Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წარმომადგენლობითი სახალხო კრება ვადამდელ არჩევნებს ითხოვს


წარმომადგენლობითი სახალხო კრება თბილისის საკონცერტო დარბაზში
წარმომადგენლობითი სახალხო კრება თბილისის საკონცერტო დარბაზში
სახალხო წარმომადგენლობითმა კრებამ დღეს თბილისის საკონცერტო დარბაზში (ყოფილი ფილარმონია) თავის მხარდამჭერ საზოგადოებას, პოლიტიკოსებს და ექსპერტებს მოუყარა თავი. წარმომადგენლობითი სახალხო კრების მიზანი ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მიღწევაა. რა ითქვა და რა დეკლარაცია მიიღეს შეკრებაზე?

წარმომადგენლობითი სახალხო კრების საინიციატივო ჯგუფის მიერ ორგანიზებული შეხვედრა ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური პარტიის ”დემოკრატიული მოძრაობა- ერთიანი საქართველოს” მხარდაჭერით ჩატარდა. ხალხით სავსე დარბაზს სცენიდან ერთმანეთის მონაცვლეობით მიმართავდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები - მსახიობები, რეჟისორები, სპორტსმენები, ექსპერტები, რომლებიც საზოგადოებას ახსენებდნენ უკანასკნელ წლებში, მათი შეფასებით, საქართველოში მომხდარ ნეგატიურ ამბებს. მთავარი ადგილი 2008 წლის აგვისტოს ომს დაეთმო. ომის ამსახველი კადრების ჩვენებისას დარბაზში ერთი ადამიანი შეუძლოდაც გახდა. მეორე თემა იყო დევნილების გამოსახლება, რომელიც ამ ზაფხულს განხორციელდა. ამ და სხვა უამრავ ანალოგიური ხასიათის პროცესში დამნაშავედ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სახელდებოდა.

სახალხო კრების ერთ-ერთი ლიდერი, ნონა გაფრინდაშვილი, თავის გამოსვლაში შეეხო სასამართლო სისტემის, მედიის თავისუფლების, საკუთრების უფლების და მრავალ სხვა საკითხს და სიტყვის დასასრულს საზოგადოებას მოუწოდა დაიწყოს ბრძოლა სააკაშვილის რეჟიმის დემონტაჟისათვის:

”დღეს მე მოგმართავთ ყველას ერთ კითხვით : გინდათ ამ რეჟიმის მოცილება?”

(ტაში)

”მაშინ დავდგეთ ერთად და სახალხო წინააღმდეგობის გზით დავიწყოთ სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის დემონტაჟისთვის ბრძოლა. სადაც ერთობაა, იქ გამარჯვებაა! ძალა ხალხშია!”

იყო პოეტური გამოსვლებიც. კინორეჟისორმა რეზო ესაძემ ილიას ლექსი წარმოთქვა:
” მოვიკლათ წარსულ დროებზე დარდი,
ჩვენ უნდა ვსდიოთ ახლა სხვა ვარსკვლავს,
ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი,
ჩვენ უნდა მივსცეთ მომავალი ხალხს!”

წარმომადგენლობითი სახალხო კრების მიერ ორგანიზებულ თავყრილობაზე, რომელიც 3 საათს გაგრძელდა, თითქმის ყველა გამომსვლელის სიტყვაში ქვეყნის ხელისუფლება და მმართველობა შეფასებული იყო დამღუპველ რეჟიმად, ავტორიტარიზმად, დიქტატურად.

მსახიობი გია ბურჯანაძე
დასასრულს კი მსახიობმა გია ბურჯანაძემ შეკრებილ საზოგადოებას დეკლარაცია- რეზოლუციის ტექსტი წაუკითხა:

”სახალხო წარმომადგენლობითი კრების ინიციატორები და მხარდამჭერები საქართველოს მოსახლეობისა და მსოფლიო თანამეგობრობის წინაშე ვაცხადებთ, გამომდინარე იქიდან, რომ დღევანდელმა ავტორიტარულმა რეჟიმმა საქართველოს მოსახლეობას წაართვა უმთავრესი უფლება, იყოს საკუთარი ბედის განმკარგველი, წაართვა უფლება და საშუალება განვითარების, თვითგამოხატვის, მომავლის შენებისა და მსოფლიოში ღირსეული ადგილის დაკავების...“ აქედან გამომდინარე, მოგიწოდებთო, თქვა გია ბურჯანაძემ:

” ჩვენ, საქართველოს თითოეული მოქალაქე, დავდგეთ ერთად ქვეყნის გადასარჩენად გადამწყვეტ ბრძოლაში.თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარ თავზე ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენი შვილების მომავალზე, რათა აღვკვეთოთ ქვეყანაში გამეფებული უსამართლობა...”

ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა რეგიონებიდან იყვნენ ჩამოსული და კრებას ესწრებოდნენ, ამბობდნენ, რომ პოლიტიკოსებზე მეტად მსგავსი სახალხო აქტივობით მიღწეული ცვლილებების იმედი აქვთ და რომ ვადამდელი არჩევნების დანიშვნით და ახალი ხელისუფლების არჩევით შესაძლებელია თანასწორუფლებიანობის პრინციპზე დამყარებული კეთილდღეობის მიღწევა:

”ასე მგონია, სახალხო ყველას რაღაცას გვიშველის, ძალიან დიდ იმედებს ვამყარებთ ამ სახალხო კრებაზე... ცვლილება მოხდეს, სააკაშვილი წავიდეს და ხალხმა, ყველამ, ერთნაირად კარგად იცხოვროს. ”

შეხვედრას ესწრებოდნენ დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის წარმომადგენლებიც. ექსპერტ ირაკლი სესიაშვილს ამგვარი აქტივობით რეალური ცვლილებების მიღწევის მოლოდინი არა აქვს, მაგრამ მსგავსი შეკრება იმის დამადასტურებლად მიაჩნია, რომ ამ ადამიანებს არ ეშინიათ საკუთარი აზრის გამოხატვის და ეს უკვე კარგია.

” ჩემთვის მთავარია, რომ საზოგადოებამ საკუთარი ძალა წარმოაჩინოს და ხელისუფლებას და მთელ საზოგადოებას დაანახვოს, რომ ამ ძალას ჰქვია ხალხი.”

წარმომადგენლობითი სახალხო კრების უახლეს მიზნებში შედის 25 ნოემბერს კრების ჩატარება, რეგიონებში საინიციატივო კომიტეტების ჩამოყალიბება და პარალელურად პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციების წარმართვა.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG