Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოძიება ქუმარიტაშვილის დაღუპვას ”გამოცდილების ნაკლებობას” აბრალებს


ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფოტო და სანთლები უისტლერში, კანადა 5 ოქტომბერი 2010.
ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფოტო და სანთლები უისტლერში, კანადა 5 ოქტომბერი 2010.
კანადაში ჩატარებული გამოძიების ანგარიშის თანახმად, ”გამოცდილების ნაკლებობამ” ითამაშა მნიშვნელოვანი როლი ქართველი მოციგავის ნოდარ ქუმარიტაშვილის დაღუპვაში. კანადის პროვინციის - ბრიტანეთის კოლუმბიის საგამოძიებო სამსახურის ანგარიშის მიხედვით, რომელიც ტრაგიკული შემთხვევიდან 235 დღის შემდეგ გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ ქუმარიტაშვილის გარდაცვალება უბედური შემთხვევის შედეგი იყო. ანგარიშის ავტორები თვლიან, რომ ფატალური შემთხვევის შემდგომი გამოძიება საჭირო არ არის, თუმცა, რეკომენდაციის სახით მიუთითებენ საციგაო ტრასის ”სრულყოფილი უსაფრთხოების აუდიტის” საჭიროებაზე.

ქართველი მოციგავის ნოდარ ქუმარიტაშვილის დაღუპვის გამო კანადაში ჩატარებული გამოძიების დასკვნას თბილისში არ ეთანხმებიან. ანგარიშში, რომელსაც ხელს გამომძიებელი ტომ პავლოვსკი აწერს, ნოდარ ქუმარიტაშვილის დაღუპვის ძირითად მიზეზად დასახელებულია სპორტსმენის შედარებით გამოუცდელობა, ტრაგედია კი, უბედურ შემთხვევადაა შეფასებული. საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა დღეს განაცხადა, რომ დასკვნა შეურაცხმყოფელია, რადგან ნოდარ ქუმარიტაშვილი საკმაოდ გამოცდილი სპორტსმენი იყო და შესაბამისი ლიცენზია ჰქონდა. მისი დაღუპვის მთავარ მიზეზად თბილისში კვლავ საციგაო ტრასის გაუმართაობას მიიჩნევენ. ვარძელაშვილის თქმით, თუ სპორტსმენის ოჯახი კანადური გამოძიების დასკვნის გასაჩივრებას გადაწყვეტს, მას სახელმწიფო დაეხმარება.
XS
SM
MD
LG