Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

გაზრდილი ფასები ქუთაისში


საკვებ პროდუქტებზე უკვე გაზრდილი ფასები და მათი შესაძლო მომატება ქუთაისის ხალხმრავალ ადგილებში საუბრის საყოველთაო თემაა. ბაზარსა და ბაზრობაზე რომ არაფერი ვთქვათ, ქუჩაში, ტრანსპორტში, ბულვარში ყველაზე ხშირად გაიგონებთ შეკითხვას: ზეთი რა ღირს? - ეს პროდუქტი გახდა საკვებზე ფასების მატების ინდიკატორი.

ქუთაისელები ცდილობენ, თავიანთ ირგვლივ მომხდარ ყველა ცვლილებას იუმორით შეხვდნენ. ჩვენს კითხვაზე, როგორ აისახა ფასების ზრდა მათი ოჯახის ბიუჯეტზე, რესპონდენტთა დიდი ნაწილი საუბარს ტელეეკრანზე ნანახი სიუჟეტით იწყებს. ქვეყნის მეორე დედაქალაქად წოდებული ქალაქის მცხოვრებნი, პირველ რიგში, აღნიშნავენ, პრეზიდენტს ატყუებენო, და მიხეილ სააკაშვილის სატელევიზიო შოპინგს იხსენებენ. რესპონდენტებმა ტკბილ-მწარე ხუმრობის შემდეგ გვითხრეს:

„ დღევანდელი შემოსავალი საშუალო ფენისთვის მხოლოდ გადასახადებზე და საკვეზე თუა საკმარისი, მეტი არაფრისთვის. ყველაფრის ფასი მომატებულია. მაკარონი, შაქარი, კანფეტები, ტკბილეული, ზეთი - მომატებულია. მე ოჯახში 1 ლიტრი ზეთი ერთ კვირას არ მყოფნის. რა თქმა უნდა, ძვირია. ხახვი ამ დროს 30-40 თეთრი იყო და ახლა 1 ლარია, ყველი 3 ლარი იყო და 6-7 ლარია. თავისთავად გართულდა ცხოვრება და ხელფასიც ორმაგი გვინდა.“

ფასების ზრდით ერთნაირად უკმაყოფილოები არიან მყიდველებიც და გამყიდველებიც.მოკლე დროში პროდუქტზე ფასების რამდენჯერმე გაზრდა სავაჭრო ქსელში მომუშავე ნოქრებსაც უკვირთ.

„ფასების ასე სწრაფი ცვლა, რაც მე ვმუშაობ, არ ყოფილა. ძალიან მოიმატა ფასი ზეთმა, პურმა, რომელიც ზედიზედ ორჯერ გაძვირდა, ტომატებმა, წიწიბურამ, პურის ფქვილმა.“

მარკეტების, საცალო და საბითუმო ვაჭრობის ქსლის მეპატრონეები მოსახლეობის მყიდველობითი უნარის კლებაზეც საუბრობენ, რითაც მათ ბიზნესს საფრთხე შეექმნა.

„ხალხმა ძალიან ცუდად მიიღო და უკმაყოფილებას გამოთქვამენ, დაეტყო კიდეც ჩვენს შემოსავლებს.“

ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, რომელი პროდუქტია მოსახლეობისთვის პირველადი მოხმარების. პური, ზეთი, შაქარი, წიწიბურა, ბრინჯი და ბურღულეული გაყიდვის სიებში პირველ ადგილზეა. როგორც ქალაქის ერთ-ერთ დიდ მარკეტში გვითხრეს, ყველა ამ პროდუქტზე ფასი სხვადასხვა პროცენტით გაიზარდა.
ყველის, ხორცისა და ბოსტნეულის ფასიც, შარშანდელთან შედარებით, საგრძნობლადაა მომატებული. ქუთაისის ცენტრალურ მწვანე ბაზარში პროდუქტებზე ფასის ზრდას სხვადასხვა მიზეზით ხსნიან:

„შარშანდელთან შედარებით, ყველაფერი 40 პროცენტით მაინცაა გაძვირებული. პომიდორი უფრო იაფი იყო, ბადრიჯანი... ლობიო ახლა ღირს 2,5 ლარი და შარშან 50-80 თეთრი ღირდა. მყიდველიც მეტია, როცა იაფია პროდუქტი. ახლა ვერ ყიდულობს ხალხი.“

„ბუნებრივმა კატაკლიზმებმა ყველაფერზე იმოქმედა. პირველ რიგში, პური არის განმსაზღვრელი ყველაფრის ფასის. ხანძრებმა და გვალვებმაც იმოქმედა და გარკვეული შიშის ფაქტორიც არის. ყველა მეწარმე ინახავს, ალბათ, იმაზე მეტს, ვიდრე სჭირდება და, ნაწილობრივ, ამანაც გამოიწვია.“

ქუთაისელთა ნაწილს მიაჩნია, რომ ფასები ხელოვნურადაა გაზრდილი და ხელფასის მომატებასაც ითხოვს. გამოკითხულთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ სამომხმარებლო კალათის ღირებულება ორჯერ გაიზარდა და რომ არა საბანკო კრედიტები, არსებობა გაუჭირდებოდათ.
XS
SM
MD
LG