Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თედო ჯაფარიძის გარშემო სკანდალი მწიფდება


საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, თედო ჯაფარიძის, გარშემო სკანდალი მწიფდება. საქართველოს დიპლომატიურმა უწყებამ თედო ჯაფარიძეს ყველა გზა მოუჭრა „შავი ზღვის კვლევების საერთაშორისო ცენტრის”(ICBSS) გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტზე ხელმეორედ კენჭის საყრელად. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლების განრისხება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ აღნიშნულ პოსტზე ჯაფარიძის კანდიდატურას, საბჭოს სხვა წევრების გარდა, მხარს უჭერდა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელი. თბილისის მხრიდან დიპლომატიური ზეწოლის მიუხედავად, „საერთაშორისო ცენტრის“ (ICBSS) ხელმძღვანელობამ ექვსი თვით მაინც გაუგრძელა ვადა თედო ჯაფარიძეს, რომელიც ვარაუდობს, რომ მის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია წარმოებს.


„შავი ზღვის კვლევების საერთაშორისო ცენტრის“ (ICBSS) დირექტორთა საბჭოს 26 ნოემბრის შეხვედრა, შესაძლოა, ისევე მშვიდად დასრულებულიყო, როგორც ყველა დანარჩენი, რომ არა ქართული მედია, რომელმაც რუსეთ-საქართველოს დაპირისპირების კვალი ერთი შეხედვით უწყინარი საბჭოს კედლებშიც აღმოაჩინა. სამაუწყებლო ტელეკომპანია „იმედის“ 30 ნოემბრის „ქრონიკამ“ საზოგადოებას სკანდალური ინფორმაცია მიაწოდა, რომლის ცენტრში აღმოჩნდა საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი თედო ჯაფარიძე:

„რუსეთის კვოტა უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივანს. დაიკავებს თუ არა ჯაფარიძე შავი ზღვის თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტს, ჯერჯერობით უცნობია. თავად თედო ჯაფარიძე „ქრონიკასთან“ საუბარში ამბობს, რომ მას ვადის ამოწურვის გამო ვერც ერთი ქვეყანა „ბისეკში“ ვერ წარადგენს. არის თუ არა ჯაფარიძე რუსეთის ინტერესების დამცველი. უშიშროების საბჭოს ექსმდივნის დიპლომატიური წარსული და სავარაუდო რუსული მომავალი ”ბისეკში“.

ვინაიდან მოდელირებული სიუჟეტები გავრცელებული პრაქტიკაა საქართველოს ტელესივრცეში, ვითარებაში გასარკვევად ჩვენ დავუკავშირდით საბერძნეთში მყოფ თედო ჯაფარიძეს, რომელიც შავი ზღვის კვლევების საერთაშორისო ცენტრში დირექტორის მოადგილის პოსტზე 2007 წლიდან მუშაობს.

თედო ჯაფარიძე განმარტავს, რომ შავი ზღვის კვლევების საერთაშორისო ცენტრი სხვაა და „ბისეკი“ კიდევ სულ სხვა. „BISEC -ში“ - შავი ზღვის თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციაში - შემავალ ქვეყნებს ჰყავთ აღმასრულებელი ორგანო და აქვთ შესაბამისი ეროვნული კვოტები. „შავი ზღვის კვლევების საერთაშორისო ცენტრია“ „ბისეკთან’ დაკავშირებული საერთაშორისო ინსტიტუტი და თანაც სიტყვა „საერთაშორისოც“ პირობითია, რადგან მის მუშაობას მხოლოდ საბერძნეთის მთავრობა აფინანსებს. თედო ჯაფარიძე არ მალავს, რომ იგი მართლაც აპირებდა მეორედაც წარედგინა საკუთარი კანდიდატურა სწორედ საბერძნეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული „ცენტრის“ დირექტორის მოადგილის პოსტზე, რომ არა საქართველოს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირის ნოტა, რომელმაც თედო ჯაფარიძეს ამ თანამდებობის დაკავების შესაძლებლობა პრაქტიკულად მოუსპო:

„გაჩნდა საქართველოს ხელისუფლების სახელით დაწერილი წერილი, რომელსაც ხელს აწერს ქალბატონი ნინო კალანდაძე (საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე), რომლის თანახმად საქართველოს მთავრობა არ უჭერს მხარს ჯაფარიძის კანდიდატურის არჩევას და საკუთარ კანდიდატურას მოგვიანებით წარმოადგენს“.

სავარაუდოდ, საუბარია დავით კერესელიძეზე, რომელიც საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად მუშაობს დანიაში, ნორვეგიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში. თუმცა მისი კანდიდატურა დაგვიანებით იქნა შეტანილი განსახილველად, რის გამოც შავი ზღვის კვლევითი ცენტრის მმართველმა საბჭომ თედო ჯაფარიძეს ექვსი თვით კიდევ გაუგრძელა კონტრაქტი - იმ დრომდე, ვიდრე გენერალური დირექტორის მოადგილის ვაკანსია, კონსენსუსისა და გარიგებების შემდეგ, საბოლოოდ არ შეთანხმდება. თუმცა, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ „შავი ზღვის კვლევების საერთაშორისო ცენტრში“ გაგზავნილი ერთ-ერთი ბოლო წერილით ირკვევა, საქართველოს დიპლომატიური უწყება იმის წინააღმდეგიც იყო, რომ ამავე უწყების ყოფილ პირველ პირს დროებით - თუნდაც ექვსი თვის ვადით -დაეკავებინა აღნიშნული პოსტი.

წერილში, რომელიც რადიო თავისუფლებამ პირადი არხებით მოიპოვა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საყვედურობს „დამსწრე დელეგაციებს“იმის გამო, რომ მათ მხარი დაუჭირეს რუსეთის წინადადებას“, „თედო ჯაფარიძისათვის თანამდებობაზე დარჩენის უფლება მიეცათ დირექტორთა საბჭოს“ მომდევნო სხდომამდე. თედო ჯაფარიძე ამ ყველაფერს „ტრაგიკომიკურ ისტორიას“ უწოდებს.
თედო ჯაფარიძე

„საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადგინა და შეათანხმა ამ საბჭოს დანარჩენ წევრებთან, მოდით, ეს საკითხი გადავიტანოთ და განვიხილოთ შემდეგ საბჭოს სხდომაზე, რომელიც ექვსი თვის შემდეგ შედგებაო. როდესაც ეს გადაწყვეტილება მიიღო საბერძნეთმა, ჩემი საკითხი, ჯაფარიძის ხელმეორედ არჩევისა, - თუნდაც რუსეთის კვოტით, გინდაც პან გი მუნს რომ მოენდომებინა და გაეროს კვოტით მოენდომებინა (ეს ვთქვი კიდეც „იმედთან“ საუბარში), - უკვე დამთავრებული იყო. ჯაფარიძეს აქ აღარავინ დატოვებდა“.

რადიო თავისუფლება შეეცადა ოფიციალური კომენტარი მიეღო საგარეო საქმეთა სამინისტროსაგან შეკითხვაზე, თუ რა ხდება და რატომ არის უწყება თავისივე ყოფილი ხელმძღვანელის მიმართ ასე კრიტიკულად განწყობილი. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრმა კომენტარზე უარი გვითხრა. თუმცა პირად საუბარში საგარეო უწყების წარმომადგენლები არ მალავენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას აღიზიანებდა თედო ჯაფარიძის მიერ დასავლეთის პრესაში ბოლო დროს გამოქვეყნებული პუბლიკაციები და კიდევ ის გარემოება, რომ მის ხელმეორედ არჩევას „შავი ზღვის კვლევების საერთაშორისო ცენტრში” მხარს უჭერდა რუსეთის წარმომადგენელი.

თუმცა საქართველოს ხელისუფლების ამ არგუმენტს ძალიან უცნაურს უწოდებს ბერძენი დიპლომატი დიმიტრის ტრიანტოფილუ, აღნიშული საერთაშორისო ცენტრის ყოფილი გენერალური დირექტორი, რომელმაც რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ თედო ჯაფარიძის ხელახლა არჩევას მხარს უჭერდა „ბისეკის“ ყველა ქვეყნის წარმომადგენელი:

„როგორც მე ვიცი, ეს მარტო რუსეთის დელეგაცია არ ყოფილა. თედო ჯაფარიძის კანდიდატურას მხარს უჭერდა საბერძნეთის დელეგაცია, აზერბაიჯანისა და „ბისეკში“ შემავალი ყველა - თერთმეტივე - ქვეყნის დელეგაცია, საქართველოს დელეგაციის გარდა. თედო ჯაფარიძე არის დიპლომატი, რომელსაც ყველასთან აქვს კარგი ურთიერთობა. მას დიდად აფასებენ მოსკოვში, ვაშინგტონში და ევროპის ბევრ სხვა დედაქალაქში“.

ბერძენი დიპლომატი დიმიტრის ტრიანტოფილუ „არათანმიმდევრულს“ უწოდებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელმაც რამდენჯერმე შეცვალა პოზიცია და გაართულა ვაკანტურ თანამდებობაზე არჩევნების ჩატარება:

„ვიდრე დავტოვებდი პოსტს ივლისის თვეში, ჩართული ვიყავი ამ საკითხში. მქონდა საუბარი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და მათ მითხრეს, რომ არ არსებობს არანაირი პრობლემა, რომ დარჩეს ჯაფარიძე და ხელახლა იყოს არჩეული. მერე გადაიფიქრეს და თქვეს, რომ არ უნდათ მისი წარდგენა. სულ ბოლოს კი საკუთარი ახალი კანდიდატურა სულ ბოლო წუთებში წარმოადგინეს. ვფიქრობ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს არ გააჩნია არავითარი თანმიმდევრულობა“.

აღსანიშნავია, რომ ვიდრე მისი ყოფილი ევროპელი კოლეგები „შავი ზღვის კვლევების საერთაშორისო ცენტრის“ გენერალური დირექტორის მოადგილის მოკრძალებულ პოსტს შესთავაზებდნენ, მანამდე თედო ჯაფარიძე იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ. მოგვიანებით თედო ჯაფარიძემ საქართველოს ხელისუფლებისა და პირადად მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერით ორგანიზაცია „ბისეკის“ გენერალური მდივნის პოსტი დაიკავა. სხვათა შორის, მაშინაც კონსენსუსისა და მაშინაც რუსეთის მხარდაჭერით. თედო ჯაფარიძე ამბობს, რომ „შავი ზღვის კვლევების საერთაშორისო ცენტრის“ დირექტორის მოადგილის პოსტზე მისი კანდიდატურის დაბლოკვა და მედიით გავრცელებული დამახინჯებული და დაუბალანსებელი ინფორმაცია მის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანიის ნაწილია:

„საქართველოს ოფიციალური უწყებები გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა უკვე აღარავის უკვირს, რომ კრემლს კარგა ხანია აქვს მცდელობა, როგორც პოლიტიკურ და სახელისუფლებო, ისე დიპლომატიურ წრეებში დასაყრდენი ეძებოს“. (ნაწყვეტი ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო პროგრამა „ქრონიკის“ 30 ნოემბრის სიუჟეტიდან).

თუმცა „ვარდების რევოლუციის“ ხელისუფლების პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი მედიის სპეკულაციებზე თავის მართლებას არ აპირებს. ჯაფარიძეს გული იმაზე სწყდება, რომ საქართველო გახდა პირველი ქვეყანა შავი ზღვის აუზში, რომელიც სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან დიპლომატიურ დაპირისპირებასა და აჟიოტაჟსაც კი არ მოერიდა, რათა უმუშევარი დაეტოვებინა საკუთარი ქვეყნის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და თანაც დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინა ამ პოსტის დაკავების შესაძლებლობა სხვა ქართველი დიპლომატებისთვისაც.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG