Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი ეკონომიკურ კრიზისს დაძლეულად მიიჩნევს


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
გასულ კვირაში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მაროკოს მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური კი ჩინეთში იმყოფება. მათი ვიზიტების მთავარი მიზანი საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის პოპულარიზებით უფრო მეტი ინვესტიციების მოზიდვაა. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ბევრს საუბრობენ ქვეყანაში გატარებული რეფორმების შედეგებზე, რომლებმაც საქართველოს ეკონომიკური კრიზისის დაძლევის საშუალება მისცა.

ამ წელს ჩვენი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი არის 6 პროცენტი, მომავალ წელს ...
საქართველომ რომ, სირთულეების მიუხედავად, ეკონომიკური კრიზისი დასძლია, ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მაროკოს ეკონომიკურ ფორუმზე ყოფნისას ტელეკომპანია სი-ენ-ბი-სისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. საქართველოს პრეზიდენტმა ტელეარხის პირდაპირ ეთერში ისიც აღნიშნა, რომ კრიზისის დაძლევის შემდეგ საქართველოში ეკონომიკური ზრდა დაიწყო:

”ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორის მხრიდან სრულმასშტაბიანი ემბარგო გამოვიარეთ, ვაჭრობის თვალსაზრისით, სრულმასშტაბიანი ენერგო-ემბარგო - ელექტროენერგიის ექსპორტზე. ახლა კი ჩვენ მის არათუ იმპორტს, არამედ ექსპორტს ვახორციელებთ. ამ სრულმასშტაბიანმა ემბარგომ ჩვენი ეკონომიკა დივერსიფიცირებული გახადა. შემდეგ ჩვენ გამოვიარეთ კრიზისი და ზრდა მაინც გვაქვს. საქმე ისაა, რომ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემების მიხედვით, ამ წელს ჩვენი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი არის 6 პროცენტი, მომავალ წელს, ვიმედოვნებ, რომ ეს მაჩვენებელი 7-8 პროცენტამდე გაიზრდება, ხოლო შემდეგ ისევ დავუბრუნდებით ორნიშნა რიცხვს”.

პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას არ ეთანხმება რიგითი მოქალაქეების ერთი ნაწილი. ისინი ფიქრობენ, რომ კრიზისის დაძლევასა და ეკონომიკურ ზრდაზე საუბარი ნაადრევია, როდესაც პირველადი მოხმარების პროდუქტი დღითიდღე ძვირდება. არიან სხვა მოსაზრების მქონე მოქალაქენიც.

”როგორ დაძლია ეკონომიკური კრიზისი, დაძლია? როგორ არ არის კრიზისი, ყველაფერი გაძვირდა”.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი პირდაპირ ეუბნება ხელისუფლებას, რომ მას არ მოსწონს ”თავისუფლების აქტი”...
”ვფიქრობ, რომ დაძლია. ყველაფერზე აისახება, თუნდაც - ქალაქზე.”

საქართველო როგორც ეკონომიკური კრიზისის, ასევე ომის შედეგებს შედარებით უმტკივნეულოდ უცხოური ფინანსური დახმარების წყალობით გაუმკლავდა, თუმცა ამ სირთულეების დაძლევა კრიზისამდე არჩეული რეფორმების გზითაც შეიძლებოდა. ამ გზას უფრო მართებულად მიიჩნევს „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცე-პრეზიდენტი გია ჯანდიერი. რადიო თავისუფლების რუსულენოვანი გადაცემა ”ეხო კავკაზასთვის” მიცემულ ინტერვიუში ჯანდიერი აღნიშნავს, რომ დონორების მხრიდან წამოყენებული პირობები საქართველოს მთავრობას დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობებს უზღუდავს.

”მას შემდეგ, რაც ჩვენ ავიღეთ მხოლოდ ვალები, რა თქმა უნდა, მთავრობა უხდება ანგარიში გაუწიოს დონორებს. მაგალითად, საერთაშორისო სავალუტო ფონდი პირდაპირ ეუბნება ხელისუფლებას, რომ მას არ მოსწონს ”თავისუფლების აქტი”, იმიტომ რომ ის არ იძლევა გადასახადების აკრეფის გარანტიას. „თავისუფლების აქტში“ კი წერია, რომ მთავრობას არ შეუძლია ახალი გადასახადების დაწესება ან გადასახადების გაზრდა რეფერენდუმის გარეშე”.

გია ჯანდიერი, ისევე როგორც ლიბერალური ეკონომიკის მომხრე ექსპერტები, მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ეკონომიკური თავისუფლების აქტის მიღება არ უნდა გადაედო, რადგან ხელშესახებ შედეგებს მხოლოდ ეკონომიკური განვითარების საკუთარი კონცეფციისადმი ერთგულება მოიტანს.

ეკონომიკური თავისუფლების აქტისა და, მაგალითად, ევროკავშირის მოთხოვნების წინააღმდეგობრივი ხასიათის შესახებ საუბრობს ეკონომიკის ზომიერი რეგულირების მომხრე ექსპერტი დავით ნარმანია:

თუ ფულს დააბანდებ საქართველოში, აქ დაბალი გადასახადებია, მაგრამ აქ კარგად არ არის დაცული საკუთრების უფლება ...
”იმ მოთხოვნების გარკვეულ ნაწილში, რომელსაც ევროკავშირის საქართველოს უყენებს, წინააღმდეგობაც კი არის. ევროკავშირი ბაზარზე აბსოლუტურ ლიბერალურ პოლიტიკას არ უშვებს და არ ატარებს”.

სწორედ ამგვარი წინააღმდეგობები გახდა მიზეზი ეკონომიკური თავისუფლების აქტის და, შესაბამისად, აქტიდან გამომდინარე ცვლილებების გაურკვეველი ვადით გადადებისა.მაგრამ ეკონომისტების ნაწილი ფიქრობს, რომ ეს სულაც არ წაადგება საქართველოს ეკონომიკის სწრაფი ტემპით განვითარების სურვილის განხორციელებას. არადა, საქართველოში სწრაფი ეკონომიკური ზრდის გარეშე მოსახლეობისთვის ხელშესახები შედეგების მიღწევა ხანგრძლივი დროით გაჭიანურდება, - ფიქრობს ექსპერტი გია ჯანდიერი. იგი საქართველოს მთავრობას ურჩევს ისეთი ცვლილებები განახორციელოს, რომლებიც ინვესტიციების საგრძნობ ზრდას განაპირობებს:

”თუ ფულს დააბანდებ გერმანიაში, იქ მაღალი გადასახადებია. თუ ფულს დააბანდებ საქართველოში, აქ დაბალი გადასახადებია, მაგრამ აქ კარგად არ არის დაცული საკუთრების უფლება. თუ არის ასეთი არჩევანი, მაშინ ისინი ჩვენგან შორს წასვლას ამჯობინებენ”.

საქართველოს მთავრობას იმედი აქვს, რომ წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა შარშანდელს გადააჭარბებს, თუმცა როდის დაუბრუნდება ის ომამდელ და კრიზისამდელ ნიშნულს ჯერჯერობით არავინ იცის.
XS
SM
MD
LG