Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველი ებრაელები - ისტორია და კულტურა


თბილისში, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში, გაიხსნა გამოფენა, სახელწოდებით ”ქართველი ებრაელები - მათი ისტორია და კულტურა”, რომელიც 1 სექტემბერს დაიხურება. მთელი ზაფხულის განმავლობაში თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ქართველი ებრაელების ყოფის სურათებს და ჯერ კიდევ 30-იან წლებში ებრაელებით კომპაქტურად დასახლებულ რაიონებში შეგროვებულ ექსპონატებს.

ჯემალ აჯიაშვილი ამბობს, რომ ყველაზე რთული ”ფსალმუნების” თარგმნაა, რადგან ესაა ”სუფთა პოეზიის ” ნიმუში, რომელიც ჩვეულებრივ თხრობით ენას არ ექვემდებარება. მიუხედავად ამისა, ქართულ-ებრაული ურთიერთობის სპეციალისტმა, მთარგმნელმა, მაინც მიაგნო საერთოს ამ ორ ენას შორის და წარმოგვიდგინა ფსალმუნი ისე, თითქოს ქართულად ყოფილიყო დაწერილი. რა თქმა უნდა, ხიდი განსხვავებული კულტურის ხალხებს შორის ყველგან და ყოველთვის გაიდება, თუკი ხიდის მშენებელი კარგად იცნობს როგორც ერთ, ისე მეორე კულტურას. მაგრამ ქართული და ებრაული ურთიერთობები მაინც განსაკუთრებული შემთხვევაა და ამაში დარწმუნდებით, თუკი ქართველ ებრაელთა ისტორიის ამსახველ ექსპონატებს, ხელოვნების მუზეუმში წარმოდგენილ ფერწერულ და გრაფიკულ ტილოებს, საკულტო-რელიგიურ და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებს გაეცნობით.

ცნობილია, რომ 1933-1936 წლებში საქართველოში, ებრაელებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში, ეთნოგრაფიული ექსპედიციები მოეწყო. თანდათან შეგროვდა უამრავი ჩანახატი, ფოტო, ეროვნული კოსტიუმი, აქსესუარი, ამულეტი, ფოლკლორული მასალა, საკულტო-რელიგიური და სხვა ყოფითი ნივთები. ექსპედიციაში მონაწილეობის მისაღებად მიწვეული ქართველი მხატვრები ადგილზევე აკეთებდნენ ებრაელთა ტიპაჟებისა და მათი ცხოვრების ამსახველი დეტალების ესკიზებს და შემდეგ უკვე მუზეუმში ჩამოტანილი ნივთების საფუძველზე ქმნიდნენ ებრაული ყოფისა თუ რელიგიურ-რიტუალური შინაარსის სურათებს. ყველაფერ ამას იხილავთ გამოფენაზე, რომელიც იერუსალიმის ებრაელთა ინსტიტუტის სამეცნიერო კონფერენციისთვის მომზადდა.. საინტერესოა, რომ მასალის შეგროვება შეწყდა სტალინური ტერორის დაწყებისთანავე, როცა საბჭოთა კავშირში ნელ-ნელა დაიწყო ებრაელთა დევნა.. არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ საბჭოთა ეპოქაში ეს ექსპონატები არც მოგვიანებით გამოფინეს, რადგან ებრაული კულტურის პროპაგანდა აქ, როგორც წესი, ”სიონიზმად” ცხადდებოდა ხოლმე. სხვათა შორის, მნიშვნელოვანი როლი ებრაული კულტურის მარგინალიზაციაში საბჭოთა ათეიზმმაც შეასრულა.. ებრაული კულტურის ღრმად რელიგიური ხასიათი ხომ დიდი ხანია აღიარებულია.

ჯემალ აჯიაშვილმა ”ფსალმუნები” რამდენიმე წლის წინ ”კავკასიურ სახლში” მოწყობილ საღამოზე წაიკითხა. ებრაული კულტურის თავისუფალი პროპაგანდა ჩვენში, ფაქტობრივად, მხოლოდ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ გახდა შესაძლებელი. თუმცა ”ხელნაწერები არ იწვის”. საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და მცხეთის მუზეუმში ინახებოდა ებრაელთა ყოფის ამსახველი ექსპონატები, რომელთა ნახვა ახლა უკვე ყველას შეუძლია.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG