Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო-აზერბაიჯანის კონფედერაციამდე უელჩოდ?


აზერბაიჯანისა და საქართველოს პრეზიდენტები ილჰამ ალიევი (მარცხნივ) და მიხეილ სააკაშვილი 2007 წლის 21 ნოემბერს, თბილისში შეხვედრისას
აზერბაიჯანისა და საქართველოს პრეზიდენტები ილჰამ ალიევი (მარცხნივ) და მიხეილ სააკაშვილი 2007 წლის 21 ნოემბერს, თბილისში შეხვედრისას
მაშინ, როცა სულ უფრო მეტ აქტუალობას იძენს საქართველოსა და აზერბაიჯანის კონფედერაციის იდეა, ირკვევა, რომ საქართველოს საელჩოს დღემდე არ ჰყავს უფლებამოსილი ელჩი აზერბაიჯანში. მასობრივი საინფორმაციო საშუალებებისა და არაოფიციალური წყაროების ცნობით, ირაკლი ქავთარაძისათვის ე.წ. აგრემანის მიცემას აზერბაიჯანის ხელისუფლება გარკვეული მოსაზრებების გამო აჭიანურებს. საქართველოს ელჩის ირგვლივ არსებულ ასეთ ვითარებას საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიულ ურთიერთობასთან შეუთავსებელს უწოდებენ აზერბაიჯანელი ექსპერტებიც.

აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის ირგვლივ არსებულ გაუგებრობაზე ჯერ აზერბაიჯანულ მედიაში დაიწერა, შემდეგ კი ვრცელი სტატია 30 აგვისტოს გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნდა. „იმის გამო, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს ერთმანეთთან მეგობრული ურთიერთობა აქვთ, აგრემანის რამდენიმე თვით დაგვიანება გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ამ საკითხზე საუბარი არავის სურს, რაც ეჭვებს კიდევ უფრო მეტად ამძაფრებს,“- წერდა გაზეთი. ეჭვები კიდევ უფრო გაღრმავდა იმის შემდეგ, რაც ნაციონალურმა ტელეარხებმა ირაკლი ქავთარაძე, რომელიც, წესით, ბაქოში უნდა იყოს აპრილის თვიდან, პარტიულ თანამებრძოლებთან ერთად აჩვენეს საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის დროს. ირაკლი ქავთარაძე ამჟამად საქართველოში იმყოფება. რადიო თავისუფლებასთან საუბარში ის მხოლოდ მოკლე კომენტარით შემოიფარგლა:

„წყდება რაღაცა, გასარკვევი არის რაღაცა. ჯერჯერობით არ ვიცი არაფერი.“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქავთარაძე ელჩის მოვალეობას ოფიციალურად 5 თვეა ასრულებს. ბიოგრაფიის თანახმად, ირაკლი ქავთარაძე ორი მოწვევის პარლამენტის წევრია და ელჩად დანიშვნამდე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობას ასრულებდა. ამის მიუხედავად, აზერბაიჯანის ხელისუფლება საკმაოდ აჭიანურებს საქართველოს ელჩის უფლებამოსილების ცნობას. საგარეო უწყება ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს, თუმცა ელჩის ირგვლივ შექმნილი ვითარება ძალიან აინტერესებთ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში -განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირაკლი ქავთარაძის მიმართ არსებობს „გარკვეული შეკითხვები“, - უთხრა რადიო თავისუფლებას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ქრისტიან-დემოკრატმა ნიკა ლალიაშვილმა:

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, აგრემანი ჭიანურდება, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე ასე. შესაბამისად, ეს უწყებათა შორის გარკვეულ შიდა კოორდინაციასაც გულისხმობს, რომელიც, როგორც წესი, რაღაც ბიუროკრატიასთან არის დაკავშირებული. მაგრამ, გარდა ამისა, თუკი ეს გადაწყვეტილება მიღებულია, აგრემანი არ მისცეს და ჩვენ ეს ჯერ არ ვიცით, ჩვენ ვერასოდეს გავიგებთ, თუ რატომ? რადგან აგრემანის მიცემა-არმიცემის საკითხს წყვეტს არა საგარეო უწყება, არამედ კონტრდაზვერვა.“

მაგრამ რა შეკითხვები უნდა ჰქონდეს აზერბაიჯანის კონტრდაზვერვას ირაკლი ქავთარაძის მიმართ? ამის თაობაზე, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, გარკვეული ვარაუდები აქვთ ქართველ და აზერბაიჯანელ ექსპერტებს. ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ვიღაცამ აზერბაიჯანში შეგნებულად გაავრცელა მცდარი ინფორმაცია ელჩის წარმომავლობასთან დაკავშირებით:

„წარმოიშვა რაღაც გაუგებარი სიტუაცია ირაკლი ქავთარაძის წარმომავლობასთან დაკავშირებით. ვიღაცამ, ასე ვთქვათ, გაავრცელა ინფორმაცია, აბსოლუტურად არასწორი, რომ ქავთარაძეს აქვს სომხური ფესვები, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება.“

ამ ინფორმაციის აბსურდულობაზე საუბრობს ცნობილი აზერბაიჯანელი პოლიტოლოგი არასტუნ ორუჯლუ. აზერბაიჯანელი ექსპერტი, ერთი მხრივ, საკუთარ ხელისუფლებას აკრიტიკებს იმის გამო, რომ გაჭიანურდა აგრემანის მიცემა საქართველოს ელჩისათვის. მეორე მხრივ კი, ორუჯლუ გულისტკივილით ლაპარაკობს იმაზე, რომ საქართველოს საელჩო აზერბაიჯანში საკმაოდ პასიურია და მისი საქმიანობა ბოლო ხანს თითქმის აღარ ჩანს:

„ვიტყოდი, რომ საქართველოს საელჩოს აქტიურობა აზერბაიჯანში, სამწუხაროდ, არ შეესაბამება ურთიერთობის იმ დონეს, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დღეს არსებობს. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ორმხრივი ურთიერთობისა და პარტნიორობის საკითხები ლამის მხოლოდ სახელმწიფოს პირველი პირების დონეზე წყდება.“

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქავთარაძე ქვეყნის პრეზიდენტმა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად აზერბაიჯანში მიმდინარე წლის აპრილში დაამტკიცა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც მანამდე ელჩის უფლებამოსილებაზე საკუთარი ნებით თქვა უარი ივანე ნონიაშვილმა, რომელიც დანიშვნამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში მუშაობდა და არავითარი დიპლომატიური გამოცდილება არ ჰქონდა.

საქართველოს ოფიციალური ხელისუფლება, რომელიც ბევრს ლაპარაკობს აზერბაიჯანისა და საქართველოს კონფედერაციული ურთიერთობის შესახებ, საკუთარი ელჩის თაობაზე პრესაში გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებს და, როგორც კულუარებში ამბობენ, ცდილობს დიპლომატიური პრობლემა ზედმეტი ხმაურის გარეშე, დიპლომატიურად მოაგვაროს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG