თბილისში მოეწყო პრემიერა ახალი ქართული ფილმისა „უშენოდ, მგონი, მოვკვდები“ – ლევან თუთბერიძის ფილმისა, რომელიც აკა მორჩილაძის სცენარის მიხედვითაა გადაღებული.
„ფილმი დიდ ეკრანზე, ფინანსური და პოლიტიკური კრიზისის გამო, ორწლიანი დაგვიანების შემდეგ ხვდება...” – იუწყებოდა ქართული მედია ამ ახალი ქართული სურათის პრემიერის წინ. „ფინანსური კრიზისი“ – გასაგებია... თუმცა აქვე ვიტყვით, რომ ლევან თუთბერიძის შემოქმედებაში ეს პირველი ფილმია, რომლის ნაწილი ეროვნული კინოცენტრის სახსრებითაც დაფინანსდა... მაგრამ პოლიტიკურ კრიზისში, რას გულისხმობდნენ საინფორმაციო სააგენტოები, ცოტა გაურკვეველია. ისე, სიტყვა „კრიზისი“ თავად ფილმს კი მოუხდა: ამბავი ორ ახალგაზრდა თბილისელ კაცზე, უფრო სწორად, მათი ცხოვრების ერთ დღეზე ვითარდება; როგორც ჩანს, 90-იან წლებში, – როცა ფრაზა „ქურდებთან ავალ“ ჯერ კიდევ აქტუალურია და როცა დღისით, მზისით, ქუჩაში ცხრილავენ ადამიანებს, – ანუ, როცა ქვეყანა კრიზისშია. სხვათა შორის, ამბავი რომ 90-იან წლებში ხდება, ამას მხოლოდ შინაარსით თუ მივხვდებით. სხვა მხრივ, ეპოქის დეტალები სურათში მე ვერ შევნიშნე. თავად ფილმის რეჟისორმაც გვითხრა რადიო თავისუფლებასთან საუბარში, რომ ამას მაინცდამაინც არა აქვს მნიშვნელობა:
„დღევანდელ სიტუაციაში, როცა თბილისურ ამბავს „აკეთებ“, აუცილებლად მონაწილეობს ეს კრიმინალური სიტუაცია. იმიტომ კი არა, რომ თბილისი კრიმინალური ქალაქია. არა, თანაც ეს ამბავი 90-იან წლებში ხდება და არ არის დაზუსტებული დრო და პერიოდი, მაგრამ დრამატურგიულად ამ ამბავმა მოითხოვა კრიმინალური ელემენტის ჩართვა“.
აქ იქმნება პირველი წინააღმდეგობა – კონკრეტულად მითითებულია დრო – ამბავი ერთ დღეში ვითარდება – ორი თბილისელი ახალგაზრდა განსხვავებულად ცხოვრობს – ერთი პოეტია, მეორე კრიმინალი. ერთი სიყვარულისთვის იბრძვის, მეორე შურისძიებაზე ფიქრობს, მაგრამ მათი გზები ფინალში მაინც გადაიკვეთება... და რა მნიშვნელობა აქვს როდის მოხდება ეს ამბავი?.. ასეთი რამ ყოველთვის იყო და ყველგან. თუკი ასე მივუდექით, გასაგები ხდება რატომ ჰგავს ფილმი „უშენოდ მგონი მოვკვდები“ კრიმინალურ სერიალს „ქაღალდის ტყვია“ – სერიალებშიც ასეა, დროის და გარემოს როლი მინიმალურია. ახლო და საშუალო ხედი მეტია და აქცენტი მსახიობებზეა გადატანილი. მსახიობების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ამ დატვირთვას ახალ ქართულ ფილმში ისინი, მეტ-ნაკლებად, უძლებენ. თუმცა პირადად ჩემთვის (და ეს უკვე ნამდვილად გემოვნების საკითხია) მსახიობ გიორგი ზანგურის აქტიურობა დამღლელი იყო.
„ესაა ფილმი ბედისწერაზე. ყოველთვის მაინტერესებდა, როგორია ადამიანის სიცოცხლის ბოლო დღე. როდესაც ჩვენ არ ვიცით, რომ ბოლო დღეა. ახლობელი როცა გარდაიცვლება, ყველა იხსნებს ბოლო დღეს და საინტერესო ამბებს გაიგებ ხოლმე ამ დროს – მისტიკურ ამბებს“, – უთხრა ლევან თუთბერიძემ რადიო თავისუფლებას ფილმის პრემიერამდე.
და აი, აქ მივადექით პრობლემას, რომლის გადაჭრა, ჩემი აზრით, ვერ ხდება ფილმში. თუკი ადამიანის სიცოცხლის ბოლო დღე ფილმის, თუ შეიძლება ითქვას, „მთავარი სახეა“ (რაშიც ავტორს უნდა დავეთანხმოთ, მთელი ფილმი ფინალის მოლოდინზე თუ არა, ორი ისტორიის ურთიერთგადაკვეთაზეა აგებული), მაშინ რატომ არ არის დრო ამ ახალ ქართულ ფილმში, რატომ არ არის ისტორიული ფონი. რატომ უნდა იგრძნობოდეს უხერხულობა დარბაზში, როცა ეკრანზე 90-იანი წლების სურათებს ვნახულობთ, მაგრამ გადაღებულს ისე, თითქოს მოქმედება დღეს ხდებოდეს. ან თუნდაც ორი წლის წინ, როცა წესით უნდა დასრულებულიყო ლევან თუთბერიძის ფილმი? ისევ და ისევ თანამედროვე ქართული კინოს გადაუჭრელ პრობლემასთან ხომ არ გვაქვს საქმე? დროისა და ისტორიისგან გამიჯვნასთან, რაღაც ზოგადის, მარადიულის გამოხატვის პრეტენზიით? მაგრამ კინო დროის ხელოვნებაა, სიცოცხლის მუმიფიცირების ხელოვნებაა და მას არ უყვარს, როცა კონკრეტულს ემიჯნებიან ხოლმე; ყოველ შემთხვევაში, ამას ერთეულები აღწევენ ხოლმე წარმატებით.
სიკვდილს არ განიცდი, თუკი არ იცი სიცოცხლე. ადამიანის ბოლო დღე ამისთვის არაა საკმარისი მაშინაც კი, როცა ფილმს ჰქვია „უშენოდ, მგონი, მოვკვდები“.