Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა განსხვავებაა კომპაქტურად და კოტეჯებში მცხოვრებ დევნილებს შორის?


დევნილების დროებითი საცხოვრებელი, გორი
დევნილების დროებითი საცხოვრებელი, გორი
სექტემბრიდან გორის საბავშვო ბაღებში და სხვა ობიექტებში ჩასახლებულ დევნილებს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდა თავად მოუწევთ. “ენერგოპროჯორჯიას” წარმომადგენლებმა იძულებით გადაადგილებული პირები უკვე გააფრთხილეს, რომ სახელმწიფო მათ სუბსიდირებას აჩერებს და დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში დენს გაუთიშავენ.

გარდა ამისა, შენობებში თითო კომუნალური მრიცხველი დამონტაჟდება და დევნილი ოჯახები საერთო გადასახადს თანაბრად გაიყოფენ. საბავშვო ბაღებში ჩასახლებული დევნილები აცხადებენ, რომ მათი სოციალური მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება, რადგან საერთაშორისო ორგანიზაციებმა ჰუმანიტარული დახმარების დარიგება შეწყვიტეს, ამიტომ ყველა პროდუქტის შეძენა თავად უწევთ. სახელმწიფოს მიერ დანიშნული შემწეობა კი მარტო გადასახადებში არ ეყოფათ.

სახელმწიფოს მიერ კომპაქტური ჩასახლების ადგილებში მყოფი დევნილებისთვის კომუნალური გადასახადების გაუქმების შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტროს რეგიონულ სამმართველოში კომენტარს არ აკეთებენ.

“ენერგოპროჯორჯიას” რეგიონული ფილიალის მენეჯერი მიხეილ ასლანიშვილი აცხადებს, რომ საბავშვო ბაღებში და სკოლებში ჩასახლებულ დევნილთა დავალიანებას ივლისის ჩათვლით სახელმწიფო დაფარავს, შემდეგი თვეების გადასახადი კი თავად დევნილებმა უნდა გადაიხადონ.

კოტეჯებში მაცხოვრებელ დევნილებს სახელმწიფო ყოველთვიურად მოხმარებული 100 კილოვატსაათი ელექტროენერგიის გადასახადს უფარავს. რატომ უუქმებენ კომპაქტური ჩასახლების ადგილებში მაცხოვრებელ დევნილებს ელექტროენერგიის გადასახადს და რა განსხვავებაა, მათსა და კოტეჯებში ჩასახლებულებს შორის? - ამ კითხვაზე პასუხის მიღება სამინისტროდან შეუძლებელია. ამ დრომდე დროებითი კომპაქტური ჩასახლების ადგილებში ასობით დევნილი ოჯახი რჩება.
XS
SM
MD
LG