გამოტანილი გადაწყვეტილების მიხედვით, სახლების ქართველ მყიდველებს ბინების დასაცლელად ათდღიანი ვადა მიეცათ. როგორც თამარ მეარაყიშვილი ამბობს, პატიოსანი მყიდველები ბრძოლას აგრძელებენ და დე ფაქტო რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოს მიმართავენ.
როგორც ახალგორის საკრებულოს თავმჯდომარემ, ავთანდილ ყოჩიშვილმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რუსმა სამხედროებმა გადაადგილებისთვის გამკაცრებული რეჟიმი რამდენიმე დღით აამოქმედეს, დღეიდან კი დაბაში შესვლა კვლავ უპრობლემოდ შეიძლება; თუმცა, როგორც საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, ახალი წლიდან ეს რეჟიმი ისევ გამკაცრდება. გარდა ამისა, ავთანდილ ყოჩიშვილი დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა დაბაში ლარის მიმოქცევიდან ამოღების თაობაზე. მისი აზრით, კოკოითის ხელისუფლებას ამის გაკეთება გაუჭირდება, რადგან რუსი ჯარისკაცებიც კი ლარზე ვაჭრობას ამჯობინებენ, რადგან რუბლის კურსი ძალიან დაბალია:
„საქმე იქით მიჰყავთ, რომ უნდათ, ვითომ მართლა დამოუკიდებელ ერთეულს დაამსგავსონ, მაგრამ მანდ ლარი არ აიკრძალება, რადგან მოსახლეობის დიდ ნაწილს აქეთ აქვს ორიენტაცია და ლარს იყენებენ. პროდუქტების უმეტესობა აქედან შედის და თვითონაც (ოსები და რუსები) ლარით ვაჭრობენ“.
როგორც ოსური მედია იუწყება, დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, ახალგორის რაიონის ტერიტორიაზე ლარის მიმოქცევა 2011 წლის 10 იანვრიდან აიკრძალება. ბოლომდე ისიც გაურკვეველია ახალი წლიდან როგორ შეძლებენ საკუთრების მქონე, მაგრამ დაბის რეგისტრაციის არმქონე პირები ახალგორში შესვლას.