Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული სცენარის სერიული ტერორიზმი საქართველოში


ასაფეთქებელი მოწყობილობები, რომლებიც სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილებისგან ამოიღეს
ასაფეთქებელი მოწყობილობები, რომლებიც სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილებისგან ამოიღეს
7 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გახსნილად გამოაცხადა შემოდგომაზე განხორციელებულ რამდენიმე ტერორისტულ აქტთან დაკავშირებული საქმე. ამ დროისთვის დაკავებულია 6 პირი, ხოლო კიდევ 2 ეჭვმიტანილზე გამოცხადებულია ძებნა. სამინისტროს ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფი რუსი მაიორის ევგენი (იგივე ჟენია) ბორისოვის მითითებებით მოქმედებდა, ხოლო ასაფეთქებელი მასალებით ის ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან მარაგდებოდა.

ამ დროს ამოიღო ჟენიამ რუკა, რომელიც ზევიდან, სპუტნიკიდან იყო გადაღებული და აღგვიწერა მაქ ამერიკის საელჩო...
ტერორისტული აქტების შესრულებაში ეჭვმიტანილი ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, 31 წლის გოგიტა რევაზის ძე არქანია, რომელიც გალის რაიონის მკვიდრია, სამართალდამცველებმა 4 დეკემბერს დააკავეს. იმავე დღეს დაკავებულ კიდევ 5 ეჭვმიტანილს კი ბრალი ედება თანამონაწილეობაში, რაც ტერორისტული აქტებისთვის გამიზნული ასაფეთქებელი ნივთიერებების შენახვასა თუ გადაზიდვაში გამოიხატება. აფეთქებების ორგანიზატორობისა და შესრულებისათვის იძებნება კიდევ 2 ეჭვმიტანილი: 48 წლის მუხრან გიორგის ძე ცხადაია, რომელიც ასევე 2003 წლიდან იძებნება ადამიანის გატაცებისთვის, და 31 წლის მერაბ ყოლბაია, მეტსახელად ”კოჭოია”.

სწორედ ”კოჭოიამ” წარუდგინა გოგიტა არქანია რუსეთის შეიარაღებული ძალების მაიორს, ევგენი (ჟენია) ბორისოვს. ეს შეხვედრა სოფელ საბერიოში სექტემბრის დასაწყისში შედგა - არქანია ოჯახის წევრებისა და ახლობლების ამოხოცვით დააშინეს, მას გასამრჯელოც შესთავაზეს და პირველი დავალებაც მისცეს: აფეთქებები შეერთებული შტატების საელჩოს ტერიტორიაზე. დავალება შემსრულებელმა უშუალოდ ევგენი (ჟენია) ბორისოვისგან მიიღო. ფრაგმენტი არქანიას ჩვენებიდან:

”...ამ დროს ამოიღო ჟენიამ რუკა, რომელიც ზევიდან, სპუტნიკიდან იყო გადაღებული და აღგვიწერა მაქ ამერიკის საელჩო. იმაზე იყო დატანილი ქუჩები... ქუჩები და ის შენობა...”

არქანიას ჩვენებიდან ირკვევა, რომ შეერთებული შტატების საელჩოსკენ მიმართული ტერორისტული აქტი მთლად გეგმის მიხედვით ვერ განხორციელდა. ამ საქმისთვის გამიზნული 2 ასაფეთქებელი მოწყობილობიდან 22 სექტემბერს მხოლოდ ერთი ამოქმედდა. საუბარია შენობის მახლობლად მომხდარ აფეთქებაზე.

დადგენილია, რომ ყოველი აფეთქების წინ და შემდეგ ბორისოვს ტელეფონით ან უშუალოდ ატყობინებდნენ ოპერაციის მომზადებას და ასევე შესრულებას ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში გოგიტა არქანია ასევე დაწვრილებით ჰყვება სხვა ტერორისტული აქტების შესახებაც, რომელთაგან ერთმა - 28 ნოემბერს ჯავახიშვილის ქუჩაზე, ლეიბორისტული პარტიის ოფისთან ახლოს, გვიან ღამით მომხდარმა აფეთქებამ - ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ასევე 28 ნოემბერს, გვიან ღამით, მოხდა მეორე აფეთქებაც - ნონეშვილის ქუჩაზე, მუხიანში. მანამდე კი, 21 ოქტომბერს, ორი აფეთქება მოხდა თბილისის რკინიგზის სადგურთან. ეჭვმიტანილთა ორგანიზებული ჯგუფის სათვალავზეა ასევე ერთი წარუმატებელი აფეთქებაც, რომელიც 2 ოქტომბერს ხობის რაიონში, სოფელ ჭალადიდთან, სარკინიგზო ხიდზე უნდა განხორციელებულიყო.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ეკა ზღულაძის, ინფორმაციით, ტერორისტული აქტების სერია უშუალოდ რუს მაიორთან შეთანხმებით ხორციელდებოდა და მასთან კავშირს გარკვეული მტკიცებულებებიც ადასტურებს.

”დადგენილია, რომ ყოველი აფეთქების წინ და შემდეგ ბორისოვს ტელეფონით ან უშუალოდ ატყობინებდნენ ოპერაციის მომზადებას და ასევე შესრულებას. სატელეფონო ნომერი, რომელსაც ბორისოვი ეჭვმიტანილებთან კავშირისთვის იყენებდა, დარეგისტრირებულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სახელზე. მაიორი ბორისოვი 2008 წლის მარტის თვიდან 2008 წლის ოქტომბრამდე მსახურობდა რუსეთის სამშვიდობო ძალების სამხრეთის ზონის შტაბის უფროსის მოადგილედ. დისლოკაციის ადგილი - ზუგდიდის რაიონის სოფელი ურთა”, - განაცხადა ეკა ზღულაძემ 7 დეკემბერს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.

მაიორ ბორისოვის მიერ დაგეგმილი ტერორისტული აქტები, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჰექსოგენის შემცველი ასაფეთქებელი ნივთიერებით ხორციელდებოდა. საქმეში თანამონაწილედ ეჭვმიტანილი ჯონი აბულაძის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია 13 ერთეული ასაფეთქებელი მოწყობილობა, მათ შორის - ჰექსოგენით სავსე 9 ქილა. სულ ამოღებულია 10 კილოგრამი ჰექსოგენი.

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის, განცხადებით, სპეცოპერაციის შედეგად, რომელიც ერთობლივად ჩაატარეს თბილისისა და სამეგრელოს კრიმინალური პოლიციის კონტრდაზვერვისა და კონტრტერორისტულმა დეპარტამენტებმა, საქართველომ სერიოზული საფრთხე აიშორა თავიდან:

”აღმოჩენილი ბომბებიდან ნაწილი განკუთვნილი იყო უკვე, და მიმართული იქნებოდა კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ და ვინ იცის, რა საფრთხე მოგველოდა ჩვენ ხვალ...”

ქართველ პოლიციელებს მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტმაც. მექსიკაში გამგზავრების წინ ჩაწერილ სატელევიზიო გამოსვლაში მიხეილ სააკაშვილი პოლიციელებს მუშაობის კიდევ უფრო გაძლიერებასაც ავალებს.

პრეზიდენტ სააკაშვილს თავის კომენტარში რუსი მაიორი არ უხსენებია, თუმცა მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ გამოძიების ხელთ ამჟამად არსებული მასალების მიხედვით, ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებული პროცესები ოკუპირებული ტერიტორიიდან იმართებოდა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ეკა ზღულაძის თქმით კი, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველო ”მზად არის ითანამშრომლოს ყველა მხარესთან”. ის ასევე გამოთქვამს იმედს, რომ, ”რუსეთის ფედერაციის შესაბამისი სამსახურების მხრიდან კონსტრუქციული დამოკიდებულების შემთხვევაში”, საქმეში მონაწილე სხვა პირებისა და მოწმეების დაკითხვის შესაძლებლობა გაჩნდება.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG