Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აწყურის ციხე ინგრევა


აწყურის ციხე
აწყურის ციხე
მესხეთის კარიბჭე - აწყურის ციხე - შველას ითხოვს. მოსახლეობა შიშობს, რომ ჭარბ ნალექს კულტურული ძეგლი ვეღარ გაუძლებს. ადგილობრივების განმარტებით, ციხეს რესტავრაცია არასოდეს ჩასტარებია, საქართველოს უძველესი ძეგლი სასწრაფო კონსერვაციას საჭიროებს.

ზამთრის მოახლოებასთან ერთად აწყურის ციხის დანგრევის საფრთხე კიდევ უფრო იზრდება. ნახევრად დანგრეული ისტორიული ძეგლი ტურისტებისა და ექსკურსანტების ყურადღებას მხოლოდ შორიდან იპყრობს. ქვათაცვენის გახშირებასთან ერთად ციხეს დამთვალიერებლები იშვიათად სტუმრობენ.

კედლებიდან ქვათა ცვენა წლებია მიმდინარეობს, თუმცა ციხემ მასშტაბური ნგრევა გასულ წელს დაიწყო. 2010 წლის გაზაფხულზე, ხშირი წვიმების დროს, ციხის ქიმი და ერთი გამოქვაბული მთლიანად ჩამოინგრა. აწყურის ციხის უმძიმესი მდგომარეობის შესახებ კულტურის სამინისტროსა და ძეგლთა დაცვის დეპარტამენტს ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკვე აცნობა. აწყურის ტერიტორიული მართვის ორგანოს რწმუნებული გელა მუმლაძე ამბობს, რომ კულტურულ ძეგლს სპეციალისტებმა უნდა მიხედონ.

ციხემ ფუნქცია დაკარგა თუ არა, მისი დაზიანებაც დაიწყო. დღეს აღარავინ იცის, წვიმის შედეგად დაგროვილი წყალი სად მიემართება. თავის დროზე არსებული სანიაღვრე არხი დაკარგულია, რის გამოც წყალი კედლებში იჟონება და ციხეს აზიანებს. გადაღებული ფოტოების მიხედვით, ციხის ტერიტორიაზე ხვრელები მეოცე საუკუნის შუა წლებში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, გაჩნდა. აწყურის ციხე შიგნიდან მორღვეულია, რადგან სხვადასხვა პერიოდში იგი გამოყენებულია სამშენებლოდ, კედლის ნახევარი პირის მოხსნამ კი ციხის დანგრევა გამოიწვია, – აცხადებს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურისა და ძეგლთა დაცვის წამყვანი სპეციალისტი რევაზ ანდღულაძე.

სამცხე-ჯავახეთი აწყურის ციხის დაკარგვის წინაშე რეალურად დგას – ასეთია ისტორიული ძეგლის თაობაზე სპეციალისტების, ადგილობრივი მოსახლეობისა და ხელისუფლების ერთობლივი პროგნოზი. ყველაზე მეტად ძეგლი 2009 წლის 19 აგვისტოს დაზიანდა. გადაუღებელმა წვიმებმა მაშინ დაახლოებით 15 მეტრი სიგრძის კედელი ჩამოანგრია. სოფელ აწყურში ზამთარს შიშით ელოდებიან და ამბობენ, რომ მკაცრ კლიმატს შეიძლება მხოლოდ ციხის ნაწილმა გაუძლოს.
XS
SM
MD
LG