Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხანდაზმული საზოგადოების უპირატესობა


დასავლური საზოგადოებები სულ უფრო ბერდება. სულ უფრო მატულობს ხანდაზმულთა ხვედრითი წილი. მაგრამ ადამიანების უმრავლესობა ასაკის მატებასთან ერთად უფრო გაწონასწორებული და კმაყოფილია. ასეთ დასკვნამდე მივიდა ამერიკელ მეცნიერთა გუნდი ხანგრძლივი კვლევის შედეგად. მათი აზრით, ხნიერ საზოგადოებაში უფრო მეგობრულად ექცევიან ერთმანეთს და ნაკლებია სხვადასხვა დიდი თუ პატარა კონფლიქტი. გამოკვლევის შედეგები ჟურნალ "Psychology and Aging"-შია გამოქვეყნებული.

„როცა ადამიანები ასაკში შედიან, გრძნობების თვალსაზრისით უფრო გაწონასწორებული არიან და ემოციური პრობლემების მოგვარებაც უკეთ შეუძლიათ“, - ამბობს სტენფორდის უნივერსიტეტის თანამშრომელი ლორა კარსტენსენი. კარსტენსენი და მისი კოლეგები 1993-დან 2005 წლამდე პერიოდში აკვირდებოდნენ, როგორ გრძნობდა თავს 18-დან 94 წლამდე ასაკის 180 ამერიკელი. წელიწადში ერთხელ ცდის მონაწილეებს ერთი კვირით აძლევდნენ მოწყობილობას, რომლითაც რადიოსიგნალის მიღება შეეძლოთ. როცა მოწყობილობა დაიწრიპინებდა, მათ პასუხი უნდა გაეცათ შეკითხვებისთვის მათი იმჟამინდელი მდგომარეობის შესახებ. ამ კითხვებს, რომლებიც პერიოდულად ბრუნდებოდა, უნდა გამოევლინა, რამდენად კმაყოფილი იყო ცხოვრებით ცდის ესა თუ ის მონაწილე.

ხანგრძლივი გამოკვლევის მიზანი იყო ასევე იმის უზრუნველყოფა, რომ გამოკითხულთა განწყობის შესწავლა არ ყოფილიყო დამოკიდებული მხოლოდ სოციალური და ეკონომიკური თვალსაზრისით მოგებიან დროში შემოფარგლულ გარემოებებზე.

„ჩვენი შედეგები აჩვენებს, რომ თითქმის არა აქვს მნიშვნელობა, როდის დაიბადა ადამიანი,“ - ამბობს კარსტენსენი, - „ადამიანები ზოგადად უფრო ბედნიერები არიან, როცა ასაკში შედიან“. გამოკითხულთაგან უფრო ხანდაზმულები წლების მანძილზე სულ უფრო და უფრო ნაკლებად იტყობინებოდნენ ნეგატიური გრძნობების შესახებ. კარსტენსენისა და მისი კოლეგების აზრით, ასაკთან ერთად მატულობს იმის შეგნება, თუ რას წარმოადგენს ცხოვრება. ხნიერ ადამიანებს შეუძლიათ შეურიგდნენ საკუთარ შეცდომებს და მიღწეულით კმაყოფილი იყონ. ამის საპირისპიროდ, ახალგაზრდები კონფრონტირებული არიან ისეთ პრობლემებთან, როგორიცაა, მაგალითად, გამოცდების ჩაბარება ანდა წარუმატებლობები კარიერის დაგეგმვისას. ამის გამო ისინი უფრო ხშირად ექცევიან სტრესში და იმედგაცრუებული არიან.

„ყოველივე ეს ნიშნავს, რომ საზოგადოების დაბერებასთან ერთად ახალ რესურსს ვიღებთ“, - ასკვნის კარსტენსენი. - „თუკი ასაკში შესვლისას ადამიანები უფრო გაწონასწორებულები ხდებიან, შესაძლებელია, უფრო ხანდაზმული საზოგადოება უფრო ბრძენი და უფრო კეთილიც იყოს“.
  • 16x9 Image

    ბიძინა რამიშვილი

    ჟურნალისტი და რედაქტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის, მედიის ენისა და სტანდარტების საკითხებზე. რადიო თავისუფლების თანამშრომელია 1991 წლიდან.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG